The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ ვაჩნაძე დე ლეტე

თამარ ვაჩნაძე დე ლეტე
Date of birth:8 June, 1925
Date of death:2001  (at 75 years)
Category:Designer, Painter

Biography

მამით უნგრელი და დედით ქართველი ხელოვანი თამარ ვაჩნაძე დე ლეტე (ლეტაუ) გახლდათ საფრანგეთში მცხოვრები მხატვარი, დიზაინერი, ილუსტრატორი და  სცენოგრაფი.

თამარ დე ლეტეს დიდმა ბებიამ, ეროვნებით ფრანგმა, სუზან იოანესმა (1858-1946), იქორწინა ვანო ჯორჯაძეზე. მათი ქალიშვილი ლელია (დაიბადა 1884 წელს), გიორგი ვაჩნაძეს გაჰყვა ცოლად. 1905 წელს ის მეუღლესთან ერთად კაზაკებმა მოკლეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი, 1903 წელს თბილისში დაბადებული სუზი დარჩათ, რომელიც ფრანგმა ბებიამ სუზანა იოანესმა გაზარდა. 

სუზი ვაჩნაძე 1922 წელს ბათუმში დაქორწინდა უნგრელ ოფიცერზე. პეტრუს ფონ ლეტე (ლეტაუ) დარანიოშ რაკოშზე. მათ ორი შვილი ჰყავდათ - 1922 წელს საქართველოში დაბადებული ჩანკო და 1925 წლის 8 ივნისს ირანში,  ქ. თავრიზში  დაბადებული თამარი.

ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ოჯახმა საქართველო დატოვა. ჯერ ირანში გაჩერდნენ, ხოლო განქორწინების შემდეგ სიუზი ვაჩნაძე  შვილებთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

დედა დიდ დროს უთმობდა თამარის აღზრდას და მას მრავალმხრივ განათლებას აძლევდა. მან თამარი შეიყვანა ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში. ამასთან ერთად, თამარი ბავშვობიდან სწავლობდა ხატვას, ჯირითსა და ფარიკაობას. ხატვას პარიზში მადლენ ვატიეს /Madelaine Vathier და  Bernard Huguet/ ბერნარ ჰიუგეს სახელოსნოებში ეუფლებოდა. 

მალე თამარი ქართული ფოლკლორული დასების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. აქ გაიცნო ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯები, რომელიც საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი იყო. 

1947 წელს თამარ დე ლეტე და რეჯებ ჟორდანია დაქორწინდნენ, თუმცა ეს ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

1952 წელს თამარი დედასთან, სუზი ვაჩნაძესთან და შვილთან ზოლტან ჟორდანიასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბრაზილიაში, სადაც თავს აფარებდა მისი მამა. აქ მის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო. მხატვარი მალევე დაინიშნა სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. მას განსაკუთრებით უყვარდა თეატრი. ეს მკაფიოდ ჩანს ხელოვანის დეკორაციებსა და კოსტიუმების ესკიზებში.

სან-პაულუში თამარი სხვადასხვა გამომცემლობის ათამდე წიგნის ილუსტრირებით იყო დაკავებული. მან გააფორმა მსოფლიო მითოლოგია, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები.

ამავე პერიოდში სან-პაულუს თეატრში მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით დადგმულ 30-ზე მეტი სპექტაკლისთვის შექმნა თეატრალურ მაკეტებ, დეკორაციებ და კოსტიუმებ

პარალელურად, ჟერმანო მარიუტიმ და თამარ დე ლეტემ სან-პაულუს გალერეა Ambiante-ში ერთობლივი გამოფენა გამართეს. ამ პერიოდში ქართველი მხატვრის ნიჭსა და შემოქმედებაზე სან-პაულუს ცნობილი გამოცემები ხშირად წერდნენ.

რეჯებ ჟორდანიასთან თამარი საბოლოოდ და ოფიციალურად 1959 წელს განქორწინდა.

1950-იანი წლების ბოლოს დიზაინერი თანამშრომლობდა კრისტიან დიორის მოდის სახლთან. ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა - ორი  მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა შესრულებული. როგორც ჩანს ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რისი მიზეზიც კრისტიან დიორის ფირმაში დირექციის ცვლილება გამხდარა. ამას ადასტურებს თამარის არქივში შენახული 1961 წლის 8 თებერვალს უცნობი პირის მიერ გაგზავნილი ბარათი: "ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში არ იდგა თქვენი ნიჭიერების საკითხი, უბრალოდ Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა", — ვკითხულობთ წერილში.

1963 წელს სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა თამარ დე ლეტეს ნამუშევრების რეტროსპექტივა, რომელშიც ნათლად აისახა მისი წარმატებული ბრაზილიური ათწლეული.

1960-იანების დასაწყისში თამარი სან პაულუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის  არტ-დირექტორი იყო. საფრანგეთში საბოლოო დაბრუნების წინა დღეს მას შესთავაზეს სან-პაულუს კულტურის სასახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობა, თუმცა მხატვარმა ყველაფერს ევროპაში დაბრუნება ამჯობინა.

საფრანგეთში თამარ დე ლეტე 1963 წელს დაბრუნდა. დასახლდა ატლანტის ოკეანის პირას, სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში (Lampaul-Plouarzel), იქ, სადაც დღესაც ცხოვრობენ მისი შთამომავლები.

პარიზში დაბრუნებული მხატვარი სრული დატვირთვით შეუდგა შემოქმედებითი იდეების განხორციელებას და არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

თამარ დე ლეტე ხატავდა ესკიზებს, აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, იღებდა ანიმაციურ ფილმებს. პარიზულ ექსპოზიციებს Pierre-Laurent Brenot-თან,  Louis Touchagues-თან,  De la Horbe-თან  ერთად ქმნიდა, მათთან მეგობრობდა და შემოქმედებით კონცეფციებს იზიარებდა.

1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების ექსპოზიციები იმართებოდა პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებში ევროპიდან  ბრაზილიამდე, მათ შორის, საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა და ლუქსემბურგში საფრანგეთის კულტურის ცენტრში, ტულუზის ოპერის თეატრში, პარიზის 16-th Century Gallery-ში, Gallery Parnasse 167-ში, Nasturtium Gallery-ში, Sofitel Group 36-ში, თავის პარიზის სახელოსნოში Frères Voisin 75015-ზე, Ambient Gallery-ში.

გარდა ამისა, თამარი აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, მუშაობდა ლოკარნოს ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის, მონაწილეობდა  სან პაულუს ბიენალეზე,  და ა.შ.

თამარ ვაჩნაძე დე ლეტე ფრანგულ შემოქმედებით ელიტას განეკუთვნებოდა. მასზე, როგორც უკვე ევროპაში გამორჩეულ და აღიარებულ სცენოგრაფზე, წიგნის ილუსტრატორსა და არტისტზე, საინტერესო რეცენზიები იწერებოდა მაშინდელ ფრანგულ პრესაში.

თამარის ბიოგრაფიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ალბათ, დრამატული დეტალია 1960-იან წლებში ნიუ იორკში ჩასვლა და უშედეგო შემოქმედებითი კავშირის ძიება ჯორჯ ბალანჩინთან. თუ თამარ დე ლეტეს პირად შთაბეჭილებას დავეყრდნობით, სახელოვანმა ქორეოგრაფმა და თანამემამულემ მას ერთობლივ საბალეტო პროექტზე უარი უთხრა, რამაც მისი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

თამარ დე ლეტემ შექმნა დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები ბალეტისთვის „რომეო და ჯულიეტა“, „Dyade“. დრამატული სპექტაკლებისთვის: „ტერფსიქორას მკვლელები“, „ნატალი და ტაქსი-ბირდი“, „გაუბედავი“, „მედეა“, „სკაპენის ოინები“, „კალიგულა“. ის თავადაც დგამდა სპექტაკლებს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს - ჟან ჟიროდუს პიესა „უნდინე“. ასევე, დიდი წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფად ლილის ოპერაში.

1981 წელს პარიზის კულტურული კომისიის შენობამ თამარის ახალ ექსპოზიციას უმასპინძლა, 1985 წელს კი ქართველმა მხატვარმა გამოფენები მოაწყო პარიზის ისეთ ცნობილ გალერეებში, როგორებიცაა - „მონპარნასი“, „შემოდგომის სალონი“, „მწიგნობარი“.

საერთაშორისო არტ ფორუმებსა და ექსპოზიციებზე, სადაც მხატვარი მონაწილეობდა, მისი გვარი ყველგან დაფიქსირებულია, როგორც Thamar de Letay - თამარ დე ლეტე. ტილოებზე, ესკიზებსა თუ პირად წერილებზე ავტოგრაფს ფრანგულად ტოვებდა – TH. de. LETAY.

თამარ დე ლეტე თავის შემოქმედებაში ქართულ ელემენტებს ხშირად იყენებდა და მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ საკუთარ ქვეყანასთან სიახლოვე შეენარჩუნებინა.

მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე და მუდმივად საქართველოში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა.

არქივში შემონახულია 1983 წლის წერილი, სადაც თამარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის საქართველოდანაა, სწორედ ამიტომაც ითხოვს ბინადრობის დოკუმენტში ტერმინი "ლტოლვილი საქართველოდან" ჩაიწეროს.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მემკვიდრეობა, მისი ნამუშევრები და პირადი არქივი, მხატვრის შთამომავლებთან მოლაპარაკებების შედეგად, 2022 წელს გადაეცა საქართველოს ხელოვნების სასახლეს.

მისი უნიკალური მემკვიდრეობა 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ XIX საუკუნის ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს. ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, ატლანტის ოკეანეს პირას გაშენებულ სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში იყო დაცული.

ზოლტან ჟორდანიას თქმით - “დედა სიცოცხლის ბოლომდე იყო ქართველი და სურდა, ყველაფერი, რაც მან შექმნა, ყოფილიყო საქართველოში…” მან ქართულ მხარეს დედის უკლებლივ ყველა ნამუშევარი გადასცა და ამით თამარ დე ლეტე თავის მონატრებულ სამშობლოს დაუბრუნდა. 

თამარ დე ლეტე- ვაჩნაძე, 2001 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლოს მას ივერიის ღვთისმშობლისა და თამარ მეფის ხატი დაუხატავს საფრანგეთში ქართველთა მართლმადიდებლური მონასტრისთვის.

წყარო:

1. ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.gescribd.comyoutube.com 

2. https://indigo.com.ge/articles/thamar-de-letays-gza 

3. https://24media.ge/6252/ 

4. https://at.ge/2022/06/07/thamar-de-letay-christian-dior/



Share: