The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ოუკლი

გიორგი ოუკლი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

ირლანდიური წარმოშობის ქართველი კომპოზიტორი გიორგი ოუკლი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. იგი თბილისის ნიჭიერთა ათწლედისა და კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. საპორტებიანო ხელოვნებას ნათელა კვირკველიასთან, მამუკა სიხარულიძესთან, ედიშერ რუსუშვილსა და ივეტა ბახტაძესთან ეუფლებოდა. 

2001 წელს ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ეთერ ანჯაფარიძემ გიორგი მიიწვია აშშ–ში ნიუ პალტსის სამუსიკო ფესტივალზე და იმავე წელს ჯეიკობ ფლიერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზეც, სადაც მეორე ქართველი კონკურსანტი – მომავალი მეუღლე, ინგა ქაშაკაშვილი გაიცნო. ამ კონკურსში ორივემ გაიმარჯვა.

2003 წელს ოუკლი ჩიკაგოში, დეპოლის უნივესტიტეტში (აშშ) ისევ ეთერ ანჯაფარიძის მიწვევით ჩავიდა. როგორც თავად ამბობს, ეს პერიოდი მხოლოდ მის პიანისტურ მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. იგი ეთერ ანჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ არაერთ საკონცერტო პროექტში მონაწილეობდა, რამაც საკუთარი მუსიკალური სამყაროს გაღრმავებისა და იდეების განხორციელების საშუალება მისცა. DePaul უნივერსიტეტი 2005 წელს დაამთავრა.

უოკლის ცხოვრების შემდეგი ეტაპი ნიუ-იორკს უკავშირდება, სადაც დაამთავრა  უნივერსიტეტი კლასიკური და კინო კომპოზიციის განხრით. სწავლის პირველივე სემესტრში მოხვდა გამორჩეულ კომპოზიტორ სტუდენტთა სიაში. კომპოზიციის კურსს კომპოზიტორ ჯასტინ დელა ჯოიოსთან გადიოდა, ხოლო კინომუსიკის ხელოვნებას – კომპოზიტორ აირა ნიუბორნის კლასში. განსაკუთრებული გავლენა მასზე ამერიკელ კომპოზიტორ რიჩარდ დანიელპურთან ურთიერთობამ იქონია. ამ ადამიანს ოუკლი თავის მენტორად, მასწავლებლად და მეგობრად მიიჩნევს.

პარალელურად, საკომპოზიციო ხელოვნებას გადიოდა გოგა შავერზაშვილთან და ბიძინა კვერნაძესთან.

გიორგი ოუკლის დებიუტი, როგორც კომპოზიტორის, შედგა 2008 წელს ნიუ-იორკში Steinway hall-ში, სადაც შესრულდა სიმებიანი კვარტეტი “დიქტატორი”, რომელიც საქართველოში მომხდარ აგვისტოს ომს მიეძღვნა.

პირველი საავტორო კონცერტი მოეწყო Carnegie hall-ში 2011 წელს, სადაც შესრულდა  საფორტეპიანო სონატა – ფანტაზია, თამარ მიქელაძის შესრულებით. აგრეთვე სიმღერები ფორტეპიანოსა და სოპრანოსთვის შექსპირის სონეტების მიხედვით. ეს ნაწარმოები დაწერილი იყო სოპრანო Nika Leon-ის შეკვეთით და პირველად თავადვე შეასრულა.

ამავე საღამოს ასევე პირველად შესრულდა ოუკლის კონცერტი ფორტეპიანოს, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელიც ინგა ქაშაკაშვილს მიეძღვნა და რომელიც, ბუნებრივია, მანვე შეასრულა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო გიორგიმ ჯეიმს კარლსონი, ცნობილი ამერიკელი მათემატიკოსი და იუტას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, რომელიც შემდგომში მისი პროდიუსერი გახდა.

ჯეიმს კარლსონთანაა დაკავშირებული გიორგი ოუკლის “სონატა ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის” , რომელიც ეძღვნება მისი შვილის, დილან კარლსონის სევდიან, მაგრამ ოპტიმისტურ ისტორიას. სონატის პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკის ერთ–ერთ პრესტიჟულ Merkin Concert Hall-ში შედგა.

2014 წელს Concert Hall-ში გაიმართა ოუკლის მეორე საავტორო კონცერტი, 2016 წლის 1 ოქტომბერს კი “კარნეგი ჰოლის” Weill Recital Hall-ში ჩატარებულმა საღამომ ბეთჰოვენისა და შუმანის ნაწარმოებების გარდა, გიორგი ოუკლის ორ კომპოზიციასაც უმასპინძლა. მათგან პირველი - სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, შეასრულესხც     პიანისტმა ინგა ქაშაკაშვილმა და ახალგაზრდა ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა. სონატაში ძალიან ბევრი ქართული ხალხური მუსიკის ელემენტია.

ამავე კონცერტზე შედგა გიორგი ოუკლის ნაწარმოების “Stabat Mater” (“მწუხარე დედა”) მსოფლიო პრემიერა. ეს არის საგუნდო ნაწარმოები არფის თანხლებით, რომელიც დაწერილია ლათინურ ტექსტზე “Stabat mater”. მუსიკა დაიწერა ნიკოლაი კაჩანოვისთვის და მისი ანსამბლისთვის, რომელიც აშშ–ში ერთ–ერთი წარმატებული ვოკალური გუნდის დამაარსებელია და უკვე ოცდაათ წელზე მეტია განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობს.

კონცერტი ორგანიზებული იყო კომპანიის Concerto Novo–მიერ, რომლის დამფუძნებელია ჯეიმს კარლსონი.

2016 წლის ოქტომბრის ბოლოს წმინდა იგნატე ანტიოქიელის ეპისკოპალურმა ეკლესიამ კაჩანოვი და მისი თექვსმეტი მომღერლისგან შემდგარი კამერული გუნდი მიიწვია კონცერტის ჩასატარებლად. მსმენელს წარუდგინეს უნიკალური და მრავალფეროვანი პროგრამა სახელწოდებით – “ამაღლებული ძეგლები, თანამედროვე განძი”. გაჟღერდა კლასიკოსთა ნაწარმოებები რენესანსიდან დაწყებული ვიდრე XX-XXI საუკუნის მუსიკამდე და, მათ შორის, ოუკლის  “მწუხარე დედაც”, რომელიც წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირებაა.

 2015 წელს გიორგი ოუკლის საკომპოზიტორო შემოქმედებით დაინტერესდა New York-ში ირლანდიელების საზოგადოების პრეზიდენტი Chris Cahill, რომელმაც წარუდგინა მისი  მუსიკა ამერიკაში მყოფ ირლანდიელ მსმენელს.

გიორგი ოუკლისთვის გამორჩეული პროექტი იყო 2020 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გამართული საავტორო კონცერტი, რომელიც მან მამის ხსოვნას მიუძღვნა.

წყარო:

1. https://speech.ge/khelovneba/giorgi-ouqli-kompozitori-ashsh/ 

2. https://blogs.netgazeti.ge/2016/11/02/კლასიკური-და-ახალი-მუსიკ/

3. https://artinfo.ge/2016/08/karnegi-holi-qarthveli-khe/

 


გააზიარე: