The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბიჭიკო ვარშანიძე

ბიჭიკო ვარშანიძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1942
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 2018  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბიჭიკო მემედის ძე ვარშანიძე დაიბადა 1942 წლის 15 მარტს, ქალაქ ბათუმში. დაამთავრა ქალაქის 1 საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში, რომელიც 1965 წელს დაასრულა და განაწილებით ნოვოროსიისკის სანაოსნოში მოხვდა.

მეზღვაურული ნათლობა მიიღო რიგით მატროსად ტანკერებზე -„Лиск“-სა და «Ленкоран»-ზე, აქვე გახდა იგი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე.
1971 წელს, უკვე გამოცდილმა შორეული ნაოსნობის შტურმანმა, კაპიტნის მეორე თანაშემწედ გააგრძელა საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, ტანკერზე - „Кутаиси". სულ მალე იგი ამავე გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა.
1973 წელს ბიჭიკო ვარშანიძემ პოლონეთში, შჩეცინის გემთსაშენში კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში ჩაიბარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი ბალკერი - „Генерал Леселидзе».
ზღვაში საქმიანობის პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი.

1976 წელს იგი შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა და ერთხანს მადანმზიდ „Художник Габашвили“ -ს ეკიპაჟს მეთაურობდა.

1977 წელს ბულგარეთში, ვარნის გემთსაშენში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ახალაგებული ბალკერი - «Художник А. Герасимов»-ი, რომლის კაპიტანი გახლდათ 1981 წლამდე .
1981 წლიდან გამოცდილი ზღვაოსანი სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა განაგრძო  საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, ჯერ კაპიტან-დამრიგებლად, 1982 წლიდან კი სანაოსნოს უფროსის პირველ მოადგილედ ფლოტისა და ნავსადგურების ექსპლუატაციის დარგში.

ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ურთულეს ეტაპზე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში, 1993-1999 წწ. იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი.

გარდაიცვალა 2018 წლის 18 ოქტომბერს. დაკრძალულია ბათუმში, განთიადის სასაფლაოზე.

ბიჭიკო ვარშანიძის შესახებ კინორეჟისორმა პაატა ტაბაღუამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი: „მისი ცხოვრების გზა - ბიჭიკო ვარშანიძე“.

წყარო: 

1. https://www.facebook.com/P.TABAGUA/photos/1810707539042815 

2. ვარშანიძე ბიჭიკო. ზღვის შვილი : [საუბარი ბიჭიკო ვარშანიძესთან. პირადი ცხოვრება მოღვაწეობა] /  ჩაიწერა ნინო ბასილიამ // იმიჯი. - , 1997. - N3-4. - გვ.62-63

 


გააზიარე: