The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ ჭაბაშვილი

თამარ ჭაბაშვილი
დაბადების თარიღი:1978  (46 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

ვიზუალური ხელოვანი თამარ ჭაბაშვილი დაიბადა 1978 წელს საქართველოში. ამჟამად, მოღვაწეობს ამსტერდამსა და თბილისში. მისი სახელოვნებო პრაქტიკა მოიცავს ინდივიდუალურ და თანამშრომლობით პროექტებს.

იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2022 წელს კი მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი გერით რითფელდის სამხატვრო აკადემიაში, ამსტერდამში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს 1998 წლიდან.

თამარ ჭაბაშვილი არის 2003 წელს დაფუძნებული ხელოვანთა ინიციატივის - Public Space With A Roof (PSWAR) თანადამაარსებელი და წევრი.

2004 წლიდან PSWAR მუშაობს ფართომასშტაბიან პროექტებზე, არღვევს საზღვრებს იმ მრავალ როლს შორის, რომელთა შეთავსებაც დღეს ხელოვანებისგან მოითხოვება: ხელოვანი-აქტივისტი; ხელოვანი-მენეჯერი; ხელოვანი-კურატორი.

2007 წლამდე PSWAR -ი მუშაობდა, როგორც კვლევითი პროექტების სივრცე. მისი  პროექტები კვლევას ეფუძნება და თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესში არსებულ ძირითად შეკითხვებს პასუხობს.

2008 წლიდან PSWAR-ის პროექტები წარდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ვენის Frederick Kiesler Foundation - ავსტრიაში; Centre Pompidou-Metz - საფრანგეთში.

ქართველი ხელოვანის ინტერესების სფეროა პირადი ისტორიების, მეხსიერებისა და შეკითხვების ვიზუალურ და ხელშესახებ ნარატივებად გარდაქმნა; „გაჩუმებულისა“ და „საკუთარი ხმის“ საკითხები გენდერული პერსპექტივიდან. ის იყენებს ტრადიციულ არტეფაქტებსა და მეთოდებს (ხელოვნებიდან და რეწვიდან) და ცდილობს ისინი გარდაქმნას ისეთ ახალ ნარატივებად, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პოზიციებს, რომლებიც ჯგუფურ და პირად დონეზეა გაბატონებული.

თამუნა ჭაბაშვილის სახელოვნებო პრაქტიკა არქივებისა და ნაკვალევის საკითხებს უკავშირდება. ხშირად, მის პროექტებში ქსოვილი ქსელის ფუნქციას ასრულებს. ის ქსოვილს იყენებს იმისათვის, რომ პერსონალური პერსპექტივიდან აღნიშნოს გარკვეული მოვლენის ნაკვალევი, ის აქციოს დროებით პლატფორმად ან სივრცედ, რომელიც გადმოსცემს ადამიანის ისტორიას და ეწინააღმდეგება მის გაქრობას.
თამუნა ჭაბაშვილის პროექტებში არაერთხელ იხილავთ სხეულისა და სახლის თემების ურთიერთკავშირს. ხშირად, მის ნამუშევრებში სხეულის საშუალებით განისაზღვრება და ხელმეორედ იქმნება ისეთი მასალა, რაც უცხო თვალისთვის უხილავია, თუმცა, მეხსიერების ფორმით არსებობს და თითქოს, კანქვეშ შეიგრძნობა.

ნაშრომები: 2007 - თანაავტორი / PSWAR-ის პუბლიკაცია Beauty Unrealized- spider webs of personal universes seeking a form. გამომცემლობა: Roma Publications (ამსტერდამი, ნიდერლანდები).

2010 - თანაავტორი / PSWAR-ის პუბლიკაცია Passages Through (The Unfinished Monument). გამომცემლობა: Roma Publications (ამსტერდამი, ნიდერლანდები);

2011- ნაშრომი პუბლიკაციისთვის Erre, variations labyrinthiques, ნაწილი გამოფენისა Exhibition at Centre Pompidou-Metz-ში (საფრანგეთი);

2014 - თანაავტორი / საკუთარი სუფრა - გამოიცა დამოუკიდებლად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და ფონდ მონდრიანის ფინანსური მხარდაჭერით (თბილისი, საქართველო);

კვლევითი პროექტი „საკუთარი სუფრა“, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობას შეეხებოდა განხორციელდა ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკთან თანამშრომლობით.

გამოფენა დაფუძნებულია ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილ სიღრმისეულ ინტერვიუებზე და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ესენია: თამუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია, აგნეშკა დუდრაკის ხმოვანი და ვიდეო ინსტალაცია და სხვ.

2015 წელს ამ ნამუშევრის ნაწილი ნაჩვენები იქნა კიევის ბიენალეზე The School of Kiev და სტამბოლის მე-14 ბიენალეს პარალელურ პროგრამაზე Manifest Thought Form – A Route of Evanescence, გალერეაში Kuad (სტამბოლი).

2015 - ნაშრომი პუბლიკაციისთვის city [un]archived (ნაწილი პროექტისა Tbilisi In/Sights). გამომცემლობა: Onomatopee (აინდჰოვენი, ნიდერლანდები);

2016 წელს თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამართული გამოფენა, სახელწოდებით „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“, ყურადღებას ამახვილებდა იმ ქალთა „ყოველდღიურობის“ წარმოჩენაზე, ვინც სხვაგვარად შეუმჩნეველნი არიან.

2021 წელს თბილისში, გალერეა ართბითიში გაიმართა თამუნა ჭაბაშვილის სოლო  გამოფენა „გუდა-ნაბადი“. ასევე, შედგა დისკუსია აუდიტორიასა და ხელოვანს შორის, როგორც გამოფენის, ისე ზოგადად მისი შემოქმედების შესახებ.
გალერეაში გამოფენილი ახალი ნამუშევრები შეიქმნა ამსტერდამში, AGA LAB რეზიდენციაში ხელოვანის მუშაობის პერიოდში, მონდრიანის ფონდის (ნიდერლანდები) ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო:

1. https://www.geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/chabashvili-tamar.html

2. https://feminism-boell.org/ka/2016/07/22/tamar-chabashvili


გააზიარე: