The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ჩიჩუა

დავით ჩიჩუა
დაბადების თარიღი:1967  (57 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ქართველი მხატვარი დავით ჩიჩუა მრავალი წელია ჰოლანდიაში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება, არაერთხელ გამხდარა ინტერესის ობიექტი, როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიისთვის. ის ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, რელიგიურ მხატვრობას ასწავლის. ასევე, ჰოლანდიის ქალაქ ზევენბერგერში ხელმძღვანელობს ხატვის სკოლას, სადაც 50 მოსწავლე ჰყავს. ყველაზე პატარა 12 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 90 წლის.

დავით  ჩიჩუა დაიბადა 1967 წელს თბილისში. ბავშვობიდან ხატავდა. 6 წლის ასაკში მიიყვანეს სამხატვრო სკოლაში. ეს იყო 10-წლიანი სასწავლებელი, სადაც 6 წლის განმავლობაში ყველაფერს ასწავლიდნენ (ქანდაკებას, ფერწერას, ძერწვას). ამის შემდეგ კონკრეტული მიმართულება უნდა აგერჩია. დათომ ფერწერა აირჩია და გადავიდა თოიძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, სადაც სამი წლის განმავლობაში სწავლობდა იუველირების ფაკულტეტზე (1982-1985).

ამის შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სამრეწველო დიზაინის ფაკულტეტზე (1988-1993), მაგრამ ფერწერას მაინც ვერ უღალატა და  პარალელურად სულ ხატავდა.

1992-1995 წლებში მეგობართან ერთად ჰქონდა მონუმენტალური კერამიკის დიზაინის სახელოსნო.

1993 წელს მონაწილეობა მიიღო პირველ ფერწერულ გამოფენაში ანტალიაში (თურქეთი).

1995 წლიდან ცხოვრობს ჰოლანდიაში. მუშაობს ფერწერის მიმართულებით. მონაწილოებდა მრავალ გამოფენა- გაყიდვაში (2004 - Rotterdam - Ahoy; 2005 - Zevenbergen - Quatre Saisons; 2007 - ქარვასლა თბილისი).

2009 წლიდან  გახსნილი აქვს  საკუთარი ხატვის სკოლა - „დავიდ არტ“, პატარა ქალაქ ზევენბერხენში და ასწავლის რელიგიურ მხატვრობას ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში.

ყოველ წელს რამდენიმეჯერ აწყობს გამოფენებს და  ვორქშოპებს. გარდა ამისა, შეკვეთებზეც მუშაობს. განსაკუთრებით უყვარს პორტრეტების ხატვა, რადგან თვლის, რომ ადამიანის სახე და თვალები ყველაზე მეტყველი და მგრძნობიარეა. შეკვეთით დაუხატავს ცნობილი მხატვრების – ველასკესის, სალვადორ დალის ნამუშევართა ასლები. აკეთებს ანტიკვარული ავეჯის რესტავრაციასაც.

დავითს ხშირად უკვეთენ კედლის მოხატვას, რაშიც ძალიან დაოსტატდა. ჰოლანდიაში მოხატული აქვს  რესტორნები, კაფე-ბარები, სილამაზის სალონები და ასე შემდეგ. ეს მისთვის უფრო შემოსავლის წყაროა, კომერციული საქმიანობა. მაგრამ კედლის მხატვრობაში გაწაფვამ სასიხარულო შედეგი მოიტანა, მხატვარი მიიყვანა ხატების დაწერამდე და კედლებზე ფრესკების შესრულებამდე.

დავით ჩიჩუასთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მან მოხატა ეინდჰოვენის, წმიდა ნექტარიუსის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია. რასაკვირველია, წინასწარ გაიარა ხატწერის კურსები და პროფესიონალურად დაეუფლა მისი შესრულების წესებს.

2007 წელს საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ მოწვევით დავითი ჩამოსული იყო თბილისში. ჰქონდა გამოფენაც.

ამჟამად, ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Amsterdam), პროტესტანტულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე (Protestantse Theologische Universiteit (PthU) შექმნილია პროექტი (https://www.pthu.nl/scriptorium-collectief/) და სკრიპტორიუმის (Scriptorium) ჯგუფი, დამოუკიდებელი თანამშრომლობა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების მკვლევარების, ხელოსნებისა და კურატორების მიერ რელიგიური წიგნის, სახარების ძველი სტილით წარმოების, გამოყენებისა და კვლევის სფეროში. პროექტში ჩართულია დავით ჩიჩუაც, როგორც ხატმწერი.

წყარო:

1. https://ipress.ge/news/regionebi/irakli-qarseladze-stiqiis-zonashi-90-mde-mdzime-teqnika-8-dziritad-mdebareobashi-agrdzelebs-samushaoebs

2. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=381

3. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/chichua-davit.html


გააზიარე: