The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მამუკა ჯაფარიძე

მამუკა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მამუკა ჯაფარიძე დაიბადა 1962 წლის 22 აგვისტოს, თბილისში, მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძის ოჯახში.

დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (1980 წელს) და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება (1986 წელს). 

XX საუკუნის 80-იან წლებში იყო წევრი მხატვრების ჯგუფისა - „მეათე სართული“.

1987 წელს მარჯანიშვილის სახელოსნოს ხუთი მხატვარი, მათ შორის მამუკა ჯაფარიძე, სერგო ფარაჯანოვის მეგობრის ეკე მაასის მიწვევით აღმოსავლეთ ბერლინში გაემგზავრა. ეს იყო პირველი და ნამდვილი შეხება საოცნებო დასავლეთთან.

1987 წლიდან მუშაობს კონცეპტუალურ პროექტებზე.

2005 წლიდან იყო დიდი გალერეის არტ-დირექტორი. 

1980 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: პერსონალური - "რა არის რა" ("ქარვასლა", 1992), "როლექსი" ("ქარვასლა", 1993), "სარკეში" (ატლანტა, 2000), "კარი" (ბოტანიკური ბაღი და N-გალ.);

ჯგუფური - "თანამედროვე ხელოვნების ფორუმი" (ესტონეთი, 1987), "კედლის მხატვრობა" (ბერლინი, 1987), გალერეა "შავი და თეთრი" (ბუდაპეშტი, 1988), "აბსტინენცია" (ახალი გალ., 1994), ბიენალე (სომხეთი, 2001) და სხვ.;

1986-1992 წწ. იყო მონაწილე და ორგანიზატორი პროექტებისა: "De-music Group"; "შავი ბაზარი" (1991-1992); "აბრეშუმის გზა“ (ქართულ-ბრიტანული პროექტი, 1994); "ხელით" (ქართულ-ბრიტანული პროექტი, თბილისი, მირზაანი, 1998);

სემინარებისა: "Vita Nova" (მინსკი); "Я здесь шагал" (ბელარუსი, 1994), "რამზეს მზერა" (დიდი ბრიტანეთი), გალერეა "King Strit" (ბრისტოლი, 1995), "წვიმის დღიურები" (სეგ, 1995), "ხატი და შემეცნება" (1996), შანტინაკატანის უნივერსიტეტი (ინდოეთი, 1996), "Shave" (დიდი ბრიტანეთი), ვენეციის ბიენალე, საქართველოს პავილიონი (1999). 

1999 წელს ვენეციის 48-ებიენალეზე წარმოდგენილი იყო მისი ნამუშევარი „ARTRA“ . იმავე წელს მისი ვიდეოპროექციის – „Eye Trees“ ჩვენება მოეწყო ატლანტაში (აშშ).

არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე გამოიფინა საქართველოს ეროვნულ გალერეაში. მათ შორის: „Reframing the 80-s“( 2012 ) და „ Re:Museum“ (2014 ).

2016 წელს, ნიუ-იორკის გალერეა „ Art in General“-ში, მოეწყო გამოფენა „Beyond Credit,” სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, მამუკა ჯაფარიძის ინსტალაციაც იქნა დემონსტრირებული.

მამუკა ჯაფარიძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში.

მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნებისა და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეოპროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.

ბოლო წლებში მამუკა ჯაფარიძე ბიომეურნეობამ გაიტაცა. ის საცხოვრებლად თბილისიდან შინდისში გადავიდა და ველური ბუნებისგან ხელოვნებისა და ბიომეურნეობის სინთეზი შექმნა.

ხელოვანის შემოქმედება მჭიდროდ არის მორგებული ადგილის სპეციფიკის ფენომენთან. სოფელ შინდისში მას რეზიდენცია აქვს მოწყობილი და შემოქმედებითი თანამშრომლობისათვის ხშირად იწვევს არტისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ატარებს შეხვედრებს, მეცადინეობებს, სემინარებს. აქ საკუთარი ნამუშევრებისა და პიროვნების პრეზენტაციის სურვილს გარემო ფაქტორების ასახვა ცვლის. ხელოვანები ცდილობენ, რომ ადამიანის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში ბუნების მისტიკური ჩარევის კვალი ყველასათვის თვალსაჩინო გახადონ. 

2021 წლის 29 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით გალერეა Artbeat-მა წარადგინა  ამერიკელი არტისტის ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის გამოფენა. ხელოვანთა კოლაბორაცია სოფლის გარემოსთან ინტერაქციისას ჩამოყალიბდა.

2021 წელს გამოიცა ედიშერ ბერაძის და სხვა ავტორების წიგნი "მამუკა ჯაფარიძე ის". მასში თავმოყრილი მასალები მხატვრისა და ფოტოგრაფის შემოქმედებას განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს. მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა ფართო ჭრილში აღიქვას ხელოვანის შემოქმედებითი გზა და მისი ხედვები.

წყარო:

1. https://art.gov.ge/ge/portfolio/ჯაფარიძე-მამუკა/

2. ვინ ვინ არის საქართველოშიქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.615თანამედროვე ხელოვნების გალერეა Project ArtBeat: projectartbeat.com 

3. https://hammockmagazine.ge/articles/1723/artbeat

4. ბერაძე ედიშერ. მამუკა ჯაფარიძე ის - თბილისი = Mamuka Japharidze iz Tbilisi /ავტორები: ედიშერ ბერაძე, გოგა დადუნაშვილი, დათო კოროშინაძე [და სხვა]. -თბილისი, 2021

5. ჯაფარიძე მამუკა. ბუნება როგორც ARTობიექტი : ინტერვიუ /ესაუბრა ქეთი დარჩია // ბომონდი.= თბილისი. 2021. აგვისტო. N7. გვ.82-86.

 


გააზიარე: