The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ია დავითაშვილი

ია დავითაშვილი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ია დავითაშვილი ქართველი მევიოლინეა, რომელიც ავსტრიასა და გერმანიაში მოღვაწეობს. მისი მუსიკალური კარიერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო და წარმატებებმაც არ დააყოვნა.

დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მისი ოჯახის წევრები არ არიან პროფესიონალი მუსიკოსები, მაგრამ დედა ფორტეპიანოზე უკრავდა და მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო უფროსი ქალიშვილი მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა. დასთან ერთად ვიოლინოს გაკვეთილებზე პატარა იაც დადიოდა. ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ მუსიკალური სმენა და ნიჭი ჰქონდა და ისიც მიიყვანეს ვიოლინოზე დაკვრის შესასწავლად. მაშინ 5 წლის იყო.

ია თბილისის მე-6 მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა პედაგოგ მეგი ქლიბაძესთან. სწორედ მან აღზარდა მუსიკოსად და საკმაოდ პატარა ასაკში ჩართო არაერთ მნიშვნელოვან კონცერტში. მათ შორის იყო გასვლითი კონცერტები გერმანიაში.

სოლო კონცერტებს 12 წლის ასაკიდან მართავდა. შემდეგ უკვე სტიპენდიითა და გერმანიის მხარის მიწვევით იყო კონცერტები და არაერთი საქმიანი შემოთავაზება.

საქართველოშიც ხშირად ჰქონდათ კონცერტები - ლუთერანულ ეკლესიაში, კონსერვატორიაში და სხვადასხვა ქალაქში.

ია დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის მე-9 სამუსიკო კოლეჯი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგოგ ერნსტ არაქელოვის ხელმძღვანელობით.

2006 წელს, როცა კონსერვატორიაში ჩააბარა, იმავდროულად, თბილისის ევგენი მიქელაძის სიმფონიურ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო შემოთავაზება, ახალდაფუძნებულ კამერულ ორკესტრში დაეკრა. სიამოვნებით დათანხმდა და 2008 წლიდან მუშაობდა სიმებიან საკრავთა კამერულ ანსამბლში, რომელიც, 2010 წლიდან GEORGIAN SINFONIETTA - ს სახელით მოღვაწეობს.

ია დავითაშვილმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურაც დაამთავრა და 2014 წლის სექტემბერში ჩაირიცხა ზალცბურგის მოცარტეუმში. ის პირველია საქართველოდან ვინც ზალცბურგის უნივერსიტეტ მოცარტეუმში ჩააბარა.

სამწუხაროდ პირველი სემესტრი გაუცდა დაფინანსების არქონის გამო და ავსტრიაში მხოლოდ 2015 წელს ჩავიდა. „მოცარტეუმმა“ სწავლის პერიოდში დაუნიშნა სტიპენდია, ასევე, მოიპოვა სტიპენდია შვეიცარიის ფონდიდან.

უნივერსიტეტში ჰქონდა საშუალება გასცნობოდა მნიშვნელოვან მუსიკალურ ლიტერატურას და ხელნაწერებიდან დაეკრა ძველი ავთენტური სტილით.

მაგისტრატურაზე ლავარდ სკოუ ლარსენის (მევიოლინე-დირიჟორი) ხელმძღვანელობით სწავლობდა. ექვსი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დაუგროვდა. 2016 წლიდან არის ზალცბურგის ფილარმონიური ორკესტრის (Salzburg Philharmonie) წევრი, ასევე, მიწვევით უკრავს სხვადასხვა კამერულ თუ სიმფონიურ ორკესტრებში, ესენია: „ზალცბურგის კამერული სოლისტები“( Salzburg Chamber Soloists), „გერმანიის რადიოორკესტრი“( Deutsche Radio Kammerorchester), „კონცერტო დე ბასუსი“( Concerto de Basus, ავთენტურ ინსტრუმენტზე), ბადენ-ვიუტემბერგის სიმფონიური ორკესტრი და სხვა.;  ასევე მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ტურნეში (ჩინეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი).

წყარო:

1. https://tornikedevadze.wordpress.com/2016/05/13/ჩემს-უნივერსიტეტშიინფო/

2. https://speech.ge/khelovneba/ia-davithashvili-mevioline-avstria/ 

3. დავითაშვილი ია. როგორ მიაღწია წარმატებას ია დავითაშვილმა ავსტრიასა და გერმანიაში და რატომ დააფინანსა მისი სწავლა სრულიად უცნობმა ადამიანმა : ინტერვიუ / ია დავითაშვილი ; ესაუბრა ქეთი მოდებაძე // თბილისელები. -2022. -25-31 ივლისი. – N30. -გვ.9


გააზიარე: