The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რაფიელ დანიბეგაშვილი

დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:1827  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

რაფიელ დანიბეგაშვილმა წარუშლელი და განსაკუთრებული კვალი დატოვა მოგზაურობის ისტორიაში. მან XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში, 28 წლის განმავლობაში ხუთჯერ იმოგზაურა აზიის ქვეყნებში, გაიარა დაახლოებით 70 ათასი კილომეტრი, აღწერა ინდოეთი და ბირმა, გადაკვეთა ყარა-ყორუმის მაღალი მუდმივთოვლიანი მთაგრეხილი, მოინახულა რამდენიმე სახელმწიფო და იმოგზაურა ფათერაკებით აღსავსე ოკეანეში.

დანიბეგაშვილის მოგზაურობის მარშრუტი და ხანგრძლივობა ბევრად აღმატება სხვა  ქართველი მოგზაურების მარშრუტებს. ამიტომაცაა იგი შეყვანილი მსოფლიოს გამოჩენილ მოგზაურთა სიაში.

რაფიელ დანიბეგაშვილი ტრადიციულ  ვაჭარ-მოგზაურთა წრიდან იყო. მისი გვარის წარმომადგენელებს, თბილისში ჩამოსული იტალიელი მისიონერების მეშვეობით, XVII საუკუნიდან უკვე კათოლიკობა ჰქონდათ მიღებული.

დანიბეგაშვილების რამდენიმე თაობა ინდოეთთან ვაჭრობით იყო დაკავებული და ასრულებდა ქართველ მეფეთა დიპლომატიურ დავალებებს.

რაფიელ დანიბეგაშვილი დაბადებულა 1770 წელს, თბილისში. მისი პაპა (რაფიელი) ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს ემსახურებოდა, მამა (იოსები) ერეკლე II-ის საიდუმლო დიპლომატიურ მისიას ასრულებდა ინდოეთში (მადრასში) მცხოვრებ სომეხ ვაჭარ შაამირიანთან. ერეკლე II-მ მას დიდი დამსახურებისათვის აზნაურის წოდება და სახელმწიფო ჯამაგირი უბოძა, რაც მემკვიდრეობით გადავიდა (1799) ვაჟიშვილზე. რაფიელს ჰქონდა მამული ლურჯ მონასტერთან, ვერეზე.

პირველად რაფიელ დანიბეგაშვილმა 17–18 წლის ასაკში იმოგზაურა ინდოეთში მამასთან ერთად. ამის შემდეგ მომავალმა მოგზაურმა შეისწავლა თურქული, სომხური და სხვა ენები და დამოუკიდებლად შეუდგა მოგზაურობას.

რაფიელ დანიბეგაშვილმა სულ ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში. პირველი ორი მოგზაურობა ხანმოკლე და ძირითადად დიპლომატიური მისიის იყო (1795-96, 1797-98).

სამაგიეროდ, საკმაოდ ხანგრძლივი ყოფილა და დეტალურად აუწერია მესამე მოგზაურობა. იგი 1799 წლის მიწურულს დაუწყია და 15 წელი გაგრძელებულა. ამ მოგზაურობისას ის ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობდა ინდოეთში, რამაც საშუალება მისცა დაკვირვებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო მათი საქმიანობა, ტრადიციები და ყოფა-ცხოვრების წესები.

რაფიელმა მესამე მოგზაურობა დაწვრილებით აღწერა და რუსულად თარგმნა 1815 წელს.

რუსეთში ძალზე დაინტერესებულან ამ მოგზაურობით და 1815 წელს წიგნად გამოუციათ სათაურით: „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова“ (ქართული დედანი დაკარგულია).

დიდხანს უცნობი იყო რაფიელ დანიბეგაშვილის სხვა მოგზაურობა, მაგრამ XX საუკუნის 60-იან წლებში ორენბურგისა და ომსკის არქივებში აღმოჩენილი საბუთების მიხედვით გაირკვა, რომ მან კიდევ ორჯერ იმოგზაურა მოსკოვიდან ინდოეთში.

მეოთხე და მეხუთე მოგზაურობა, ისტორიული საბუთებით, თითქმის მთლიანად არის ცნობილი. თითოეული გამგზავრების მიზანი სხვადასხვა ყოფილა, რაც გამოხატულია, როგორც საკუთარ ინტერესებში (ვაჭრობა), ისე დიპლომატიური პირობებითაც.

თუ რაფიელ დანიბეგაშვილის პირველი ორი მოგზაურობა უპირველესად ერეკლე მეფის მიერ ინდოეთში დიპლომატიურ ინტერესებს ექვემდებარებოდა, შემდეგი მოგზაურობებით იგი იმ დროის რუსეთს უწევდა სამსახურს. 

ბოლო ორი მოგზაურობის შთაბეჭდილების ბევრი ადგილი ძალზე მოგვაგონებს სამხედრო-სტრატეგიულ აღწერას, რასაც ცხადია, გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა იმდროინდელი რუსეთის მმართველი წრეებისათვის. მეოთხე მოგზაურობის დროს მას განსაკუთრებული დავალებაც ჰქონია, რუსეთის მოსაზღვრე მოხეტიალე ტომები რუსეთის ქვეშევრდომი გაეხადა. რაფიელმა ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ საზღვრისპირა ყაზახი ტომები გადმოებირებინა რუსეთისაკენ. ერთგულების ფიცის ტექსტი, ყაზახი მეთაურისაგან დადებული, რაფიელმა თან წაიღო და რუსეთის ხელისუფალთ ჩააბარა, რასაც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობის შთაბეჭდილებები გამოიცა ექვსჯერ (სამჯერ თბილისში და სამჯერ მოსკოვში), რაც თავისთავად მეტყველებს ქართველი მოგზაურის დამსახურებაზე გეოგრაფიული მეცნიერების წინაშე. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსკოვში, გამომცემლობა "პროგრესის" მიერ 1969 წელს სამ ენაზე (რუსულ, ჰინდის და ინგლისურ ენებზე) დაბეჭდილი რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა.

წყარო:

1. ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.102-104 

2. https://ka.wikipedia.org/wiki//რაფიელ_დანიბეგაშვილი

3. მარუაშვილი ლ. ქართველი მოგზაური რაფიელ დანიბეგაშვილი და მისი ცნობები ინდოეთის, ბირმისა და ჩინეთის შესახებ. - თბ., 1956

4. ხარაძე კობა. ოცდათორმეტი წელი აზიის ქვეყნებში = Thirty-two years in the Countries of Asia : რაფიელ დანიბეგაშვილის უჩვეულო მოგზაურობანი (1795-1827 წწ.). - თბ., 2008


გააზიარე: