The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარინა ზვიადაძე-ჰალერი

მარინა ზვიადაძე-ჰალერი
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

მეცო- სოპრანო მარინა ზვიადაძე-ჰალერი 1990-იან წლებში ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ბათუმი მის ქალაქად იქცა. ბათუმის ოპერაში დრამატული სოპრანოს პარტიებს ასრულებდა: ეთერი - „აბესალომ და ეთერიდან“, ლელა - „ლელადან“, აიდა - „აიდადან“, დეზდემონა - „ოტელოდან“ და სხვა. თეატრიდან წავიდა იმ პერიოდში, როცა ბათუმის ოპერის თეატრი გაუქმდა.

ამის შემდეგ გადაწყვიტა იქ წასულიყო, სადაც თავის პროფესიაში რეალიზებას შეძლებდა. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთ კონცერტზე საქართველოში, საფრანგეთის საელჩოში, გაიცნო ადამიანები, რომელთაც შესთავაზეს საშემსრულებლო ოსტატობის ასამაღლებელი კურსის გავლა პარიზის ალფრედ კორტოს სახელობის კონსერვატორიაში.

საფრანგეთში 2003 წელს ჩავიდა. 2003- 2005 წლებში სტაჟირება გაიარა კონსერვატორიაში და სრული კურსის დამთავრების შემდეგ აიღო დიპლომი, რომელშიც წერია : კონცერტისტი, პირველი პრემია ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და მოლოცვით (საფრანგეთში დიპლომს აქვს სამი ხარისხი - პირველი, მეორე, მესამე, რასაც შესაბამისი პრემიის მინიჭებით გამოხატავენ).

მარინა ზვიადაძემ საფრანგეთში ხმის რეგისტრიც შეიცვალა და დრამატული სოპრანოდან უფრო დაბალ რეგისტრზე გადავიდა, მეცო-სოპრანო გახდა.

მომღერალი 2005 წლიდან ეწევა აქტიურ საოპერო და საკონცერტო მოღვაწეობას საფრანგეთის სხვადასხვა თეატრების სცენებსა და ფესტივალებზე. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია: ამნერისი, კარმენი, ფენენა, სანტუცა, მეცოსოპრანოს პარტიები ჯ. ვერდის და ვ. ა.მოცარტის რექვიემში, პერგოლეზის და დვორჟაკის "Stabat Mater"-ში და სხვა.

2009 წლიდან დღემდე მარინა ზამბახიძე პარიზის ბასტილიის ოპერის თეატრის გუნდის მომღერალია. პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, დებიუტანტი ვოკალისტების წარმატებული მასწავლებელია.

პარიზის ნაციონალური ოპერა, დღესდღეობით, ორ საოპერო სახლს შეიცავს. ესაა პალე გარნიესა და ბასტილიის თეატრები. რეპერტუარი ისეა განაწილებული, რომ უფრო პატარა ოპერები, პალე გარნიეში იდგმება, ხოლო უფრო მასშტაბური, რომლებსაც სჭირდება დიდი სივრცე, დიდი გუნდი, მეტი სოლისტი, იდგმება ბასტილიის თეატრში. რეპერტუარი არის ძალიან მრავალფეროვანი, ბაროკოს ეპოქის ოპერებიდან დაწყებული (მე-17-18 სს.) თანამედროვეთი დამთავრებული.

პარიზის ოპერის გუნდი ითვლება სოლისტების გუნდად. წელიწადში ერთხელ გუნდის მომღერლებისთვის ბასტილიის თეატრში ეწყობა სპეციალური მოსმენა და ძალიან ხშირად სხვადასხვა როლზე აჰყავთ ხოლმე გუნდის მომღერლები. მარინა ზვიადაძე ასე დააკავეს ათამდე ოპერაში. მაგალითად, პუჩინის „და ანჟელიკაში“ თამარ ივერი მღეროდა მთავარ პარტიას, თავად კი მთავარი მონაზვნის როლს ასრულებდა. მერე იყო როლი „თავად იგორში“ და სხვა. გუნდში სიმღერის გარდა აქვს დამოუკიდებელი კონცერტებიც.

მარინა ზვიადაძე მუდმივად იღვწის შემოქმედებითი წინსვლისთვის. აინტერესებს სხვადასხვა სკოლა, მიმდინარეობა ვოკალურ პედაგოგიკაში. გერმანიაშიც გაემგზავრა იქაური სკოლის გასაცნობად. თანდათანობით დაეხვეწა ტექნიკა და ჩამოუყალიბდა საკუთარი სტილი.

2022 წლის ივლისში ქართველი მომღერალი მოწვეული იყო მშობლიურ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მასტერკლასების ჩასატარებლად.

წყარო:

http://gazetiajara.ge/2022/11/07/მარინა-ზვიადაძე-პარიზის/

 

 


გააზიარე: