The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბესარიონ ჭიჭინაძე

ბესარიონ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1887
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1937  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ინჟინერ-ჰიდრომშენებელი ბესარიონ (ბესიკ) ჭიჭინაძე დაიბადა თბილისში, 1887 წლის 27 აპრილს, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი ჭიჭინაძის ოჯახში. დედა, ეფროსინე იაკობის ასული, ნიკო ნიკოლაძის და გახლდათ. მას დამთავრებული ჰქონდა ქალთა უმაღლესი (ბესტუჟევის) კურსები და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სწორედ მან შეასწავლა ვაჟიშვილს წერა-კითხვა.

1894 წელს ოჯახი ვლადიკავკაზში გადავიდა და ბესარიონი იქაურ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე სასწავლებელი გამოიცვალა,  რადგან ალექსი ჭიჭინაძე ხშირად იცვლიდა სამსახურს. ბესიკი სწავლობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ერევნის გიმნაზიებში.

1906 წელს ბესარიონ ჭიჭინაძე, თავის ბიძაშვილთან, გიორგი ნიკოლაძესთან ერთად, გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც ჩაირიცხა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე. მალე იგი ისე გაიტაცა ჰიდროტექნიკამ, რომ სპეციალობის შეცვლა გადაწყვიტა და 1908 წელს ხელმეორედ ჩააბარა მისაღები გამოცდები იმავე ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის განყოფილებაზე.

სწავლის გარდა სპორტსაც მისდევდა - ბრწყინვალე მოცურავე, მხედარი და მოჭადრაკე იყო.

ბესარიონის ნიჭმა იმთავითვე მიიპყრო პროფესორების ყურადღება. გამოიკვეთა, რომ მას წინ დიდი საქმეები ელოდა, მაგრამ, მოულოდნელად სწავლის შეწყვეტა მოუხდა, ბრმა შემთხვევის გამო, ფილტვები დაუზიანდა და მშობლებმა სამკურნალოდ აბასთუმანში გაგზავნეს.

გამოჯანმრთელებისთანავე, 1913 წელს, კვლავ პეტერბურგში გაემგზავრა, ბრწყინვალედ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები და ჰიდროსადგურების ინჟინრის წარჩინების დიპლომი მიიღო.

ბესარიონ ჭიჭინაძის სამშობლოში დაბრუნება დაემთხვა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას, რის გამოც საერთოდ შეწყდა ჰიდროსადგურების მშენებლობა. ახალგაზრდა ინჟინერი სპეციალობით ვერ დასაქმდა და იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე (წნორის წყალი-ბაქო). მალე ამ მშენებლობის ლიკვიდაცია მოხდა და ბესარიონი მეუღლესთან, ზინაიდა ალექსანდრეს ასულ ძეკონსკაიასთან ერთად, გაემგზავრა თურქესტანში, ბუხარის რკინიგზის მშენებლობაზე.

ბუხარაში მან საფუძველი ჩაუყარა ბეტონის ქარხნის მშენებლობას, ასევე, რკინიგზის სადგურის აღმოსავლურ სტილში აშენებას და ა.შ.

1913-1916 წლებში მუშაობდა ბუხარის, 1916-1917 წლებში - ტრაპიზონის რკინიგზების მშენებლობაზე, იმავდროულად, იგი გახლდათ ქ. ბათუმის ქალაქის საბჭოს მთავარი ინჟინერი და უფასოდ კითხულობდა მექანიკის კურსს ბათუმის ტექნიკურ სასწავლებელში.

ამ პერიოდში (1917 წელს) ახალგაზრდა ოჯახს ერთდროულად ორი უბედურება დაატყდა თავს - ჯერ პატარა ქალიშვილი გარდაეცვალათ, შემდეგ მამა, ალექსი ჭიჭინაძე.
1917 წელს ბესარონ ჭიჭინაძე გადაიყვანეს კახეთის რკინიგზის მშენებლობის ტექნიკური განყოფილების უფროსად, ხოლო, 1918 წელს დაინიშნა ამ გზის მმართველად.

1919-1921 წლებში იყო საქართველოს გზათა დეპარტამენტის დირექტორი.

მენშევიკების წასვლის შემდეგ საჭირო გახდა ომის დროს აფეთქებული ხიდებისა და გზების უმოკლეს ვადაში აღდგენა. ბატონი ბესარიონი დაინიშნა სამხედრო-ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელად და 7 დღეში აღდგენილ რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა.
1922 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ჰესის მშენებლობა ზემო ავჭალაში. ბესარიონ ჭიჭინაძის ბრწყინვალე ორგანიზატორულმა უნარმა, დიდმა ინჟინრულმა გამოცდილებამ და ღრმა ცოდნამ წამყვანი როლი შეასრულა ზაჰესის დაბადებაში.

1922-1927 წლებში ბატონი ბესარიონი ხელმძღვანელობდა ზაჰესის მშენებლობას, რომელიც 1927 წლის 26 ივნისს ამუშავდა. ეს იყო დიდი ზეიმი. მეორე დღეს, 27 ივნისს, რიონჰესს ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ამ დღეთა მოსაგონებლად, 1977 წელს, მადლიერმა შთამომავლობამ ზაჰესის ტერიტორიაზე ძეგლი დაუდგა თავის გამორჩეულ წინაპარს.

1927-1930 წლებში იყო რიონჰესის მშენებლობის უფროსი.

1929 წელს მიენიჭა შრომის გმირის წოდება. ორჯერ იყო დაჯილდოებული შრომის წითელი დროშის ორდენით (1927 და 1929 წლებში).

მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი მშენებლობა: სურამის საუღელტეხილო რკინიგზის ელექტრიფიცირება, ელექტროგადაცემის ფართო ქსელი, ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა, რომლის პროექტის განხორციელებასაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ამ ქარხნსთვის საჭირო ელექტროღუმელებისა და სხვა დანადგარების შესაძენად ორჯერ იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

1927 -1930 წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, როგორიცაა: ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, ზუგდიდის ქაღალდის კომბინატი, მარელისის გრეხილი ავეჯის ქარხანა, თბილისის მაუდის კომბინატი, კასპის ცემენტის ქარხანა, საკონსერვო, აგურ-კრამიტის, ჩაისა და აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკები, ქარხნები და სხვა საწარმოები.

1930 წელს დანიშნეს ახალფეხადგმული ამიერკავკასიის ენერგეტიკის სამმართველოს ხელმძღვანელად, სადაც 1934 წლამდე მუშაობდა.

ბესარიონ ჭიჭინაძის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს მისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საინჟინრო-ტექნიკური კადრების აღზრდაში. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის არის სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები.

ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, ბატონი ბესარიონი გახლდათ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. იგი ინსტიტუტში ჯერ ლექტორის, ხოლო 1928 წლიდან - პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა.

1934 წელს გადაიყვანეს მოსკოვში, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის საკავშირო ტრესტ "ჰიდროენერგოპროექტის" მმართველად. ამავე დროს კითხულობდა ლექციებს მოსკოვის კუიბიშევის სახ. საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში (1934-1937). იყო ლენინგრადის ჰიდროენერგეტიკული სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ნამდვილი წევრი, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის წევრი, საკავშირო საგეგმო კომიტეტის ექსპერტი ვოლგა-მოსკოვის, რიბინსკისა და უგლიჩის ჰიდროკვანძებისა და ტულის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობებზე.

ბესარიონ ჭიჭინაძეს უსაზღვროდ უყვარდა მშობლიური სოფელი ჭოლევი, რომელსაც 1934 წლის ივლისში, რიონჰესის გახსნის წინა დღეებში ესტუმრა. თანასოფლელებს ელექტროდენისა და გზის გაყვანას დაჰპირდა, მაგრამ სამწუხაროდ, დანაპირები ვერ შეასრულა. 1937 წელს ის რეპრესიის მსხვერპლი გახდა (უსაფუძვლო ბრალდებებით, მათ შორის, მთავარი, რისთვისაც დახვრიტეს, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანის მცდელობა იყო).

ბესარიონ ჭიჭინაძის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, სახლს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, სადაც იგი ცხოვრობდა, გაუკეთდა მემორიალური დაფა. დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩა (აეროპორტის გზაზე) და ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური კი მისი სახელობისა გახდა. 

წყარო: 

1. ჭიჭინაძე ბესარიონ // საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათავეებთან, 1922-2012: ეძღვნება საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის 90-ე წლისთავს/შემდგ.: მიტროპოლიტი ა. ჯაფარიძე და სხვ.-თბილისი, 2012. - გვ. 58-62.

2. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.703
3. https://ka.wikipedia.org › wiki › ბესარიონ_ჭიჭინაძე

4. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/199169/1/Svobodnaia_Gruzia_2005_N202.pdf

 


გააზიარე: