The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


არჩილ ზოსხეთელი

ოფიციალური სახელი:არჩილ ლუკას ძე ქურციკიძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

არჩილ ზოსხეთელი - არჩილ ლუკას ძე ქურციკიძე, 1905-1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე იყო. დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში, გლეხის ოჯახში. მისი დედა - ფრუიძის ქალი, მეზობელი სოფლიდან, ჟოშხეთიდან (ზოსხეთი) ყოფილა და არჩილს ფსევდონიმად დედის მშობლიური სოფლის სახელი აუღია. დედა ადრე გარდაცვლია. მამას მეორე ქალი შეურთავს, ხოლო არჩილი ბიძას, ნიკო ქურციკიძეს, ქუთაისში წაუყვანია აღსაზრდელად.

ბავშვობა და ჭაბუკობა ქუთაისში გაატარა. ბეჯითად სწავლობდა და ამასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოსვლებში.

შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნდა და მექვენის სოფლის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა. თვითმპყრობელობისადმი ზიზღით გამსჭვალულ ახალგაზრდას სოფლის კანცელარიაში გადამწერის როლი არ აკმაყოფილებდა და თავისი ხალხის სამსახურისათვის ფართო გეგმებს სახავდა.

1905 წელს არჩილ ზოსხეთელი გაწევრიანდა ე. წ. წითელ რაზმში. ასეთი რაზმები მთელ საქართველოში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავდა დახმარებოდნენ ქართველ ხალხს ეგზეკუციებისა და დამსჯელი ექსპედიციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მოსკოვში შეიარაღებული აჯანყების დამარცხების შემდეგ, წითელრაზმელებმა მიიღეს მითითება დაშლილიყვნენ და მალე, სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტნენ.

არჩილ ქურციკიძემ მთელი ამიერკავკასია შემოიარა, იყო სპარსეთშიც. ბათუმში მას ჩავარდნის საფრთხე დამუქრებია და იძულებულ გამხდარა საქართველო დაეტოვებინა.

ერთხანს ევროპას შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა.

სავარაუდოდ, არჩილ ზომლეთელი სოციალ-ფედერალისტებთან იყო დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ამერიკიდან წერილი გამოუგზავნა სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალურ ორგანოს, გაზეთ „ამირანს“.

როგორ წარიმართა არჩილ ზოსხეთელის ცხოვრება ამერიკაში, ამაზე ნაწილობრივ წარმოდგენას გვაძლევს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული წერილი მისი უახლოესი მეგობრის ეგნატე კახიძისადმი.

ამერიკაში მყოფი არჩილ ზოსხეთელი არ ცდილობს გამდიდრებას, არც სხვის ხარჯზე ცხოვრება აინტერესებს, თუმცა ამერიკელი მდიდარი ქალბატონები ახალგაზრდა ვაჟს მოსვენებას არ აძლევენ. მისი მთელი ყურადღება სწავლისკენაა მიპყრობილი. ცდილობს რაც შეიძლება მეტი ხელობა აითვისოს, ძირითადად საინჟინრო სპეციალობებს ეუფლება - საგზაო, სამექანიკო და საელექტრიკო.

სადაც შესაძლებელია უფასოდ სწავლობს. ასე დაუმთავრებია ნიუ-იორკის უმცროსი სასწავლებელი. შემდეგ სწავლა გაუგრძელებია ქ. ფილადელფიაში, ფილადელფიისა და ტემპლის უნივერსიტეტებში. სწავლის ქირის გადახდას ჯირითში მონაწილეობით ახერხებს. დღისით საინჟინრო საქმეს ეუფლება ფილადელფიის უნივერსიტეტში, საღამოს კი ისტორიკო-ფილოსოფიურ საგნებს უთმობს - ამაში შედის პოლიტიკური ეკონომია, ფილოსოფია, სოციოლოგია.

„მე მინდა პატიოსნური ცხოვრებით და ჩემი ოფლით, შეიძლება ბევრიც მომშივდეს, მაგრამ ჩემით მივიღო სწავლა, რომ შემდეგ მე ჩემი თავი მოვახმარო იმ დანიშნულებას, რომელიც მე გადავწყვიტე და მიზნად ავიღე ბათუმიდან გამოსვლის დროს“, - წერს არჩილ ზოსხეთელი მეგობარს.

ეგ. კახიძისადმი გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ არჩილ ზოსხეთელი წერდა დღიურებს და სწავლობდა ამერიკის პროლეტარიატის ცხოვრებას. მის მიერ ამერიკის დახასიათების დროს გასათვალისწინებელია, რომ იგი თავისი მსოფლმხედველობით სოციალისტია, რომელსაც კაპიტალიზმი ადამიანთა ჩაგვრაზე დამყარებულ უსამართლო წყობილებად მიაჩნია.

მიუხედავად გაჭირვებისა, არჩილ ზოსხეთელმა მოახერხა და გზის ფული გაუგზავნა ქუთაისში, თავის მეუღლეს, ბაბილინას. სწავლასთან ერთად დროს პოულობს მოგზაურობისთვისაც. ევროპის და აზიის გარდა ყოფილა აფრიკაში, ავსტრალიაში, კანადაში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. გარკვეული დრო გაუტარებია  დიდ ქალაქებში - პარიზში, ლონდონში... შეუძლია რამდენიმე ენაზე ლაპარაკი - ფრანგულად, ესპანურად, გერმანულად, ინგლისურად, იტალიურად.

არჩილ ზოსხეთელისგან წერილები მიიღეს სხვა მეგობრებმა და ნათესავებმაც. მოხერხდა მისი მეუღლის გამგზავრება ამერიკაში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნიუ-იორკში დაბინავებულა, მაგრამ შემდეგ მათი კვალი იკარგება. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ამას მოჰყვა რევოლუციები, სამოქალაქო ომი, ინტერვენცია...

როგორ წარიმართა მათი შემდგომი ცხოვრება, რატომ ვეღარ დაბრუნდნენ სამშობლოში -  სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს.

წყარო: 

1. ვაჭრიძე, პეტრე. არჩილ ზოსხეთელი ამერიკის შესახებ : (XX ს. 10-იანი წლები) / პეტრე ვაჭრიძე // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები : ამერიკის შესწავლის საკითხისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენციის მასალები, ნოემბერი, 2006, ქუთაისი / აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - ქუთაისი, 2006. - გვ. 235-243

2. ვაჭრიძე, პეტრე. დაუმთავრებელი ოდისეა ქართველი კაცისა : [1905 წლის რევოლუციის აქტიური მონაწილეს და ამერიკაში გადახვეწილი კაცის - არჩილ ზოსხეთელი (ქურციკიძე) შესახებ] / პეტრე ვაჭრიძე // განთიადი. - თბილისი, 1988. - N1. - გვ.169-174

 


გააზიარე: