The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკა გოგიაშვილი

ნიკა გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:1992  (32 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ნიკა გოგიაშვილი წარმატებული არტისტია, ბელგიაში ცხოვრობს, მაგრამ მის ნამუშევრებს ყველა კონტინენტზე შეხვდებით. მხატვრობა არსად არ უსწავლია, თუმცა ბავშვობიდან ხატავდა. თავიდან იურისტობა უნდოდა. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რადგან ჟურნალისტიკა ყოველთვის აინტერესებდა.

სტუდენტობის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა საქართველოს ტელევიზიაში. ნიკა გოგიაშვილისთვის სატელევიზიო სივრცეში მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ გული მაინც რაღაც ახლისკენ მიუწევდა. განსაკუთრებით ახალი ქვეყნები იზიდავდა. პატარა ასაკიდანვე ფიქრობდა, რომ მოგზაურობა მომავალში ჩადებული საუკეთესო ინვესტიცია იქნებოდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ისეთ ქვეყანაში გაეგრძელებინა ცხოვრება, საიდანაც სამყაროს უკეთ შეიცნობდა. თუმცა ჯერ სწავლა უნდა დაესრულებინა. ასეც მოიქცა და ეს ნაბიჯი მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გადადგა.

მაშინ დედამისი ბელგიაში ცხოვრობდა, იქ სხვა ნათესავებიც ჰყავდა. ამ ქვეყანაში დამკვიდრება და კარიერის აწყობა ამიტომაც გადაწყვიტა. თუმცა როცა ნიკა ბელგიაში ჩავიდა, დედა სამშობლოში დაბრუნდა. ახალგაზრდა კაცს უცხო ქვეყანაში ყველაფრის მარტო კეთება მოუხდა. ამან გააძლიერა, რადგან როგორც თავად ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია შეეჯიბრო საკუთარ თავს და გამოსცადო, შეძლებ თუ არა თავის დამკვიდრებას უცხოეთში. ოჯახიდან შორს ყოფნა მარტივი არ არის, მაგრამ მეტი შანსია, ნახო სამყარო, რომელიც ასეთი დიდია, გაეცნო მსოფლიო კულტურებს და მარტომ, დიდი შრომით ააგო პირადი წარმატება.

ნიკა გოგიაშვილი 2016 წლიდან ცხოვრობს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. ქმნის  თანამედროვე არტს აბსტრაქციული ნამუშევრებით, ფიგურათა და ფერთა კომბინაციით. ბევრს მოგზაურობს, რათა გაიცნოს ახალი ადამიანები. მისი ნამუშევრების მთავარი ინსპირაცია ადამიანები არიან, თავიანთი მრავალფეროვნებით, ემოციებითა და ისტორიებით.

ბელგიაში თავის დამკვიდრება რთული აღმოჩნდა. აქ გალერეებში მოსახვედრად აუცილებლად გჭირდება პოპულარობა. ნიკამ დაიწყო ნახატების სოციალურ ქსელში გამოქვეყნება და ძალიან მალე კლიენტებიც გამოჩნდნენ. პირველი სერიოზული შემოთავაზება ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროთა ქსელისგან მიიღო, რასაც პირადი შეკვეთებიც მოჰყვა.

ახლახან ბელგიის სამეფომ ოფიციალურად მიანიჭა არტისტის სტატუსი, რაც ამ ქვეყანაში განსაზღვრავს ადამიანის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვს ოფიციალური საიტი და თანამშრომლობს გალერეებთან.

არტ გამოფენების გარდა ნიკა გოგიაშვილი თანამშრომლობს კერძო კლიენტებთანაც. ეამაყება, რომ ილია ჭავჭავაძის იდეაზე შექმნილი ხელოვანის ნამუშევარი მსოფლიოში ძალიან ცნობილ ფსიქოლოგსა და ოქსფორდის პროფესორს – რიკ კამერონს ეკუთვნის, ასევე, სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი ნამუშევრები ინახება ცნობილი ბელგიელი სპორტსმენის იორიკ ჰენდრიქსის კოლექციაში, მის მიერ შესრულებული ხატია ბუნიათიშვილის პორტრეტი კი მან პირადად გადასცა პიანისტს ბრიუსელში გამართულ კონცერტზე.

პანდემიის პერიოდში, როდესაც მსოფლიო ჩაიკეტა და ყველანი სახლებში ისხდნენ, ნიკას დაებადა იდეა, რომ ხალხისთვის შეეთავაზებინა არტი, რომელიც მათ მეხსიერებაში დარჩებოდა, როგორც პოზიტიური მოგონება ცხელი იტალიური ზაფხულის შესახებ. ამიტომ შექმნა სკულპტურა, რომლის ინსპირაციაც სიცილიაზე გატარებული ზაფხული, იქ მიღებული შთაბეჭდილებები და იტალიური ხელოვნების ნიმუშები გახდა. დიზაინერს სურდა ეს პროექტი რაც შეიძლება, სახალხო ყოფილიყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. პროექტმა გაამართლა. სკულპტურების გაყიდვაში ჩაშვებიდან 3 კვირაში „სიცილიურმა ზაფხულმა“ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე დაიდო ბინა.

2021 წლის თებერვალში ყურადღების ცენტრში მოექცა დიზაინერის ნამუშევრები, რომლებიც მან მსოფლიო კლიმატური პრობლემების თემაზე შექმნა და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ჰქონდა გამოქვეყნებული. სრულიად მოულოდნელად მიიღო შეტყობინება ნიუ-იორკის ძალიან ცნობილ სამხატვრო გალერეა „ეკოარტ პროჯექთიდან“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან კრებს მსოფლიო კლიმატურ პრობლემებზე მომუშავე არტისტებს. მათ აირჩიეს ნიკას სამი ნამუშევარი და საკუთარ გალერეაში გამოფინეს, რაც  ძალიან საამაყოა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ არჩევანი ქართველ არტისტზე შეაჩერეს.

გარდა ამისა, ნიკა არის ვიზუალტრენერი – ამზადებს თანამშრომლებს H&M -ისთვის.

ასევე, არის შვედური ბრენდების – H&M, COS, ARKET – კრეატივ- და ვიზუალმენეჯერი და ბელგიაში ამ მაღაზიის ყველაზე დიდ ქსელს მართავს, ანუ ქმნის მაღაზიისა და კოლექციის დიზაინს. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ცნობილი მოდის გამოცემა VOGUE და MARIEA CLAIRE არჩევენ ერთ პერსონას H&M-ის ისტორიიდან და მასზე ინტერვიუს ბეჭდავენ.

2021 წელს არჩევანი ნიკა გოგიაშვილზე შეჩერდა, რადგან ბელგიაში მისი დიზაინით შექმნილი მაღაზია გახდა საუკეთესო როგორც ვიზუალური, ასევე კრეატივისა და გაყიდვების მიმართულებით. ინტერვიუში, სწორედ, ამაზეა აქცენტები – თუ რა გზა გაიარა ხელოვანმა საქართველოდან H&M-ის მენეჯერობამდე და რა წვლილი შეიტანა შვედური ბრენდის განვითარებაში, რომელმაც მისი მართვის დროს ასეთ წარმატებას მიაღწია.

ამ ყველაფერთან ერთად, ნიკა გოგიაშვილი თანამშრომლობს ქართულ დიასპორასთან ბელგიაში. მონაწილეობას იღებს ევროპარლამენტის სხვადასხვა პროექტში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ღირებულებებთან. მუშაობს პრობლემურ ქეისებზე და ეხმარება იმ ქართველებს, რომლებსაც ბელგიაში ინტეგრაციის დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული პრობლემები ექმნებათ.

წყარო:

1. https://tbiliselebi.ge/ka/news/society/rogor-daido-bina-nika-gogiashvilis-namushevrebma-kvela-kontinentze 

2. https://speech.ge/khelovneba/nika-gogiashvili-mkhatvari-belgia/


გააზიარე: