The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნანა ჩიჩუა

ნანა ჩიჩუა
სხვა სახელი:ნანუკა
დაბადების თარიღი:1978  (46 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

ნანა (ნანუკა) ჩიჩუა დაიბადა 1978 წელს ქ. თბილისში. 1992 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. დამთავრებული აქვს კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი (The California Institute of the Arts), სადაც მიიღო ბაკალავრის დიპლომი ხელოვნების დარგში (2002) და შემდგომ "მასტერსი" (მაგისტრი) ექსპერიმენტალურ ანიმაციაში (2003).

2003 წელს ნანა ცოლად გაჰყვა თავის ამერიკელ კურსელს და მეგობარ ხელოვანს ვეიდ აივის. მათ ერთად (კოლაბორაციაში) შექმნეს ექსპერიმენტალური კინოსა და ხელოვნების ბევრი ნიმუში.

2002 წლიდან მუშაობს ლოს ანჯელესში ჯურასიკ ტექნოლოგიების მუზეუმში (The Museum of Jurasic Technology), 2010 წლიდან კი მონაწილეობს არტ ვილა გარიყულას ამერიკული პავილიონის არტ პროექტებში.
ნანა ჩიჩუას შემოქმედება მოიცავს მხატვრობას, ფერწერას, ასევე ანიმაციასა და ინსტალაციას.

ხელოვანს მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ საერთაშორისო გამოფენაში. ბოლო დროს ხშირად მონაწილეობს ქართულ პროექტებშიც.

მისი ადრინდელი წარმატებული პროექტებიდან გამოირჩევა ოპტიკურ პრინტერზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "Impressions from Rustaveli" (2002), რომელიც ნაჩვენები იქნა გუგენჰაიმის გალერეაში (ლოს ანჯელესი) და მომაში (ნიუ იორკი). ეს იყო ერთგვარი ინსტალაცია გობელენთან და პერფორმანსთან ერთად.

ამ ნამუშევრის გადაღებული ვერსია 6 წლის მანძილზე ტრიალებდა საზღვარგარეთ, ნაჩვენები იყო, ასევე, „The Museum of Modern Art”-ში, 2006 წელს „Tomorrowland”-ში. ბოლოს „cARTveli Art Foundation“-მა ეს ფილმი აჩვენა ქართული ფილმების ფესტივალზე ლონდონში, რომელიც მეოთხედ ჩატარდა.

ფილმს აკომპანირებას ცოცხლად წაკითხული პოემა უწევდა. ეს პროექტი კვლავ აქტუალურია მსოფლიოს კინო პლატფორმებზე.

2016 წელს ნანა ჩიჩუამ მონაწილეობა მიიღო „The Santa Monica AirportArena Gallery”-ში მოწყობილ გამოფენაში, სახელწოდებით „New Walled Cities & Hinterlands “. გამოფენის კურატორები მხატვარ-დიზაინერები იყვნენ. გამოყენებული იყო მითოლოგიური  ზღაპრები ტყეების, მასში მცხოვრები ურჩხულებისა და გამბედავი ადამიანების შესახებ, რომლებმაც ძალა მოიკრიბეს იქ სამოგზაუროდ. მიგდებული ადგილი შეიძლება იყოს ისეთივე შემაშინებელი და მშვენიერი, როგორც თავის დროზე მისტიური ტყე იყო. ამ გამოფენაში ნანამ წარმოადგინა მისი ასტრონომიული დღიურის გვერდები, რომლებმაც გობელენის სახე მიიღეს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, ხელოვანი დამოუკიდებლად კურირებს ამერიკულ პავილიონს, ასევე არტ ვილა გარიყულას გაცვლით პროგრამებს. გარდა ამისა, „Festinova“-ს ფარგლებში, საკუთარ ნამუშევრებთან ერთად, წარმოადგენს მულტიდისციპლინური მხატვრების ჯგუფის ნამუშევრებს, რომელთაც, ძირითადად, "The Museum Of Jurassic Technology ”-ს წყალობით მიაკვლია.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/tchitchoua-nanuka.html 

2. https://www.amerikiskhma.com/a/6733358.html

3. https://tormeti.com/2017/01/30/ნანუკა-ჩიჩუა/

4. წარდგენა : ნანუკა ჩიჩუა, შოთა იათაშვილი // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. -  იანვარი. - N75. - გვ. 10.

 


გააზიარე: