The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მანანა გუნია

მანანა გუნია
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მანანა გუნია დაიბადა 1973 წლის 3 ნოემბერს, ქ. თბილისში. თეატრით გატაცება ოჯახური ტრადიციებით იყო განპირობებული. იგი ლეგენდარული მსახიობის ვალერიან გუნიას შვილთაშვილია.

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი თეატრის მხატვრობის სპეციალობით; 1998 წელს იმავე ფაკულტეტის  მაგისტრატურა კინოს მხატვრობის განხრით; 

1992 წლიდან დაკავებულია სცენოგრაფიითა და კოსტიუმების მხატვარობით;

1999-2001 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგი; 

1998 წლიდან არის ააიპ. ვ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA Union) - სცენოგრაფების, თეატრის არქიტექტორთა და ტექნიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის (OISTAT) საქართველოს ნაციონალური ცენტრის დამფუძნებელი და გამგეობის  წევრი.

საქართველოში გაფორმებული აქვს მრავალი სპექტაკლი და შოუ. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრთან, თბილისის მუსიკის და დრამის სახელმწიფო თეატრთან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, რუსთავის საბავშვო თეატრთან, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან. 

1996 წელს მიღებული აქვს პირველი პრემია ნომინაციაში "საუკეთესო სცენოგრაფია და კოსტუმები" თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი" (ქ. რუსთავი, საქართველო).

2002 წლიდან ცხოვრობს იტალიაში, ქ. მილანში და უკვე წლებია თანამშრომლობს ევროპის და აზიის საოპერო თეატრებთან. მათ შორის, Maggio Musicale Fiorentino (ფლორენცია, იტალია) და Oxford Opera Society-თან (დიდი ბრიტანეთი).

2002 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ვირტუალურ სცენოგრაფიაში ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში (იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია).

ხელოვანისთვის წარმატებული გამოდგა 2002 წელს ფლორენციის ოპერის თეატრის კონკურსში მონაწილეობა, რომლის მოგების შედეგად გააფორმა თანამედროვე კომპოზიტორის, ფრანჩესკო ტრავერსის ოპერა „ორესტე“, რომელიც ცნობილი ფესტივალის Maggio Musicale Fiorentino-ს ფარგლებში განხორციელდა (რეჟისორი მასიმო მატიოლი). 

ამის შემდეგ მოიგო ოქროს მედალი ნომინაციაში "საუკეთესო მულტიმედიური სცენოგრაფია" კიდევ ერთ პრესტიჟულ  კონკურსზე –  «Premio Firenze»  - Centro Culturale Firenze Europa (ფლორენცია, იტალია, 2002); ეს იყო ფლორენციის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული პროექტი. მისი საკონკურსო  ნამუშევარი გამოიფინა Palazzo Vecchio-ს Salone dei Cinquecento-ში.

2003-2005 წწ. მუშაობდა ვირტუალური სცენოგრაფიის პედაგოგად "ლა სკალას აკადემიაში" (Teatro alla Scala Academy) მილანში.

მნიშვნელოვანი დადგმები: 1995 - "ქამუშაძის გაჭირვება", დ. კლდიაშვილი. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი (თბილისი); 1997 - "სალომეა", ო. უალდი. შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი (თბილისი); 1997 - "ორკესტრი", ჟ. ანუი. შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი (თბილისი, საქართველო); 1998 – "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე", მ. ჩიკამაცუ. შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი (თბილისი); 2012 – "აბრეშუმის კიბე", ჯ. როსინი. ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (თბილისი); 2019 - "აბრეშუმის კიბე", ჯ. როსინი. Astana Opera (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი); 2020 - "დონ პასკუალე", გ. დონიცეტი, Astana Opera (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი); 2021 – "ნადიმი ჭირიანობის დროს", ს. კიუი, Oxford Opera Society (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი); 2021 - "საიდუმლო ქორწინება", დ. ჩიმაროზა,  Astana Opera (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი) და სხვა.

მანანა გუნიამ უამრავი პროექტი განახორციელა  არა მხოლოდ  თეატრალური სცენოგრაფიის მიმართულებით, არამედ როგორც საერთაშორისო გამოფენების არტ დირექტორ – დიზაინერმა.

2011 წლიდან არის OISTAT–ის კოსტუმის დიზაინის კომისიის წევრი, საქართველოს ნაციონალური ცენტრის წარმომადგენელი.

2005-2014 წწ. - სარეკლამო ბიზნესში არტ დირექტორი;.

2014-2015 წწ., როგორც ივენთ დიზაინერი, თანამშრომლობდა Condé Nast ჯგუფთან, მათ შორის, Vogue Italia-ს ღონისძიებებში.

2016-2018 წწ.  იყო არტ დირექტორი ინფორმატიკის სფეროში მილანის პრესტიჟულ software house-ებში.

2019 წლიდან სტაბილურად თანამშრომლობს Astana Opera-სთან (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი).

პერმანენტულად მოღვაწეობს  კიდევ ერთ სფეროში- ეს არის  საგამოფენო დიზაინი.

მანანა გუნია იყო თბილისის საერთშორისო სცენოგრაფიის ბიენალეს დიზაინერი და საქართველოს სტუდენტური (PQ07, PQ11) და ნაციონალური (PQ015, PQ19) პავილიონების არტ დირექტორი პრაღის კვადრიენალეზე (Prague Quadrennial) 2007, 2011,2015 და 2019 წლებში.

წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/manana-gunia-mkhatvari-italia/ 

2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00017658/

3. https://www.mananagunia.com/bio.php


გააზიარე: