The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეთერ ჯაყელი

ეთერ ჯაყელი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 2014  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ეთერ რუხაძე-ჯაყელისა დაიბადა პარიზში, 1925 წლის 25 დეკემბერს. დედამისი, თამარ ჯაველიძე, წარმოშობით ბათუმიდან იყო. ის ანტიბოლშევიკური მოძრაობის მონაწილე გახლდათ და პოლიტიკური ემიგრაციის პირველ ტალღას გაჰყვა საფრანგეთში, საქმროსთან, იაკობ რუხაძესთან ერთად.

თამარ ჯაველიძეს მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლება, ლამაზი ტემბრის ხმა ჰქონდა და გალობდა რუსულ ეკლესიაში. მუსიკას ეთერიც ბავშვობიდან სწავლობდა.

1948 წელს ეთერ ჯაყელმა დაამთავრა პარიზის ეროვნული კონსერვატორია (პედაგოგი ლ. ლევი) და იმავე წელს მონპელიეს კონსერვატორიის პრემია დაიმსახურა.

წარმატებული კარიერის მიუხედავად, მუსიკოსს შემოქმედებისთვის თანმდევი უკმარისობის განცდა აიძულებდა მუდმივად ძიების პროცესში ყოფილიყო. მის შემოქმედებით ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა, როდესაც შეხვდა ბრიუსელის (ბელგია) სამეფო კონსერვატორიის პროფესორს, ელისაბედ დედოფლის კონკურსის მუდმივ წევრს, ფრანკოს რეჟიმს გამოქცეულ ესპანელ მაესტრო ედუარდო დელ პუეიოს, რომელმაც მას გააცნო ლისტის მოწაფის მარი ჟაელ-ტროტმანის სწავლების მეთოდი. პროფესორის ხელმძღვანელობით პიანისტი ეზიარა აღნიშნულ მეთოდს ბრიუსელის კონსრვატორიაში, სადაც მოიპოვა ბრიუსელის სამეფო აკადემიის I პრემია.

მარი ჟაელი მე-19 ს-ში მოღვაწე კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი გახლდათ. მისი დაკვრის მანერას, აზროვნებასა და სტილს მაშინ მუსიკაში ნოვატორობა ერქვა. იმისთვის, რომ ამ მეთოდს ბოლომდე ჩაწვდე, მხოლოდ კარგი ტექნიკა ან მუსიკალური ნიჭი არ კმარა, სხეულისა და აზროვნების ურთიერთშერწყმისა და ურთიერთგაგების მიღწევაა საჭირო, რაც ეთერ ჯაყელმა უდავოდ შეძლო.

ეთერ რუხაძე მომავალ მეუღლეს, ახალგაზრდა არქიტექტორ ოთარ ჯაყელს, 1948 წელს, ბელგიაში შეხვდა. 1954 წელს ისინი დაოჯახდნენ. მალე ოთარს უფრო მასშტაბური შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციის შანსი მიეცა ბელგიურ კონგოში (ახლანდელი ზაირის რესპუბლიკა), არქიტექტურულ-სამშენებლო ბიუროს უფროსის თანამდებობაზე. ეთერი უყოყმანოდ გაჰყვა ქმარს აფრიკაში.

ოთარ და ეთერ ჯაყელების სამივე შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა, ემიგრაციაში დაიბადა. 1960-იან წლებში ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება გდაწყვიტა, არ უნდოდათ შვილებს ქართველობა დაეკარგათ და 1967 წელს საქართველოსკენ გამოეშურნენ.

ოთარ ჯაყელმა სამხატვრო აკადემიაში დაიწყო მუშაობა არქიტექტურის კათედრაზე, ეთერ ჯაყელი 1968 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი იყო; იგი მარი ჟაელის პედაგოგიური მეთოდის ერთგული და პოპულარიზატორი დარჩა სიცოცხლის ბოლომდე; მოწაფეები: ი. ავალიანი (საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი, მარი ჟაელის პიანისტური სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელი), მ. სპარსიაშვილი(მოღვაწეობს საფრანგეთში), ჯ. თავაძე (მოღვაწეობს აშშ-ში).

პიანისტის რეპერტუარშია: თ. ბაკურაძე "პრელუდიუმი" (1977, პირველი შესრულება), მ. შუღლიაშვილი "Largo at Presto" სამი ფორტეპიანოსათვის (1978, პირველი შესრულება), "პასტორალი" სამი ფორტეპიანოსათვის (1978, პირველი შესრულება); მსოფლიო კლასიკა, მათ შორის: ბახის "რიჩერკარი", მოცარტის კონცერტი e-moll, d-moll, ლისტის, რაველის "ღამის გასპარი",  ფრანკის პრელუდია, ქორალი და ფუგა და სხვა.

ეთერ ჯაყელი წლების მანძილზე თანამშრომლობდა ფრანგულ კამერულ ტრიოსთან "Paskier"-თან; მართავდა კონცერტებს, მასტერკლასებს (1994 წლიდან რეგულარულად) საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია; 1996 წლის 22 ოქტომბერს, მარი ჟაელის 150 წლისთავის აღსანიშნავ კონცერტზე, რომელიც პარიზის LIBAN-ის ეკლესიაში გაიმართა მან შოპენის ნაწარმოებები და მორის რაველის „ღამის გასპარი“ შეასრულა.

1995 წელს გამოიცა კომპაქტ-დისკი, რომელზეც ჩაწერილია კლოდ დებიუსის 24 პრელუდია. დისკზე წარწერაა: „კლოდ დებიუსის 24 პრელუდიით ეთერ ჯაყელი გვეპატიჟება ბგერათა სამყაროს აღსაქმელად“.

2005 წელს ეთერ ჯაყელმა გამართა უკანასკნელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში, კამერულ ორკესტრთან - "თბილისის კონცერტინოსთან" ერთად - დირიჟორი გიორგი შილაკაძე; მუსიკოსებმა შეასრულეს ბახის ექვსხმიანი რიჩერკარი „მუსიკალური მიძღვნიდან“, ბეთჰოვენის სიმებიანი კვარტეტი დო მინორი და მოცარტის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის რე მინორი.

მუსიკოსი 2000 წლიდან, ძირითადად, საფრანგეთში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა 2014 წლის 13 იანვარს, თბილისში.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 598

2. ნუცუბიძე, ნია. სხეულის შემეცნება [მუსიკოსი ეთერ ჯაყელი] // 24 საათი. - თბილისი, 2005. - 7 ივნისი. - N126 (986). - გვ.B3


გააზიარე: