The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ედიშერ სავიცკი

ედიშერ სავიცკი
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1976  (47 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

პოლონური წარმოშობის ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი დაიბადა 1976 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში. მისი წინაპარი 1830-იანი წლების პოლონეთის აჯანყების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და კახეთში დამკვიდრდა.

ედიშერი მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა. ორწლინახევრის ასაკში დაიწყო  როიალზე დაკვრა. მელოდიებს სმენით აწყობდა. შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში ჩააბარა (პედაგოგი: მაია ბერიძე). ამასთან ერთად, სერიოზულად იყო დაკავებული სათხილამურო სპორტითა და ფეხბურთით. თუმცა 15-16 წლის ასაკში მიხვდა, რომ დიდი სპორტისა და მუსიკალური კარიერის შეთავსება შეუძლებელი იყო და საბოლოო არჩევანი მუსიკაზე გააკეთა.

1994-1998 წწ. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(საფორტეპიანო), ნანა ხუბუტიას კლასში. რომელთან მეცადინეობამაც აზიარა ნამდვილ მუსიკას და გააღრმავა მისი მუსიკისადმი დამოკიდებულება.

1994-1995 წლებში იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გრანტის მფლობელი; 1995 წელს - „ნოვიე იმენას“ ლაურეატი (რუსეთი);

1998 წელს, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ლექსო თორაძის შუამდგომლობით სწავლა განაგრძო ინდიანას შტატის უნივერსიტეტში, ქალაქ საუსბენდში, ლ. თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში;

1999 წელი - სანტა-ბარბარას (აშშ, კალიფორნია) მუსიკალური აკადემიის სტუდენტი;

2000 წელი – მიენიჭა „საკონცერტო პიანისტის” წოდება;

2001 წელი – რავინიის ფესტივალის ინსტიტუტის სტიპენდიანტი ("Ravinia Steans Music Institute", ჩიკაგო);

2002 წელი – „არტისტ დიპლომი“;

2002-2005 წწ. -  მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2006-2007 წწ. - კატერინ ჰერიკ კობის სტიპენდიანტი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლისთვის;

2007 წელს შედგა დებიუტი კარნეგი-ჰოლის (ნიუ-იორკი) სცენაზე;

ედიშერ სავიცკი არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი: უილიამ ს. ბიორდის საერთაშორისო კონკურსი – მეორე პრემია (1999); ჰილტონ ჰედ-აილენდის საერთაშორისო კონკურსი – პირველი პრემია (2001, მინეპოლისი); მინიაპოლისის კონკურსი – პირველი პრემია; გრან-პრი – „იამაჰას“ როიალი-დისკლავირი; მაროკოს საერთაშორისო და კასაბლანკას კონკურსები – ორი გრან-პრი...

2013 წლიდან არის მიჩიგანის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის დოქტორი;

2014 წლიდან -  ალაბამას(აშშ) სახელმწიფო კონსერვატორიის (University of Alabama School of Music) ასოცირებული პროფესორი;

ფესტივალების: გილმორი, რური, ზალცბურგი, რავინია მონაწილე;

აქვს გამოსვლები ცნობილ ორკესტრებთან; 

ქართული რეპერტუარი: რ. ლაღიძე, რონდო-ტოკატა; ი. ბარდანაშვილი, "ფანტაზია";

სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბეთჰოვენი N1, 5, სამმაგი, ბრამსი N1, 2, "სიკვდილის ცეკვები", რახმანინოვი N2, 3, პროკოფიევი N2;

კამერული რეპერტუარი: ი. ს. ბახი, სკარლატი, მოცარტი, შუმანი, შოპენი, დებიუსი, ფრანკი, პროკოფიევი;

მუსიკოსი წელიწადში ორჯერ ატარებს ღია გაკვეთილებს საქართველოში.  „ნიჭიერთა ათწლედში“ მოქმედებს მისი სახელობის სტიპენდია. ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს მცირედი გასამრჯელო სტიმულს აძლევს ახალგარდებს იშრომონ შემდგომი განვითარებისთვის. ედიშერ სავიცკის სახელობის სტიპენდიანტები იყვნენ: ირმა გიგანი, ანა კოკოლია, ლექსო პირმისაშვილი, ანა ქსოვრელი, ნინო კუპრეიშვილი და სხვა.

2023 წელს თბილისში პირველად ჩატარდა “თორაძის საერთაშორისო ფესტივალი”. ეს მოვლენა აერთიანებს, როგორც კლასიკურ მუსიკას, ასევე ფოლკლორს. ედიშერ სავიცკი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხოლო ორგანიზატორია ლექსო თორაძის სახელობის ფონდი, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მისი მიზანი მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაა.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 412 

2. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=14917

3. სავიცკი ედიშერ. ლოგიკის უხილავი სისტემა და ბგერა დროში : ინტერვიუ / ესაუბრა ეთი დარჩია // ბომონდი. - თბილისი, 2017. N7. გვ.66-69


გააზიარე: