The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვალტერ საყვარელი

ვალტერ საყვარელი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:29 ოქტომბერი, 1993  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

ვახტანგ საყვარელიძე (ვალტერ საყვარელი) დაიბადა 1911 წელს, ქალაქ თელავში, ილია და საშა საყვარელიძეების ოჯახში. ის თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით, რის გამოც პირველი კლასის მოსწაველე ერთი თვის შემდეგ გადაიყვანეს მეორე კლასში.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის საბუღალტრო სასწავლებელში, თან მუშაობდა რევიზორ-ბუღალტრად.

1931 წელს დაოჯახდა ქალბატონ ეკატერინეზე. 1933 წელს მათ შეეძინათ ვაჟიშვილი, თენგიზი, ხოლო 1939 წელს ქალიშვილი - ნელი.    
1941 წელს 3 თვით გაიწვიეს სამხედრო - სავალდებულო სამსახურში. სამსახურის ვადა ჯერ გასული არ იყო, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და იგი სხვა ჯარისკაცებთან ერთად ფეოდოსიაში გაამწესეს. 1942 წელს ჩავარდა ტყვედ და მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში. 

ომის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, სადაც ქართველ მეგობართან ერთად საკუთარი ხელით შეკეთებულ პატარა ოთახში დაიწყეს ცხოვრება.

1955 წელს ვახტანგ საყვარელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ცხოვრობდა ნიუ-იორკში. წამლებისთვის სხვადასხვა მცენარეებს აგროვებდა, აბარებდა და ამით ირჩენდა თავს. დაუღალავი შრომით დააგროვა გარკვეული თანხა, შეიძინა სახლი და გადააკეთა კიდეც თავისი გემოვნებით.

ნიუ-იორკში სახლის შეძენა მისთვის დიდი სიხარული იყო. თითქოს აიწყო უცხო მხარეში ცხოვრება, თუმცა ბოლომდე ბედნიერი მაინც არ იყო. ოჯახზე ფიქრი არ ასვენებდა, მაგრამ ვერ ბედავდა მათთან კავშირის დამყარებას. 

1942 წლის შემდეგ ვახტანგს ცოლ-შვილთან მიმოწერა აღარ ჰქონია. ოჯახს აცნობეს მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ და ფიქრობდნენ, რომ ის დაიღუპა. მხოლოდ 1965 წელს გაიგეს რომ ცოცხალი იყო. 

ნიუ-იორკში ცხოვრებისას ვახტანგ საყვარელიძემ გაიცნო მასავით ტყვედ ნამყოფი ირაკლი მენთეშაშვილი, რომელსაც საქართველოში თავის ოჯახთან უკვე ჰქონდა კავშირი. ბატონმა ირაკლიმ საქართველოში მცხოვრებ შვილებს სთხოვა თელავში მოეძებნათ ვახტანგის ოჯახის წევრები და ეცნობებინათ მათთვის მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

1965 წლის ნოემბერში ეკატერინეს გადასცეს მეუღლის წერილი. დაუჯერებელი ახალი ამბით გახარებულმა ვახტანგის ქალიშვილმა პასუხი მალევე მიაწვდინა.

25 წლის შემდეგ ბატონმა ვახტანგმა პირველად გაიგო, რომ მამა და ერთი ძმა, ლევანი, ომიდან აღარ დაბრუნებულან, ხოლო მეორე ძმა, ლადო, დაინვალიდებულა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეიტყო, რომ დედა და მეუღლე ცოცხლები იყვნენ და არაჩვეულებრივად გაუზრდიათ მისი ორივე შვილი. ეს წერილი გახდა დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრების დამაკავშირებელი.

ქალბატონი ნელი იგონებს: "მამის წერილი,რომ მოვიდა ეს იყო ენით აუწერელი სიხარული ჩვენთვის, გამოჩნდა მამა რომელიც ცოცხალი აღარ გვეგონა. ის იყო კარგად და ცხოვრობდა ამერიკაში. გარეთ რომ გავედი, ყველაფერი ვარდისფრად ანათებდა, ყველაფერი ჩემთან ერთად მღეროდა."

ვახტანგ საყვარელიძე მოგვიანებით საცხოვრებლად კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გადავიდა. მუშაობდა "general-electric"-ის ფირმაში  (სადაც გამოადგა საქართველოში ნასწავლი ბუღალტერია, ნახაზების კითხვა). აგებდა იახტებს, იღებდა შეკვეთებს და ამზადებდა პატარა დეტალებს კოსმოსური ხომალდისთვის. სისტემატურად იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში. 

1976 წლის აგვისტოში, 35 წლის განშორების შემდეგ, მამა–შვილი ბატონი ვახტანგი და ქალბატონი ნელი ერთმანეთს შეხვდნენ. ნიუ-იორკის აეროპორტში ნელის დახვდა ირაკლი მენთეშაშვილი ოჯახით, ხოლო სანტა-ბარბარში მიშა ჭელიძე მეუღლით - ჰილდათი.

ამის შემდეგ ნელიმ კიდევ ორჯერ მოინახულა მამა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამის ხელით გაშენებულმა ადესის ხეივანმა, „ოცნების ხიდმა“, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა გარდა ერთისა, მასში ქვეცნობიერად განხორციელდა სამშობლოს დაუოკებელი სიყვარული, გაუნელებელი სევდა და ოცნება მასზე.

1977 წელს მამის სანახავად ჩავიდა მისი ვაჟი თენგიზი, ხოლო 1989 ბაბუა მოინახულა მისმა შვილიშვილმა (ნელის ქალიშვილმა), ნინო საყვარელიძემ მეუღლესთან, ბატონ დავით კახნიაშვილთან ერთად.
წარმოუდგენელი სიხარული იყო დედა–შვილის სატელეფონო საუბარი. სამწუხაროდ მათ ერთმანეთი ვერ ნახეს. გაზეთ "თელავის ალაზანში" გამოქვეყნდა წერილი "თელავშიც ელოდებიან", მაგრამ ბატონმა ვახტანგმა ჩამოსვლა ვერ შეძლო.

ვახტანგ საყვარელიძე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1993 წლის 29 ოქტომბერს ისე გარდაიცვალა, რომ ვაჟის თენგიზის გარდაცვალებაც არ იცოდა (1991 წ.). დაკრძალულია სანტა-ბარბარას სასაფლაოზე.

მამის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ, ვახტანგის მეგობრების დახმარებით, ნელიმ შეძლო მამის საფლავის მონახულება, რომელსაც საქართველოდან წაღებული მისი ეზოს მიწა მოაფრქვია.

წყარო:

 ქართველი ემიგრანტები: emigrantebi.weebly.com

 


გააზიარე: