The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ გარაყანიძე

ვლადიმერ გარაყანიძე
Date of birth:13 March, 1900
Date of death:7 March, 1971  (at 70 years)
Burial location:ქალაქ ჟუკოვსკის სასაფლაო, მოსკოვის ოლქი, რუსეთი
Category:Engineer

Biography

პირველი ქართველი ჰაერნაოსანი ვლადიმერ გარაყანიძე დაიბადა 1900 წლის 13 მარტს, თბილისში.

1922 წელს საქართველოდან სასწავლებლად მიავლინეს მოსკოვის კონსერვატორიაში. პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე და გატაცებული იყო პლანერიზმით.

ვლადიმერ გარაყანიძეზე ბიოგრაფიული ცნობები მწირია. მისი ფრენების შესახებ მასალას, ძირითადად, იმდროინდელი პრესა გვაწვდის.

საჰაერო ბურთით პირველად 1924 წელს აფრინდა. სწორედ მაშინ საავიაციო აკადემიაში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცაში არ უშვებდნენ – რადგან სამხედრო არ ხარ, ფრენის უფლებაც არ გაქვსო. ერთხელ, როცა აეროსტატი ასაფრენად მზად იყო, გარაყანიძემ მის გონდოლაში დურთა თავი, ვითომ შესამოწმებლად და „შემთხვევით“ ცაში აიჭრა. ცოტა ხანში კი დედაქალაქს უდეპეშა, ყველაფერი კარგადააო. თავნებობისთვის გარაყანიძე სასტიკი საყვედურით დასაჯეს. პირველი გაფრენიდან ცოტა ხანში მან კოტელნიკოვის პარაშუტი გამოსცადა. აეროსტატის დაფაზე მდგომი, 1000 მეტრამდე ადიოდა ცაში, იქიდან პარაშუტზე გამობმულ გონდოლას აგდებდა, თავად კი ჰაერში დაკიდებული, მოქანავე დაფაზე რჩებოდა.

1924 წლიდან იყო მოსკოვის ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო–საჰაერო საინჟინრო აკადემიის აერონავტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1924 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოაყალიბა ჰაერნაოსანთა წრე, რომელსაც შემდეგ "გარაყანიძის ჰაერსანაოსნო სკოლა" უწოდეს.

მონაწილეობდა სსრკ საპლანერო სადგურის მშენებლობაში; 1925 წლიდან იყო საპლანერო სპორტის ინსტრუქტორი.

1927 წლიდან მუშაობდა გ. ჟუკოვსკის სახელობის აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტში, სადაც დირიჟაბლმშენებლობას ა. ტუპოლევი განაგებდა.

არსებობს ინფორმაცია საგაზეთო სტატიებიდან მის მიერ განხორციელებული უჩვეულო  ფრენის შესახებ. 1927 წ. 22 იანვარს ვლადიმერ გარაყანიძემ სტარტი აიღო მოსკოვიდან ხელნაკეთი, 300 მ³ მოცულობის აეროსტატით. ფრენის მარშრუტი დაგეგმილი იყო – მოსკოვი – ლენინსკიე გორკი, სადაც საავიაციო დღესასწაული იმართებოდა. გარაყანიძე იქ ზეიმის დასასრულისთვის უნდა დაშვებულიყო. ეს გზა პილოტს სავარაუდოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა დაეფარა. ბურთს გონდოლა არ ჰქონდა. გარსზე მიაბეს თოკები და ზედ ხის ფიცარი საბავშვო საქანელას მსგავსად. გარაყანიძე ამ ფიცარზე უნდა მჯდარიყო -17°C ყინვაში. 

პილოტი არ ჩამოფრენილა არც იმ საღამოს, და არც შემდეგ დღეს. 24 იანვარს ფრენის მარშრუტზე დაიწყეს გაყინული ჰაერნაოსნის სხეულის ძებნა, თუმცა უშედეგოდ.

1927 წლის ზამთარში, რუსეთში, ჩრდილოეთ დვინის გუბერნიის სოფელ პენომასთან აეროსტატი დაეშვა. იქიდან დიდი გაჭირვებით გადმოვიდა ჰაერნაოსანი, პირველ ქოხამდე მიაღწია და ძალა გამოლეული თოვლზე მუხლებით დაეშვა. მაშინვე ღრმად ჩაეძინა. ამ სანახაობით გაოცებულმა ადამიანებმა რაიონულ ცენტრს სიტყვასიტყვით ასე შეატყობინეს: „ციდან დაეშვა ანტიქრისტე, თავიდან ფეხამდე შავია“.

აღმოჩნდა, რომ პილოტი მოყოლილა ძლიერ საჰაერო ნაკადში, რომელმაც იგი სხვა მიმართულებით წაიყვანა. ფრენა მიმდინარეობდა სრულ ნისლში და დასრულდა ჩრდილოეთ დვინის გუბერნიაში, 702 კმ-ის მოშორებით სტარტის ადგილიდან.

მოსკოვის გაზეთი „Известия“ ამასთან დაკავშირებით წერდა: „გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამხ. გარაყანიძემ თავისი ფრენით დაამყარა სპორტული ჰაერნაოსნობის მსოფლიო რეკორდი“.

ამ ინციდენტის გახმაურების წყალობით გარაყანიძე ცნობილი ჰაერნაოსანი გახდა. მას შესრულებული აქვს მრავალი სარეკორდო ფრენა სითბურ აეროსტატებზე, მათ შორის იალბუზის მწვერვალზე დაჯდომა. მან ოზეროვთან ერთად იფრინა და მეცნიერული დაკვირვებები აწარმოა, მზის დაბნელებისას ჰაერის მასების მოძრაობაზე. ის იყო იმ თვითმფრინავის პირველი პილოტი, რომლიც დიდ აეროდინამიკურ მილში გამოსცადეს. ვლდიმერ გარაყანიძემ, მსოფლიოში პირველმა, წყალზე დასვა დირიჟაბლი, მგზავრები ნავებში გადმოსხა, ტვირთი მიიღო და გაფრინდა.

1932 წლის 9 აპრილს განხორციელდა ვლადიმერ გარაყანიძის დირიჟაბლის "სსრკ - ვ - 1" პირველი აფრენა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან გამოთქვა იდეა, შეიმუშავა პროექტი, უხელმძღვანელა მშენებლობას, თავადვე აფრინდა თავისი ნახელავით და ფრენასაც თავად უმეთაურა.

1933 წელს პირველი სტრატოსტატის "სსრკ -1" სარეკორდო გაშვებისას გარაყანიძე სტარტს ხელმძღვანელობდა. სტრატოსტატი აფრინდა 19 ათას მეტრ სიმაღლეზე, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაც ჩამოიტანა სტრატოსფეროსა და კოსმოსური სხივების მეცნიერული კვლევისთვის.

მომდევნო წლებში აიგო ვლადიმერ გარაყანიძის კონსტრუქციის დირიჟაბლების სერია. მისი ბოლო მოდელის დირიჟაბლი ვ-12 შეუცვლელი აღმოჩნდა. იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

მან დიდი წვლილი შეიტანა კოსმოსის კვლევის საქმეში. 1926 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით პლანერიზმს დაეუფლა სერგეი კოროლიოვი, საბჭოთა კოსმონავტიკის მომავალი ფუძემდებელი.

ამ და სხვა დამსახურებისთვის  ვლადიმერ გარაყანიძე წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოეს, მაგრამ როგორც ბევრი პიროვნების მიმართ, საბჭოთა მთავრობამ გარაყანიძის მიმართაც უმადურობა გამოიჩინა – მას წოდება ჩამოართვეს, არმიიდან გააძევეს და მოსკოვიდანაც გაასახლეს.

ეს ყველაფერი მოჰყვა სტრატოსტატ „სსრკ-2“-ს. მისი სტარტის დღეს სქელი ნისლი ჩამოწვა, სტრატოსტატის გარსი დანესტიანდა და დამძიმდა. გარაყანიძემ მისი აფრენის ბრძანება არ გასცა. ამის გამო ის მეთაურობას ჩამოაშორეს და სხვა დანიშნეს. რა თქმა უნდა, სტრატოსტატი არ აფრინდა და ესეც მას დაბრალდა.

ვლადიმერ გარაყანიძე გარდაიცვალა 1971 წლის 7 მარტს, მოსკოვის ოლქის ქ. ჟუკოვსკში. ცენტრალური ავიაჰიდროინსტიტუტის მუშებმა, მას ჟუკოვსკის სასაფლაოზე, თავიანთი ხარჯით, გრანიტის ძეგლი დაუდგეს და ზედ რუსულ-ქართული წარწერაც გაუკეთეს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, ევროპის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ჰაერნაოსნის, აერონავტ ვლადიმერ გარაყანიძის სახელი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_გარაყანიძე 

2. https://old.primetime.ge/tsidan-chamovardnili-antiqriste-mas-tsodeba-chamoartves-da-moskovidan-gaasakhles

3. ბახტაძე მაია. მეოცნებე : [ინჟინერ-კონსტრუქტორი ვლადიმერ გარაყანიძე / რუს. თარგმნა მიმოზა ძიძიგურმა. - თბილისი, 1991. - 96გვ


Share: