The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვარლამ ნიკოლაძე

ვარლამ ნიკოლაძე
სხვა სახელი:ლალი
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

მსახიობი და რეჟისორი ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე დაიბადა 1942 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში.

1964 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიური), 1971 წელს - თბილისის თეატრალური ინსტიტუტი (სარეჟისორო).

მოღვაწეობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. იყო ჯერ ბათუმის, შემდეგ ქუთაისის ოპერის, მერე კი მუსკომედიისა და გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი.

1980-იან წლებში შექმნა საკუთარი თეატრი – „ექო“, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც დაასაქმა. ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი, სადაც სცენაზე იდგნენ სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობები და თავისი თამაშით აოცებდნენ მაყურებელს.

საქართველოში ცხოვრების პერიოდში ლალი ნიკოლაძე მონაწილეობდა კინოფილმებში: „მოლანდება“ (1975), „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“, „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984, ორივე), „მოდი ვილაპარაკოთ“ (1986), „ტურანდოტი“ (1989), „ლოლიტა“ (1991).

მის მიერ დადგმულია სპექტაკლები, ოპერეტები: ვ. აზარაშვილი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (1983, პრემიერა), რ. კემულარია „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (1983, პრემიერა), გ. ჩლაიძე „ღვთაებრივი კომედია“ (1983, გ. ქარცივაძესთან ერთად),

რ. ხორავა „რწყილი და ჭიანჭველა“ (1981), ა. ჩიმაკაძე „მაია წყნეთელი“ (1985); ოპერები: გ. ჩლაიძე „დარისპანის გასაჭირი“ (1977, პრემიერა ქუთაისში); პუჩინი „ტოსკა“ (ქუთაისი), ი. მეიტუსი „ახალგაზრდა გვარდია“ (1977, ქუთაისი) და სხვ.

1992 წელს, როცა საქართველოში თეატრისთვის არავის ეცალა, ლალი ნიკოლაძე სამუშაოდ თურქეთში წავიდა. თავდაპირველად ბარში დაიწყო მუშაობა - გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. შემდეგ ტრაპზონის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს.

პირველი პიესა, რომელიც თურქეთის დრამატულ თეატრში თურქულ ენაზე დადგა, „დარისპანის გასაჭირი“ იყო.

თურქეთში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 11 წელი იმუშავა ქ. იზმირში მის მიერ გახსნილ სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე; 5 წელი სტამბოლის მალტე-პეს”უნივერსიტეტში თეატრალური კათედრის გამგე იყო; მუშაობდა, აგრეთვეე, ქ. ანკარაში ბილკენტის უნივერსიტეტის თეატრალურ ფაკულტეტზე; მის მიერ გამოზრდილი მსახიობები დღეს თურქეთის თეატრისა და კინოს ვარსკვლავები არიან. 

ასწავლიდა კერძო თეატრალურ სკოლებშიც და სპექტაკლებსაც დგამდა პატარა კერძო თეატრებში.

თურქეთშიც დააარსა თეატრი "ექო" სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობებისათვის.

ქ. ტრაპზონის ტელევიზიით მიჰყავდა ქართულენოვანი გადაცემები. როგორც მსახიობი მონაწილეობდა თურქულ სერიალებში.

2016 წელს საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანულ სახელმწიფო თეატრს ჩაუდგა სათავეში.

ლალი ნიკოლაძე ანსამბლ „ნიკოლშოუს“ წევრების მამაა. მის ვაჟებს ხელოვნების სიყვარული მამისგან გამოჰყვათ. 

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 366

2. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=13699


გააზიარე: