The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზურაბ სიმონის ძე ჩხოტუა

ზურაბ სიმონის ძე ჩხოტუა
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1975  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლოზანა, შვეიცარია
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

„მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, და მთავრობისათვის სასარგებლო კავშირები დავამყარე. ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემი სინდისი მკარნახობდა, და რისი გაკეთებაც აუცილებელი და დასაშვები იყო. თუკი მომავალში მომეცემა საშუალება, ჩემს მოვალეობად ჩავთვლი, ყოველთვის დავიცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები“, - ეს სიტყვები იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის ზურაბ ჩხოტუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი კრედო. 

ჩხოტუა აფხაზ თავადთა გვარია. მათი სამფლობელოს ცენტრი სოფელი ბედია იყო, ხოლო საგვარეულო განსასვენებელი - ნაციმერის ეკლესია.

ზურაბ სიმონის ძე ჩხოტუა 1897 წელს, სოხუმში დაიბადა. იგი გენერალ-მაიორის, ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას (1808-1892) შვილიშვილი გახლდათ. პროფესიონალი სამხედრო იყო მამამისიც, პოდპოლკოვნიკი სიმონ ჩხოტუა (1860-1909). დედა - ელისაბედ გიორგის ასული ტერ-არუთინოვა (1870-1949) ფრიად განათლებული ქალი გახლდათ, იცოდა რამდენიმე ენა - ქართული, ფრანგული, ბერძნული, რუსული და სომხური. მათ ოჯახში ხუთი ვაჟი იზრდებოდა - გიორგი, ზურაბი, ლეონიდე, ნიკოლოზი და ევგენი.

ზურაბ ჩხოტუა ყაბარდოული პოლკის ოფიცერი იყო. მან 1915 წელს დაამთავრა ელისავეტგრადის კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი, 1917 წელს კი დიდი მთავარ კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელობის ოდესის კადეტთა კორპუსი. ეს იყო ნახევრად გასამხედროებული, დახურული ტიპის დაწყებითი სამხედრო-სასწავლო დაწესებულება, საშუალო განათლების პროგრამით და სრული პანსიონით, სადაც ახალგაზრდობას სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ.

სამოქალაქო ომის წლებში (1918-1920) ახალგაზრდა ოფიცერი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიის კავალერიაში მსახურობდა, ხოლო შემდეგ - ვრანგელის თეთრ არმიაში. 1920 წლის ნოემბერში მოკავშირეთა გემით დატოვა ყირიმი და ემიგრაციაში წავიდა, ჯერ რუმინეთში, შემდეგ კი ამერიკაში.

რუმინეთში ზურაბ ჩხოტუამ 15 წელი გაატარა. იყო თავად ნიკოლაე რუმინელის მამულების მმართველი სნაგოვში, ბუქარესტთან ახლოს. 1935 წელს მან ნელა ტეოდორესკუზე იქორწინა.

1936 წლის დეკემბერში ზურაბ ჩხოტუა ამერიკაში ჩავიდა, მისი მეუღლე კი რუმინეთში დარჩა. ამერიკაში ზურაბს ნიკოლოზ ჩხოტუას ოჯახმა უმასპინძლა, რომელიც იმჟამად სანტა-ბარბარაში ცხოვრობდა.

ემიგრაციაში ზურაბ ჩხოტუამ მეღვინეობა შეისწავლა, ღვინის წარმოების ექსპერტი გახდა და ამერიკაში კონიაკის გამოშვებას გეგმავდა. 1942 წელს ზურაბ ჩხოტუამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. 1943 წელს სანტა-ბარბარას სამხატვრო მუზეუმში მისი ნახატების გამოფენა შედგა. 1945 წელს ზურაბმა სან-ფრანცისკოს გალერეა „City of Paris”-ში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა, 1946 წლის ნოემბერში კი ამავე გალერეაში მისი პერსონალური გამოფენაც გაიმართა. 

1949 წელს ზურაბ ჩხოტუა სან-ფრანცისკოში დაქორწინდა ამერიკის მოქალაქე ვირჯინია ჰობარტ-ბოლდუინზე. ვირჯინია მილიონერის, აქციების, მამულებისა და ჰოლდინგის მფლობელის, ოქროსმწარმოებლის, ვალტერ სკოტ ჰობარტის ქალიშვილი და მულტიმილიონერ ჩარლზ ბოლდუინის ქვრივი იყო. ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მასზე ბევრს ჭორაობდნენ და წერდნენ პრესაშიც. მათი ქორწინება ოთხ წელიწადში დასრულდა, თუმცა გაყრა ოფიციალურად არ გაუფორმებიათ. ვირჯინიასთან დაშორების შემდეგ ზურაბი ნიუ-იორკში გადავიდა და სასტუმრო „პიერში“ დაბინავდა. ხშირად სტუმრობდა პარიზს.

1950 წლის აგვისტოში პარიზში მოღვაწე დევნილმა საქართველოს მთავრობამ თავის არაოფიციალურ წარმომადგენლად აშშ-ში ზურაბ ჩხოტუა დანიშნა. ამ ნაბიჯით მთავრობა ცდილობდა დაეცვა საქართველოს უფლება, მოეპოვებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და, შეძლებისდაგვარად წინ აღდგომოდა რუსული ემიგრანტული ორგანიზაციების დიდმპყრობელურ განწყობას.

თავად ზურაბი აღნიშნავდა, რომ მისი უპირველესი მიზანი იყო საქართველო თავისუფალი ევროპის კომიტეტში მიეღოთ, რაც ფაქტობრივად, ვაშინგტონის მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართული რედაქციის დაარსებაში, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1951 წლის 26 მაისს. იმავე წლის ნოემბერში კი მისი ძალისხმევით „ამერიკის ხმის“ ქართული პროგრამები რუსული განყოფილებიდან ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში გადაიტანეს. ეს დადებით მოვლენა იყო, რადგან შესაძლებელი გახდა იმ ცენზურისა და უთანხმოების თავიდან აცილება, რომელიც რუსულ განყოფილებაში ქართული პროგრამების არსებობის დროს ხშირად იჩენდა თავს.

ცივი ომის პირველივე წლებიდან ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა ამერიკის სახელისუფლებო წრეებთან დაახლოება-თანამშრომლობას ცდილობდა. ფინანსურ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებს და ხელს უწყობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემას. ამავე დროს იყო ნიჭიერი მხატვარი, რომელმაც ამერიკულ აუდიტორიას საქართველო და კავკასია თავისი შემოქმედებით გააცნო. გამოფენები ჰქონდა ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და პარიზში.

ზურაბ ჩხოტუას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ემიგრაციის მისია და იმდროინდელი საქართველოს რეალობა, ის წერდა: „ქართული ემიგრაცია წარმოადგენს საკუთარი ერის ერთადერთ ნამსხვრევს, რომელსაც მოქმედების თავისუფლება აქვს დატოვებული. ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს - მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და ფიქრები კეთილი საქმიანობისაკენ, რომლის მიზანია ქვეყნის ინტერესების დაცვა და მისი განთავისუფლება საბჭოთა მონობისაგან. მოცემულ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა, რომლის დაძლევა მხოლოდ ზებუნებრივი ძალებით არის შესაძლებელი“.

ცხოვრების ბოლო ათი წელი ზურაბ ჩხოტუა ბევრ მოგზაურობდა. ესტუმრა ეკვადორს, ჰავაის კუნძულებს, ხშირად ჩადიოდა საფრანგეთში და შცეიცარიაში. აქტურად ეწეოდა ქველმოქმედებას, ეს განსაკუთრებით ჟურნალ-გაზეთების გამოცემას ეხებოდა, ეხმარებოდა ქართულ ეკლესიასაც.

გარდაიცვალა ნიუ-იორკში, 1975 ლის 20 იანვარს. წესი ნიუ-იორკში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში აუგეს, შემდეგ კი მისი ცხედარი ნიკოლოზ ჩხოტუამ შვეიცარიაში გადაასვენა და ლოზანაში, პრილში დაკრძალა.

წყარო:

1. მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში: გულის ძახილი: ზურაბ ჩხოტუა  - თბილისი, 2020. -გვ. 255-272.


გააზიარე: