The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანასტასია ორბელიანი-გაგარინა

ანასტასია ორბელიანი-გაგარინა
სხვა სახელი:ტასო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1825
გარდაცვ. თარიღი:1907  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ანასტასია (ტასო) ორბელიანი გახლდათ მანანა მირმანოზის ასულ ქსნის ერისთავისა (1807-1870) და დავით ივანეს ძე ორბელიანის (1801-1830) ასული.

მანანა ორბელიანი თავისი დროის ცნობილი ბანოვანი იყო. მას თბილისში ჰქონდა სახელგანთქმული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი მწერლები, საზოგადო და ხელოვნების მოღვაწეები; ხშირი სტუმრები იყვნენ თბილისში ჩამოსული უცხოელები; სალონში ქართულ ხალხურ მუსიკასთან, სიმღერებთან, საცეკვაოებთან ერთად სრულდებოდა ევროპული მუსიკის ნიმუშები.

დავით ორბელიანი სამხედრო იყო და 1830 წელს დაიღუპა. მანანა ორბელიანი სრულიად ახალგაზრდა, 22 წლისა დაქვრივდა და სამი ობოლი დარჩა –  ივანე, ტასო და ალექსანდრე. მანანა ორბელიანს ოჯახი მეორედ აღარ შეუქმნია.

ანასტასია ორბელიანი 1825 წლის 13 ივლისს დაიბადა. გარეგნობით დედასავით ლამაზი იყო, ამასთან ძალიან გონიერი, მხიარული და გულღია ადამიანიც გახლდათ.

1853 წელს ტასო ცოლად გაჰყვა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს (1845 წლიდან), ქვრივ თავადს ალექსანდრე ივანეს ძე გაგარინს (1801-1857). ამ დროს ანასტასია 28 წლის იყო, ხოლო თავადი გაგარინი — თითქმის 25 წლით უფროსი, თუმცა მათ სიყვარულზე იმ დროის არისტოკრატიულ წრეებში ლეგენდები დადიოდა.

წყვილის ბედნიერი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის უკანასკნელმა მთავარმა - კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა.

დაქვრივებულმა ანასტასიამ საქართველო დატოვა და ყირიმში, ქმრის მამულში გადასახლდა.

ანასტასიას საკუთარი შვილი არ ჰყავდა და სხვისი ბავშვების გასახარებლად არაფერს იშურებდა. ყველა გაჭირვებულს უმარათავდა ხელს. მთელი ცხოვრება ეხმარებოდა უპოვართ — ზოგს ფულით, ზოგს სურსათით და ზოგს სამსახურის გამოძებნით.

თავადის ქალმა თავის მამულში პატარა, კომფორტული საავადმყოფოც ააშენა, რომლის მედპერსონალს თავად ინახავდა და არასდროს ეუბნებოდა უარს მკურნალობაზე ახლომდებარე სოფლის მცხოვრებლებს. ამიტომაც დაიმსახურა მათგან დიდი სიყვარული და პატივისცემა.

ანასტასია და თავადი გაგარინი ოცნებობდნენ, რომ ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, პლაკას კონცხზე ციხე-სიმაგრე აეგოთ. მართალია, ალექსანდრეს სიკვდილმა ხელი შეუშალა ამ სურვილის აღსრულებას, მაგრამ თავადის ქვრივმა მაინც შეძლო გარდაცვლილი მეუღლის ოცნების განხორციელება — ნიშნად მათი მარადიული სიყვარულისა.

ანასტასიამ დიდი დაგვიანებით, სიბერეში შესულმა, 1902 წელსღა წამოიწყო საოცნებო კოშკის მშენებლობა, რომელსაც იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილი არქიტექტორი ნიკოლაი კრასნოვი უძღვებოდა. თითქოს სიკვდილის მოახლოებას გრძნობდაო, ანასტასია გამუდმებით აჩქარებდა არქიტექტორს.

მშენებლობა 1907 წელს დასრულდა — კონცხის თავზე თეთრი მარმარილოთი და ვენეციური ბროლის ჭაღებით გაწყობილი სამსართულიანი ულამაზესი ციხე-სიმაგრე - „ყირიმის მარგალიტი“ აღიმართა...

შუა საუკუნეების გოთური სტილის ნაგებობა მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა.

ანასტასია ორბელიანი-გაგარინისა 1907 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ყირიმშივე კარის ეკლესიის გვერდით. იქვე მარხია მისი ბიძაშვილი, იაკობ (კონა) ერისთავის ასული ელენე თარხან-მოურავი (1852-1922), რომელიც მან იშვილა.

ალექსანდრე და ანასტასია გაგარინების ქონება გაგარინის ნათესავებს დარჩათ. მერე კი, 1918 წელს, საჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მამულიცა და სასახლეც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

1927 წელს ყირიმში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სასახლე იმდენად მყარად იყო აგებული, რომ არათუ არ დანგრეულა, ბზარიც არ გასჩენია. კომუნისტებმა ორბელიანის სასახლე სანატორიუმად გადააკეთეს, ახლა კი იქ სასტუმროა განთავსებული.

ადგილობრივებს ანასტასია ორბელიანის ამაგი არ დავიწყებიათ. ამჟამად სოფელ უტესში, სადაც ეს სასახლე დგას, ორად-ორი ქუჩაა, რომელთაგან ერთი პრინცესა გაგარინას სახელობისაა.

ანასტასიას გარდაცვალებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, 2007 წელს ქართველი თავადის ქალის მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ უკრაინელმა არქიტექტორმა ვიქტორ გორდეევმა სასახლის წინ ბრინჯაოს ქანდაკება დადგა, რომელსაც  „სიყვარულის ხსოვნა“ დაარქვა.

წყარო: 

1. https://sputnik-georgia.com/20220325/anastasia-orbelianis-maradiuli-siyvaruli-265496020.html 

2. შარვაშიძე ბაბო. მემუარები / ინგლისურიდან თარგმნა, კომენტარები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ. - თბილისი, 2019. გვ. 30-32

 


გააზიარე: