The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ გოგრიჭიანი

მიხეილ გოგრიჭიანი
დაბადების თარიღი:1967
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1923  (-44 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მიხეილ (მიშა) გოგრიჭიანი დაიბადა 1967 წელს, საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, მისი ფერწერული ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში და დამთვალიერებელს თავი დაამახსოვრა მინიმალისტური, ნაივური ხელწერით.

1990-იანი წლების ბოლოს ხელოვანი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეუზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების რამდენიმე სერია.

ამერიკაში შესრულებული ნახატებიდან, აღსანიშნავია ცნობილი შავკანიანების სერია (2003-2005), რომელიც მიშა გოგრიჭიანის ხელოვნების მოყვარულებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულად საყვარელ სერიათა რიცხვს მიეკუთვნება. რატომ მაინცდამაინც შავკანიანები? ლუიზიანას შტატში ცხოვრებისას მხატვარი ნათლად ხედავდა და იხიბლებოდა შავკანიანების უშუალობითა და თავისუფლებით, მათი ჩაცმის სტილითა თუ ლაპარაკის მანერით. მისთვის ასევე საინტერესო გამოცდილებად ჩაითვალა მისი ნამუშევრების გამოფენა ადგილობრივ ტაძარში – Unitarian Church.

ლუიზიანას შემდეგ, 2011 წელს, მიშა გოგრიჭიანი ხელახლა მიდის ამერიკაში, ამჯერად  სამხრეთ კაროლინაში. აქაც ჩვეული შემართებით იხატავს ყველაფერს – ხალხს, ბაღებს, სახლებს. აგროვებს ნაყიდი პროდუქტების ჩეკებს, შემდეგ კი ამ ყველაფერს ერთ ალბომად შეკრავს ამერიკული დღიურების მოსაგონებლად.

მხატვრისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამერიკული ცხოვრების რიტმი, დროისა და შრომის ფასი, რომელიც უცხო ქვეყანაში ყველასთვის საერთო იყო. ის ინტერესით აკვირდებოდა ადგილობრივ სახელოვნებო სცენას და აღფრთოვანებული იყო იმით, თუ როგორი ყურადღება ეთმობოდა ამერიკაში სახელოვნებო სფეროს, სწორედ ამ მოტივით მან შექმნა სერია, სახელწოდებით „იკითხეთ არტის შესახებ“ (2011), სადაც ადამიანები გამუდმებით კითხულობენ სახელოვნებო ჟურნალებს. გოგრიჭიანის აღნიშნულ სერიაში თითქოს ყველაფერი ხელოვნებაში ეფლობა და მისითაა გარემოცული, პერსონაჟების სხეული, თმებიც კი ხელოვნების წარწერებითაა დაფარული, ეს ერთგვარად დანაკლისის შევსებას ჰგავს, საქართველოში დეფიციტური სახელოვნებო სივრცის პარალელურად.

საქართველოში დაბრუნებული მიშა გოგრიჭიანი თანამშრომლობდა „დედიკას გალერეასთან“, სადაც მისი ნამუშევრები ხშირად იყო გამოფენილი. 2010 წელს გაიხსნა მისი პირველი გამოფენა - „მამაჩემის მონადირე ძაღლები“. ამას მოჰყვა გამოფენები: „ალპინისტის დღიური“ (2013), „სცადეთ კიდევ ერთხელ“ (2014), „პროცენტები“ - არტისტერიუმის ფარგლებში (2015), „მხატვრის სახლი“ (2016), „კლასი/ბედნიერი ბავშვობა“ (2017 ), „თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა“ (2018).

2019-2020 წლებში მიშა გოგრიჭიანი მონაწილეობდა „დედიკას გალერეაში“ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში სახელწოდებით „პერ ასპერა“ და „მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი“, სადაც წარმოდგენილი იყო იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქართული ვიზუალური ხელოვნების აქტიური მონაწილეები არიან. 

გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურ თუ სოლო გამოფენებში, ხელოვნების ბაზრობებსა და სახელოვნებო ფესტივალებში.

2021 წლის აპრილში „დედიკას გალერეაში“ ჩატარდა მიშა გოგრიჭიანის გამოფენა, ამერიკაში შესრულებული გრაფიკებით - “ჰორს რეისი, ეძღვნება ედგარ პრადოს“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის ამერიკაში ყოფნის პეროდში 2003-2005 წლებში შესრულებული, ცნობილი ჟოკეის, ედგარ პრადოსადმი მიძღვნილი დოღების სერია. საცხენოსნო აქსესუარები, რომლებიც გამოფენაზე ინსტალაციის სახით ნახა დამთვალიერებელმა, სწორედ ამერიკაში ყოფნის დროს სხვადასხვა დოღზე მოგროვილი საჩუქრებია, მაგალითად: ვალტრაპი, რომელზეც ჟოკეების ხელმოწერებია, თასი – COLONIAL CUP, ედგარ პრადოს საავტორო წიგნი მისი ცნობილი ცხენის, ბარბაროსადმი მიძღვნილი – My Guy Barbaro და თავად ედგარ პრადოს შოლტი.

მიშა გოგრიჭიანს ბავშვობიდან უყვარდა ცხენოსნობა, მისი სურვილი იყო ჟოკეი გამოსულიყო. მხატვარმა ცხრაჯერ მიიღო მონაწილილეობა პროფესიონალთა დოღში - ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ კი - მესამე. ედგარ პრადოს გულშემატკივარი კი არიზონას შტატში მოხვედრის შემდეგ, 2003 წლიდან ხდება. გამოფენაზე წარმოდგენილი სერიის შთაგონებაც სწორედ იპოდრომი, საცხენოსნო დოღები, ედგარ პრადო და ბარბაროა.

2021 წელს კულტურის სამინისტრომ პროექტის - „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" - ფარგლებში სამუზეუმო ფონდების შევსება დაიწყო და შეიძინა ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შესაბამის ფონდებში დაიდო ბინა. მათ შორის არის მიშა გოგრიჭიანის ფერწერული ტილოც - „გალოთებული ინტელიგენტი“.

2022 წელს თბილისში ჩატარდა მიშა გოგრიჭიანის კიდევ ერთი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 2011-2012 წლის, მხატვრის ამერიკაში წასვლამდე შესრულებული სერია „ბიბლიოთეკა“, რომელზეც დამთვალიერებელი არა პირდაპირ ბიბლიოთეკას, არამედ მისთვის სიმბოლურად დამახასიათებელ პერსონაჟებსა თუ საგნებს შეხვდა.

მიშა გოგრიჭიანი გარდაიცვალა თბილისში, 2023 წლის 13 ივნისს.

წყარო:

1. https://digest.ge/news/sazogadoeba/gardaitsvala-mkhatvari-misha-gogrichiani

2. https://at.ge/2020/09/09/gogrichiani/


გააზიარე: