The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მამია ზაქრაძე

მამია ზაქრაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 2023  (102 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

მამია (მამანტი) ზაქრაძე 1920 წლის 10 აპრილს სამტრედიის რაიონის სოფელ გომში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 19 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში და იქიდან პირდაპირ მეორე მსოფლიო ომში აღმოჩნდა. 1942 წლის ბოლოს, უკრაინის ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა. ახსოვს როგორ აწამებდნენ, აშიმშილებდნენ, მთელი ერთი კვირა საკვებთან ერთად არც წყალი მისცეს. ერთი კვირის შემდეგ კი ყოველდღიური ულუფა ერთი მუჭა მზესუმზირა გახდა. 

უკეთესი მდგომარეობა არც ომის დამთავრების შემდეგ ჰქონდა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ხელში აღმოჩნდა. მამია ცხოვრობდა ქალაქ მიუნხენში, სადაც ყოფილი ტყვეებისგან მუშათა ბატალიონი შეადგინეს და მათ ხან გზებს აწმენდინებდნენ, ხან კარტოფილს აღებინებდნენ. საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან იცოდა ციმბირი არ ასცდებოდა. არც ოჯახთან დაკავშირება უცდია. სამშობლოს მოღალატის სახელი ასცდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და დედამისს ამის გამო პენსიაც აძლევდნენ 10 მანეტის ოდენობით.

ომის შემდეგ მამიას გერმანელ მოსახლეობასთან ერთად მოუხდა ცხოვრება და  გაოცდა, სულ სხვა ხალხი დაინახა - წესიერი, მშრომელი, პატიოსანი. მათზე წარმოდგენაც რადიკალურად შეეცვალა. მის მეზობლად ცხოვრობდა ქალბატონი ჰელენ ზაიცი, რომელსაც დაუახლოვდა. ერთმანეთს მალევე შეეჩვივნენ, რასაც სიყვარული მოჰყვა და საბოლოოდ ისინი დაქორწინდნენ.

მამია ზაქრაძე გერმანიიდან ამერიკაში 1950 წლის 10 ივნისს ცოლ-შვილთან ერთად ჩავიდა. აქ მისი მასპინძელი იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი კირილე გურგენიძე. მან ბატონი მამია დიდი პატივით მიიღო და სათანადოდ დააკვალიანა. მეორე დღეს კი მას ეწვია ამერიკაში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი სიკო სიდამონ-ერისთავი, რომელმაც მამია ზაქრაძე ქართული ემიგრაციის მიერ დაარსებულ კავკასიურ სახლში - "ალავერდში" მიიწვია (1937 წელს აშშ-ში დაარსებული კავკასიური საზოგადოება, სადაც ქართველები, ყაბარდოელები,  ჩერქეზები და ოსები იყვნენ გაწევრიანებულნი და რომლის პრეზიდენტიც ყოველთვის ქართველი იყო). მეორე დღეს ,,ალავერდში'' მისულ მამიას 30-მდე ადამიანი დახვდა. 

1964 წელს "კავკასიური სახლის" პრეზიდენტი სიკო სიდამონ-ერისთავი გარდაიცვალა. ,,ალავერდი'' დაობლდა. ყველა ფიქრობდა, რომ ბატონ სიკოსთან ერთად ,,ალავერდიც’’ დასამარდებოდა. დიდი ყოყმანის შემდეგ "ალავერდელებმა" მამიას სთხოვეს მათი სახელით სიკოს შვილისთვის, ბატონი კონსტანტინესთვის ეთხოვა "ალავერდს" ჩასდგომოდა სათავეში. თავიდან იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი თანხმობა განაცხადა მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი მოადგილე მამია ზაქრაძე იქნებოდა.

სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და "ალავერდის" ხელმძღვანელად ბატონი კონსტანტინე, მის მოადგილედ მამია, მდივნად - ქალბატონი ნინო ერისთავი (კონსტანტინეს და), მოლარედ ვალერიან ძამია, ხოლო გამგეობის წევრებად - გივი ფორაქიშვილი, მიშა რეხვიაშვილი, რაშიდ დაღაფსუ (ჩერქეზი) და პეტრე ცოლოგოვი (ოსი) აირჩიეს.

"ალავერდის" მოვლა-პატრონობა მთლიანად მამია ზაქრაძეს დაეკისრა. იგი 31 წელი ხელმძღვანელობდა "ალავერდს". 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მამია ზაქრაძემ საქართველოში დარჩენილ ნათესავებთან დაკავშირება შესძლო და მათთან წერილობითი ურთიერთობა დაამყარა.

ერთი შემთხვევა რომ არა დედამისი და მისი ძმა (ოჯახიდან ისინიღა იყვნენ ცოცხლები) ვერასოდეს გაიგებდნენ ბატონი მამიას ამბავს - 1988 წელს ,,ალავერდში'' სოჭიდან მიშა რეხვიაშვილის და ჩასულა. დამშვიდობებისას მამიასთვის შეუთავაზებია შენიანების მისამართი მომეცი, მივალ და შენს ამბავს გავაგებინებო, მაგრამ ისევ კომუნისტების დრო იყო და მამიას თავი შეუკავებია, ეშინოდა მისი ოჯახი არ აეწიოკებინათ. ქალბატონი მაინც ჩასულა სამტრედიაში და მამია ზაქრაძის ოჯახისთვის მიუგნია.

ამის შემდეგ წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. მამიას დედამ 100 წლამდე იცოცხლა, თუმცა სამწუხაროდ, 1988 წელს შვილის უნახავად გარდაიცვალა.
ბატონმა მამიამ საქართველოში ჩასვლა მხოლოდ 1995 წელს მოახერხა, მეორედ კი 2012 წელს ესტუმრა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი მოინახულა. 

გარდაიცვალა 103 წლის ასაკში, 2023 წლის 18 აპრილს. დარჩა ქალ-ვაჟი - ვერა და ალფრედი (გურამი) და სამი შვილიშვილი: მაია, გრეგორი და მაიკლი. 

წყარო:

1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00015867/

2. https://emigrantebi.weebly.com/43154304431543124304-4310430443254320430443314308.html

3. https://www.amerikiskhma.com/a/mamanti-zakradze-new-york/3342506.html

4. ზაქრაძე, მამია. "ახალი ქართველებიდან "ალავერდით" ვერავინ დავაინტერესეთ / მამია ზაქრაძე, ვალერიან ძამია ; ესაუბრა ციცინო ჯერვალიძე // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2008. - ივლისი-აგვისტო. - N4(30). - გვ.7-8.

 


გააზიარე: