The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დემნა გვასალია

დემნა გვასალია
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია. ამჟამად ის გერმანიის მოქალაქეა და ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

დაიბადა 1981 წლის 25 მარტს, სოხუმში, ქართველი მამის და რუსი დედის ოჯახში. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლის დიზაინით, მაგრამ მის ნიჭს განვითარება არ დასცალდა. 1992 წელს აფხაზეთში ომი დაიწყო და მისი ოჯახი დევნილად იქცა.

საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახის მოთხოვნით დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რადგან მის მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სტუდენტობის დროს ოპერატორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში.

დემნა გვასალიამ ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი თბილისში აიღო და აპირებდა მაგისტრატურაც აქვე გაევლო ეკონომიკის მიმართულებით. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2000 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში, დიუსელდორფში, გადავიდა და დემნას გეგმებიც შეიცვალა.

„ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ბელგიაში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა“, - იხსენებს დემნა.

ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩასარიცხი 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში მიიღეს. პირველი კურსის ბოლოს ის 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა.

დემნა გვასალიამ მოდის დიზაინში ხარისხი 2006 წელს დაიცვა. 2007 წელს კი თავისი პირველი კოლექცია ტოკიოს მოდის კვირეულზე წარადგინა.

2009 წელს ახალგაზრდა ტალანტი "მეისონ მარტინ მარჯიელას“ შეუერთდა, სადაც პასუხისმგებელი იყო ქალის სამოსის კოლექციებზე. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ Margiela -ში დაიწყო.

დემნამ პარიზში, Maison Margiela-ს ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. 2012 წელს ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela“-ის კოლაბორაციას. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton“-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან.

მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას "ლუი ვიტონში“ მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) და ძმასთან, გურამთან ერთად, 2014 წელს შექმნა „Vetements“ (ფრანგულად „ტანსაცმელი“), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება. 

Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა იყო, გურამი კი კომპანიის ფინანსურ საკითხებს განაგებდა.

2015 წლის ოქტომბერში დემნა გვასალია დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით (კრეატიულ) დირექტორად, თუმცა Vetements-ში აგრძელებდა დიზაინერად მუშაობას. Balenciaga-სთვის შექმნილი თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა.

2016 წელს გამოცემამ „Business of Fashion“-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა.

2016 წლის „Fashion Awards“-ის დაჯილდოებაზე მან წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო აიღო, ხოლო „Vetements“-ი წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი გახდა.

2018 წელს Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი „წლის აქსესუარების დიზაინერი“ გახდა. მას ჯილდო „Fashion Awards 2018“-ზე გადასცეს.ამ ნომინაციაში გამარჯვებისთვის, დემნა გვასალიასთან ერთად, Gucci-ის, LOEWE-ის, Dior-სა და Prada-ს მოდის სახლის დიზაინერები იბრძოდნენ. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, „როიალ ალბერტ – ჰოლში“ გაიმართა.

2019 წელს დიზაინერმა Vetements -ი დატოვა და დღემდე Balenciaga -ში ქმნის მოდას.

2021 წელს, ამე­რი­კა­ში მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა დემნა გვასალიასთვის   ტრი­უმ­ფით დას­რულ­და. მან “ქა­ლის სა­მოს­ში წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნე­რის” კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. ეს მო­დის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოა,  რო­მელ­საც "მო­დის ოს­კარ­საც" კი უწო­დე­ბენ.

დემნამ „Balenciaga-ს შემოსავალი დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“ - ამის შესახებ პოპულარული გამოცემა bloomberg-ი ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა.

დემნა გვასალია დღეს ის სახელი და გვარია, რომელიც თავისთავადაც უკვე ბრენდად იქცა და მსოფლიო იცნობს.

2022 წელს დიზაინერს მიენიჭა საპატიო თბილისელის სტატუსი.

მას მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: საქართველოს ღირსების მედალი (2021) - „მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის;

აგრეთვე, უკრაინის III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ (2022) - „პირადი დამსახურებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.

დემნა გვასალია TIME-მა 2022 წლის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ამ სი­ა­ში ქარ­თვე­ლი მოხ­ვდა.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/დემნა_გვასალია

2. https://www.ambebi.ge/article/282494-azrs-vekitxebi-chems-stazhiorebs-asistentebs-mz/ 

3. https://www.ambebi.ge/article/273262-igive-ram-moxda-chems-kveqanashic-da-me-samudamo-lt/


გააზიარე: