The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გურამ გვასალია

გურამ გვასალია
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

დემნა და გურამ გვასალიები სოხუმში დაიბადნენ. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ, მაგრამ 1992 წელს, აფხაზეთის ომის გამო ყველაფერი დაკარგეს და ლტოლვილებად იქცნენ. ომის შემდეგ ჯერ თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ - უკრაინაში, 2000 წელს კი ემიგრაციაში წავიდნენ გერმანიაში.

გურამმა გერმანიაში დაამთავრა მე-13 გიმნაზია და ევროპულ ბიზნესსკოლაში ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. განათლება განაგრძო საერთაშორისო მართვის სფეროში - კიოლნის ბიზნესსკოლაში და ამერიკულ ბიზნესსკოლაში, პარიზში.

ამ დროისთვის მისი ძმა, დემნა, უკვე შემდგარი დიზაინერი იყო. უფროსი ძმის  მსგავსად,  გურამიც მალევე მიხვდა, რომ მათემატიკაზე მეტად ხელოვნება იზიდავდა: „მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან “ვმეგობრობ”, შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა. უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და გადავწყვიტე დიდ და მცირე ბრენდებს წინსვლასა და განვითარებაში დავხმარებოდი - მათთვის ამ თემაზე კონსულტაციებს ვატარებდი და ვუტარებ დღესაც“,- ამბობს გურამ გვასალია.

2014 წელს გურამმა ძმასთან ერთად ცნობილი ბრენდი VETEMENTS-ი  დააფუძნა.

მოდის სფეროთი გატაცებული ძმები გვასალიების კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა და 2016 წელს Vetements-ი საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდად აღიარეს. Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა იყო, გურამი კი კომპანიის ფინანსურ საკითხებს განაგებდა.

მოდის სფეროში აქტიური მოღვაწეობის პარალელურად, ძმისგან განსხვავებით, გურამ გვასალია სამწერლობო საქმიანობასაც მისდევს. ის ავტორია წიგნისა „Size Zero: A Guide To Spiritual Management“. როგორც თავად ამბობს, ამ წიგნით მას უნდა ადამიანებს რეალური სამყაროს შეცნობაში დაეხმაროს: „არასდროს ეცადოთ ვინმეს დაემსგავსოთ. გახსოვდეთ, რომ პატენტი რაც არ უნდა კარგი იყოს, ის ორიგინალს ვერასდროს ჩაანაცვლებს. იყავით ის, ვინც ხართ, დამიჯერეთ, ამაზე მაგარი არაფერია“.

გვასალიების მიერ დაარსებულმა ბრენდმა საკმაოდ მცირე დროში სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბრენდს instagram-ზე 2 მლნ. ფოლოუვერი ჰყავს. 2017 წელს Vetements-მა  ადგილმდებარეობა შეიცვალა და პარიზიდან ციურიხში გადაინაცვლა. “ციურიხში ჩვენი გადასვლა საჭირო იყო, რათა უკეთ დაგვენახა ჩვენი სამომავლო ნაბიჯები. ზოგჯერ სამყაროსგან დისტანცირება საჭიროა, რათა უკეთ აღწერო ის,”- უთხრა Financial Times-ს გურამ გვასალიამ.

2015 წლიდან დემნა გვასალია, პარალელურად, Balenciaga-ში მოღვაწეობდა. 2019 წელს მან Vetements-ი საბოლოოდ დატოვა და დღემდე Balenciaga-ში ქმნის მოდას.

WWD-ის ინფორმაციით Vetements -ის წლიური შემოსავალი 100 მლნ დოლარს აღწევს.

2021 წელს ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტი გურამ გვასალიამ შეითავსა.

დემნას წასვლის შემდეგ Vetements-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი არ ჰყავდა და კოლექციებს ჩვენთვის უცნობი ადამიანები ქმნიდნენ. 2021 წლის 15 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ 2022-2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ხელმძღვანელი გურამ გვასალია იქნებოდა.

"ყველაფერს თავისი დრო აქვს. დრო მოვიდა, რომ ასპარეზზე გამოვიდე. 2022-2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შექმნისას გადავწყვიტე, რომ Vetements-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გავხდე", - წერს დიზაინერი.

2022 წელს გურამმა Vetements-ის ახალი კოლექციის პირველი არავირტუალური ჩვენება გამართა პარიზში.

„Vetements-ი შემოქმედებითი ადამიანების კოლექტივია, ჩვენ  ვაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას, ბრენდის ჭეშმარიტი ფასეულობების პატივისცემით და მხარს დავუჭერთ სუფთა შემოქმედებას და ნიჭს“, – აცხადებს გურამ გვასალია.

Vetements-ის 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის შესახებ ისეთმა გავლენიანმა გამოცემამაც დაწერა, როგორიც Vogue-ია, რომლის სტატიაშიც ვკითხულობთ, რომ ამ ჩვენებაზე მუშაობისას გურამ გვასალიას შთაგონება საქართველოში გატარებული ბავშვობა და ომის გამო სამშობლოდან წასვლის ტრავმული გამოცდილება იყო.

"ეს კოლექცია ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ბავშვობასა და მოდასთან ჩემს პირველ შეხებაზეა. თითოეული სამოსი ჩემს მოგონებებზე ჰყვება", — განუცხადა გურამმა ვოგს.

გურამის თქმით, ეს არის მისი "ქამინგ აუთ" კოლექცია, როგორც Vetements-ის დამოუკიდებელი შემოქმედებითი ხელმძღვანელის.

გურამ გვასალია არასოდეს მალავს თავის ქართველობას და ხშირად ამბობს, რომ საქართველო ძალიან ენატრება: „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან ვამაყობ ჩემი წარმომავლობით. ეს მაძლევს ძალას და გადარჩენის ძლიერ ინსტიქტს“, - სიამაყით აღნიშნავს ქართველი დიზაინერი.

წყარო:

1. https://tabula.ge/ge/news/677670-asparezze-gamosvlis-droa-guram-gvasalia-vetements

2. https://www.mshoblebi.ge/article/21901-ras-sakmianobs-guram-gvasalia-romelsac-naklebad-icnoben-sakartveloshi-zmebi-gvasaliebis-mogonebebi-sakartveloze-da-triumpi/


გააზიარე: