The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ლომთათიძე

ალექსანდრე ლომთათიძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:1924  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე დაიბადა 1882 წლის 25 მაისს, ოზურგეთის მაზრის სოფელ მშვიდობაურში (ბახვის თემი), ღარიბი გლეხის ოჯახში.

14 წლამდე სწავლობდა სოფელ ბახვის ორკლასიან სასწავლებელში. მისმა ნიჭმა სოფლის სკოლაშივე მიიპყრო მასწავლებლების ყურადღება და, მათი დახმარებით, ერთი თბილისელი ექიმის ოჯახში მოხვდა, სადაც მცირე დავალებებს ასრულებდა, თავისუფალ დროს კი მეცადინეობას ანდომებდა.

თბილისის მეორე გიმნაზიაში სანდრო ლომთათიძე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. გიმნაზიის წლებიდან დაუკავშირდა სოციალ დემოკრატიულ მოძრაობასაც. თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან. 

უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლობდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ამავე დროს, იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი და ადგილობრივი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი.

1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. ამავე წელს დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. არჩეული იყო ტფილისის საბჭოს ხმოსნად.

პიველი მსოფლიო ომის დროს ალექსანდრე ლომთათიძე თბილისის ხმოსანთა იმ მცირე ჯგუფში იყო, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობითა და დირექტივებით, დემოკრატიულ ოპოზიციას წარმოადგენდა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რსდმპ "მენშევიკური" ფრაქციის სიით ტფილისიდან  გაგზავნილი იყო დელეგატად პეტერბურგში სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობაზე.

1917 წლის მარტში მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

1917 წლის ნოემბრიდან იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.

1919 წელს, საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები და 1919 წლის 12 მარტს გაიხსნა მისი პირველი კრება. სანდრო ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ). ის, ფაქტობრივად, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე მან თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, 1921 წლის 24-25 თებერვლის ღამეს, როდესაც თბილისის დატოვება გადაწყდა, ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა: „მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას თან გაყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი", მართლაც ის  არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა სამშობლოში და შეეწირა XX საუკუნის 20-იანი წლების კომუნისტურ რეპრესიებს. დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს. მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში".

1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში - სოფელ ლაპაშინოში. იქიდან - ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და დასნეულდა. შემდეგ, როგორც მძიმე ავადმყოფს, ნება დართეს ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად.

1924 წელს საქართველოში მომხდარი აჯანყების გამო კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში. საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.

ალექსანდრე ლომთათიძე იმავე წელს გარდაიცვალა ტაშკენტის ციხეში, 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლე იყო ზინაიდა ოქროპირიძე. შვილი - გიორგი ლომთათიძე (1914-1971), არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

1925 წელს პარიზში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალში „ბრძოლა“ გამოქვეყნდა სოციალ-დემოკრატის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის – რაჟდენ არსენიძის წერილი „ალექსანდრე ლომთათიძე“, რომელშიც იგი აღნიშნავდა: „...საქართველოს განთავისუფლება იყო მისი ოცნება და უკანასკნელი სიტყვა. დატანჯული და განაწამები, როგორც თვით ქართველი ერი, იგი მის დალხინებულ ხანაში, უმაღლეს თანამდებობებზე იყო მოწადინებული ერის სამსახურით, როგორც ღირსეული მოღვაწე, ხოლო როცა მის სამშობლოს შავი დღეები დაატყდა, მან ქვეყნის ტანჯვა-ვაება გაიზიარა და მსხვერპლად შეეწირა თავის საყვარელ იდეას, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ამიერიდან მისი სახე სამარადისოდ აღბეჭდილია ამ ბრძოლის ისტორიის ფურცლებზე. ჩვენ, მისმა ამხანაგებმა მასში წრფელი და საყვარელი მეგობარი დავკარგეთ, ერმა დიდი მოღვაწე და თავდადებული შვილი. საქართველოს ისტორიამ კი მოიპოვა ერთი უდიდესი აკლდამათაგანი, მარად მოსაგონი და მისაბაძი“.

1994 წლის 17 ივნისიდან ალექსანდრე ლომთათიძის არქივი მისი ვაჟის არქივთან ერთად დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (შემოსულობათა წიგნი #665).

ალექსანდრე ლომთათიძის პირადი არქივი შეიცავს 57 საარქივო ერთეულს. აღწერილობაში მასალა დალაგებულია თემატურად და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; მიმოწერა; სხვადასხვა.

2023 წლის მაისის თვეში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ჩამოასვენეს ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი.

აღსანიშნავია, რომ მისი საფლავი უზბეკეთში მოძიებულ იქნა საქართველოს საელჩოს მიერ. გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ალექსანდრე ლომთათიძე დაკრძალეს 2023 წლის 28 მაისს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ვაჟის, გიორგი ლომთათიძის გვერდით.

წყარო:

1. ხვადაგიანი . „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. - თბილისი: „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 284-285.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ლომთათიძე.

 


გააზიარე: