The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სიმონ სურგულაძე

სიმონ სურგულაძე
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ექიმი-ფსიქიატრი სიმონ სურგულაძე დაიბადა 1953 წლის 30 ივნისს, რუსეთში, ლენინგრადის ოლქის სოფელ ლეკაში.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1976-1978 წწ. იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის რესპუბლიკური კლინიკური ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1985 წლიდან - ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1990 წლიდან  - ფსიქიატრიის ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძღვანელი;

1988-1990 წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი;

1994-1995 წწ. მუშაობდა გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში;

1997 წლიდან - ლონდონის ნეიროფსიქიატრიულ კლინიკაში.

სიმონ სურგულაძე არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემაა - "იპოქონდრულ გამოვლინებათა სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა შიზოფრენიის დროს"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შუბისმაგვარი შიზოფრენიის რემისიების კლინიკური და ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემები და მათი სასამართლო-ფსიქიატრიული მნიშვნელობა". სადოქტორო დაიცვა 1994 წელს. 

ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ფსიქიატრიას, სოციალურ ფსიქიატრიას, პათოფსიქოლოგიას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.

2000 წლიდან სიმონ სურგულაძე მეუღლესთან, ფსიქოლოგ ქეთი ჭანტურიასთან ერთად მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში. საწყის ეტაპზე იყო ლონდონის კინგს კოლეჯის (King's College ) კრიზისული სამსახურის ექიმი ფსიქიატრი და მოწვეული უფროსი ლექტორი, მოუდსლის ეროვნული სამედიცინო ცენტრის სპეციალისტი. ამჟამად არის ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტის საპატიო ლექტორი, სამხრეთ ლონდონის და მოუდსლის „NHS Trust“ ფონდის საპატიო მდივანი, პიტსბურგის (აშშ) უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი

2021 წელს პროფესორ სიმონ სურგულაძის ინიციატივით საქართველოში სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშესაწყობად განხორციელდა ერთლწლიანი პროექტი „გავიღიმოთ“. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იყვნენ დარგის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები.

წყარო:

1. ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.257

2. საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.366

3. https://www.mshoblebi.ge/article/22312-rogor-vascavlot-mozardebs-emociebis-martva-da-stresebis-dazleva-zalian-sachiro-proekti-gavigimot-icqeba/


გააზიარე: