The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:13 ოქტომბერი, 2019  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი მიხეილ გერმანეს ძე კობახიძე დაიბადა 1939 წლის 5 აპრილს თბილისში.

1959-1965 წლებში სწავლობდა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ВГИК-ში) სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტებზე (სერგეი გერასიმოვისა და თამარა მაკაროვას სახელოსნო).

ფილმების გადაღება მეორე კურსიდან დაიწყო. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962). 

მიხეილ კობახიძის მიერ გადაღებული პირველი სადიპლომო ფილმი იყო „რვანახევარი“, რომელიც საბჭოურმა ცენზურამ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნია და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურა. 

1964 წელს გადაღებულმა მეორე სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი"). 

1967 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ქოლგა",  რომელმაც 1967 წელს მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 

1969 წელს რეჟისორმა გადაიღო თავისი ბოლო ფილმი სამშობლოში, 14 წთ-იანი ფილმი "მუსიკოსები", რომლის გამოც მას საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო.

საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც იგი ქადაგებდა – ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 

საერთო ჯამში, როგორც რეჟისორმა საქართველოში სულ გადაიღო ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ის თავად არის ამ ფილმების სცენარისტი და კომპოზიტორიც.

მიხეილ კობახიძემ, როგორც ახალი ლირიკული გმირის აღმომჩენმა, დიდი გავლენა მოახდინა ქართულ კინოაზროვნებაზე, გაუხსნა რა ახალი ჰორიზონტები ბევრ თავის თანამედროვე და მომდევნო თაობის რეჟისორთა შემოქმედებას. მისი დიდი წვლილი არის ისიც, რომ დასაბამი მისცა ლაკონიურ კინოაზროვნებას და მოგვიანებით ფართოდ აღიარებული „ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის“ საუკეთესო ტრადიციებს.

ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, რე­ჟი­სორ­მა დაწერა სცენარები ანიმაციური ფილმებისათვის: "ჩი­ბუ­ხი" (1975), "ზღვა­ზე" (1976), „ცნობისმოყვარე"მ(1972), „ორი ნოველა. ოპტიმისტი" (1972), „გამოქვაბულში" (1975), „ბოლო წვეთი"(1977), „საიდუმლო" (1980), „მოსავალი" (1988), „მწვანე ტოტი" (1988) და „წმინდა მელა" (2002).

მიხეილ კობახიძე მსახიობის ამპლუაშიც მონაწილეობდა სხვადასხვა რეჟისორთან მხატვრულ ფილმებში.

1990 წელს მიანიჭეს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1996 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში. ამავე წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა.

33 წლიანი პაუზის შემდეგ, კინოსფეროში მოღვაწეობა საფრანგეთში განაახლა. 2002 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გზაზე". 

2009 წლის 5 აპრილს, კინორეჟისორს 70 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, პარიზში, კონოთეატრ Action Cristine-ში, მოეწყო მიხეილ კობახიძის ექვსივე ფილმის ჩვენება.

რეჟისორის ფილმების ჩვენება მოხდა თბილისშიც, 2010 წლის 10 ნოემბერს.

2019 წელს მიხეილ კობახიძეს ფილმიც მიუძღვნეს, სახელწოდებით „დაკარგული რვანახევარი“. ფილმის ავტორები არიან ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი. 

კინორეჟისორი სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. გარდაიცვალა საფრანგეთში, 2019 წლის 13 ოქტომბერს.

მიხეილ კობახიძე იყო მსახიობ გეგა კობახიძის მამა, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის მონაწილის, რომელიც 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების გამო ექვს მეგობართან ერთად დააკავეს და მაშინდელი კანონმდებლობთ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯეს.

წყარო:

1.https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_კობახიძე 

2. კუჭუხიძე ირინა. რეალური და ირეალურის მიჯნაზე : (მიხეილ კობახიძე) // წიგნში: ეკრანი და დრო / ი. კუჭუხიძე. - თბ., 2009. - გვ.56-62

3. კვესელავა რეზო. ქართული ფილმის მეტეორი // წიგნში: მოგონებები ქართველ კინომატეგრაფისტებზე / რეზო კვესელავა. - თბილისი, 2008. -  გვ.227-233


გააზიარე: