The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გვანცა ხარაიშვილი

გვანცა ხარაიშვილი
დაბადების თარიღი:1978  (46 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

გვანცა ხარაიშვილი დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, მრავალშვილიან ოჯახში. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ხშირად სტუმრობდა ოჩამჩირეს, სოფელ კოჩარას, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ.  

გვანცას მშობლები სკოლაში მუშაობდნენ, დედა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, მამა - მათემატიკას და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო.

ომი დაიწყების შემდეგ ხარაიშვილების ოჯახიც დევნილების დიდ არმიას შეუერთდა. სოხუმის დაცემის დროს გვანცა 15 წლის იყო. ცხოვრება თბილისში გააგრძელეს. მშობლებმა თბილისის 48-ე საშუალო სკოლაში დაიწყეს მუშაობა და მათმა ოთხმა შვილმაც ეს სკოლა დაამთავრა.

გვანცა ხარაიშვილმა 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში ადამიანის გენეტიკის განხრით. პარალელურად სხვადასხვა კლინიკაში  მუშაობდა.                                                                                                                                                                                                                     

ახალგაზრდა მედიკოსის პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების გამგე, ექიმი, პროფესორი ანა გოგელია იყო. სწორედ მისი და ექიმი-პათოლოგანატომის, პროფესორ გიორგი ბურკაძის ხელშეწყობით გახდა გვანცა ქართველი და ჩეხი მეცნიერების ერთობლივი პროექტის მონაწილე, ჩაირიცხა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტურაში.

ჩეხეთში მეუღლესთან ერთად 2007 წელს ჩავიდა. 2008 წლიდან კი უნივერსიტეტის თანამშრომლადაც მიიღეს. დისერტაცია თემაზე უჯრედგარე მატრიქსის ცილები და ეპითელური პლასტიურობა სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს პროგრესიაში 2011 წელს დაიცვა და იმავე წელს სრული განაკვეთით დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად მუშაობა. საექიმო მოღვაწეობისთვის კი საჭირო იყო ურთულესი, ოთხეტაპიანი სახელმწიფო აპრობაციის გამოცდის ჩეხურ ენაზე ჩაბარება. გვანცამ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ჩეხეთში საექიმო უვადო ლიცენზია მოიპოვა.

ამჟამად, გვანცა ხარაიშვილი არის ჩეხეთის რესპუბლიკის მორავიის რეგიონში ყველაზე დიდი, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ექიმი პათოლოგი.

მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს ბიოფსიურ, ციტოლოგიურ და აუტოფსიურ დიაგნოსტიკას და სტუდენტებისთვის პათოლოგიის სწავლებას ინგლისურ და ჩეხურ ენებზე. გარდა ამისა, ქართველი მეცნიერი ჩართულია კვლევით პროექტებში, სიმსივნის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, არის სამეცნიერო წიგნების ავტორი და თანაავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების მიწვეული რედაქტორი და რეიტინგული ჟურნალების მიმომხილველი.

ჩეხეთში ასწავლის ჩეხური და უცხოური სექტორის სტუდენტებს პათოლოგიას, ჰისტოლოგიასა და ემბრიოლოგიას, ხელმძღვანელობს სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. ამავე დროს, არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც მუშაობს სამეცნიერო და პედაგოგიურ პროექტებზე.

გვანცა ხარაიშვილი ჩეხეთში წასვლამდე დაოჯახდა. მისი მეუღლეა გიორგი მღებრიშვილი. ჩეხეთში ჩასვლიდან მალევე დაიბადა უფროსი შვილი – გიორგი, 2013 წელს კი – ნატალია.

წყარო:

1. https://brg.ge/ქართველი-მეცნიერის-წარმა/

2. https://speech.ge/meditsina/gvantsa-kharaishvili-eqimi-chekhethi/

3. https://www.doctrina.ge//მედიცინასა-და-სამედიცინო... გვანცა ხარაიშვილი/

4. ხარაიშვილი გვანცა. საქართველოსაც მალე ექნება ისეთი შესაძლებლობები, რომ ახალგაზრდები უცხოეთში აღარ წავიდნენ: ინტერვიუ/ ესაუბრა ლალი პაპასკირი // კვირის პალიტრა. თბილისი, 2022. 3-9 ოქტომბერი.N40 (1471). გვ. 19.

5. ხარაიშვილი გვანცა. „ჩემი სახელისა და გვარის გასწვრივ ყველგან წერია: „სოხუმი, საქართველო“/ ესაუბრა თამარ ციბალაშვილი// ავერსი: შემეცნებითი-გასართობი სამედიცინო ჟურნალი. თბილისი, 2022. N10(204). გვ. 62-63.

 


გააზიარე: