The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლიზი რამიშვილი

ლიზი რამიშვილი
დაბადების თარიღი:199?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ლიზი რამიშვილი დაიბადა თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში. ბაბუა - ოთარ რამიშვილი, ფენომენალური გიტარისტი, სიმღერების ავტორ-შემსრულებელი და თბილისის კოლორიტი იყო; დედა მევიოლინეა, ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში უკრავს; მამას, მიხეილ რამიშვილსაც კონსერვატორია აქვს დამთავრებული ალტის განხრით, სიმღერებსაც წერს, თუმცა უკვე ზრდასრულ ასაკში სპეციალობა შეიცვალა და დღეს ცნობილი ადვოკატია.

ლიზი მუსიკის მიმართ ინტერესს ბავშვობიდან იჩენდა. მშობლებმა თავიდან ფორტეპიანოზე შეიყვანეს, ერთი წლის შემდეგ სიმებიან საკრავებზე გადაიყვანეს, საბოლოოდ კი ჩელოზე შეჯერდნენ.. 

2003 წლიდან ლიზი რამიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში, „ნიჭიერთა ათწლედში“სწავლობდა, ჩელოს ფაკულტეტზე.

„ნიჭიერთა ათწლედის“ დამთავრების შემდეგ, 2014-2015 წლებში სწავლა განაგრძო გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში. ამას თავის წინაპირობა ჰქონდა – აკადემია ყოველწლიურ ფესტივალს ატარებდა და ამ ფესტივალზე ლიზი რამიშვილი პირველად როსტროპოვიჩის ფონდმა გაუშვა, მეორედ უკვე თვითონ მიიწვიეს მასტერკლასებზე, რომელიც წარმატებით გაიარა და სწორედ ამის შემდეგ შესთავაზეს მათთან სწავლა. ლიზიმაც გაამართლა პედაგოგების იმედები, როცა აკადემიაში პიტერ უსტინოვისა და ბორის პერგამენშიკოვის სტიპენდიები მოიპოვა და მსოფლიოს ოც რჩეულ სტუდენტ მუსიკოსს შორის მოხვდა.

2010-2015 წლებში ის ასევე იყო მსტისლავ როსტროპოვიჩის სახელობის ფონდის სტიპენდიატი.

გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ ლიზი რამიშვილმა ჟენევის კონსერვატორიიდან მიიღო მიწვევა და შვეიცარიაში გადავიდა სასწავლებლად.

2016-2017 წლებში ბაკალავრიატის პირველ კურსზე ჟენევის კონსერვატორიაში ისწავლა. შემდეგ კი გაიარა მასტერკლასები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში „დედოფალ სოფიას სახელობის სამუსიკო აკადემიაში“ და მათი ინიციატივით სწავლა ამ სასწავლებელში განაგრძო. ლიზიმ თავი აქაც გამოიჩინა და ისააკ ალბენისის სახელობის ფონდ „Albéniz Foundation“-ის სტიპენდია მოიპოვა.

ლიზი რამიშვილი სცენაზე შვიდი წლის ასაკიდან დგას. მისთვის ყველა კონცერტი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, თუმცა გამოარჩევს ღონისძიებებს, რომლებზეც  მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა. მათ შორის ასახელებს: ივრი გიტლისს, იური ბაშმეტს, ხატია ბუნიათიშვილს, რენო კაპუსონას, ჯანანდრეა ნოზედას და სხვ.

ახალგაზრდა ჩელისტის მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტი იყო გამოსვლა ნიუ იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – კარნეგი ჰოლში, სადაც გაიმართა  ქართველი ხელოვანების კონცერტი. 2016 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულ ღონისძიებაში ლიზისთან ერთად მონაწილეობა მიიღო პიანისტმა ინგა ქაშაკაშვილმა. საღამოზე ბეთჰოვენისა და შუმანის ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდა ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის გიორგი ოუკლის „სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის“.

ლიზი რამიშვილი 2021 წლის Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულია კულტურა და სტილის კატეგორიაში. ეს პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა. სწორედ ამ სულისკვეთების ნათელი მაგალითია, ხელოვანი ლიზი რამიშვილი. 
წყარო:
1. https://under30.ge/ka/brief/focus/40/ 

2. https://bm.ge/ka/video/forbes-georgia-30under30---lizi-ramishvili-2021-wlis-gamarjvebuli-3. kategoriidan---quotkultura-da-stiliquot/33779 

3. https://tbiliselebi.ge/ka/news/show-business/rogor-aghmochnda-lizi-ramishvili-msophlios-ots-rcheul-student-musikoss-shoris-da-rodis-ver-sheikava-tsremlebi-otar-ramishvilma-shvilishvilis-gamo

4. https://artinfo.ge/2016/08/karnegi-holi-qarthveli-khe/


გააზიარე: