The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალბერტ თავხელიძე

ალბერტ თავხელიძე
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:27 თებერვალი, 2010  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე დაიბადა 1930 წლის 16 დეკემბერს, თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ვაჟთა მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1953 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვში, სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, აკადემიკოს ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის ხელმძღვანელობით. აქვე, 1957 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1956-1970 წლებში მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვულ კვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიაში მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ. 1963 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მაშინ ის მხოლოდ 33 წლის იყო, რაც იმ დროისათვის იშვიათ გამონაკლისად ითვლებოდა.

პარალელურად, 1965-1970 წლებში იყო მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის (პროტვინო, მოსკოვის ოლქი) თეორიული სექტორის ხელმძღვანელი.

ნ. ბოგოლიუბოვის და ა. თავხელიძის ძალისხმევით, 1967 წელს, კიევში გაიხსნა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტში ალბერტ  თავხელიძე 1967-1971 წლებში შეთავსებით მუშაობდა ელემენტარულ ნაწილაკთა განყოფილების გამგედ.

ალბერტ თავხელიძის სამეცნიერო კარიერა ძალიან შთამბეჭდავია:

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი (მოსკოვი, 1970) და პირველი დირექტორი (1970–1986);  მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1970–1986);

ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი;

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1967);

სა­ქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე დაარსების დღიდან (1971); 1987-იდან – თსუ-ის პროფესორი;

თსუ-ის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. კათედრის გამგე (1987–95);

ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიკოსი (1993);

ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1996);

თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (1995–2004);

2004-იდან – ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრო­მელი;

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1990; წ.-კორ. 1984);

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ((1986-2005);

იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის "თეორიული და მათემატიკური ფიზიკის" (1969) რედაქტორი.

აღზარდა ფიზიკოსთა არაერთი თაობა: მ. ელია­შვი­ლი, ვ. მატვეევი, რ. მურადიანი, ა. ხელა­შვი­ლი და სხვ.;

მსოფლიო აღიარება 200-ზე მეტმა სამეცნიერო ნაშრომმა მოუტანა.

ფიზიკის თეორიის არა ერთ მიმართულებებში ალბერტ თავხელიძემ ფუნდამენტური ნაშრომები შექმნა. მისი შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი.

მიღებული აქვს ჯილდოები და წოდებები:

2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე;

2001 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი;

2001 - ქ. ტროიცკის (რუსეთი) საპატიო მოქალაქე;

2000 - ღირსების ორდენი;

1998 - მეცნიერებათა აკადემიების საერთაშორისო ასოციაციის ოქროს მედალი სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლი­ლისათვის;

1978 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი;

1996, უკრაინა - ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის პრემია;

1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია (ავტორთა ჯგუფთან ერთად);

1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი;

წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს. დაკრძალულია ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

ალბერტ თავხელიძის მეუღლე იყო მაია ვალერიანის ასული მეუნარგია. ჰყავდათ ქალ-ვაჟი - ნოშრევანი და ნატო.

წყარო:

1. ხელაშვილი ანზორ. აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. - თბ., 2010 

2. ხელაშვილი ანზორ. "მომავალიც იმისია, ვინც..." : ეძღვნება აკად. ალბერტ (ალეკო) თავხელიძეს.-თბ., 2012. 

3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 4.-თბ., 1979.-გვ.571 

4. წიგნი ღირსებისა: . 5/ შემდგ.: თ.ყიფიანი (რედ.), თ.გაჩეჩილაძე, გ.სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.335 5. https://ka.wikipedia.org/wiki/ალბერტ_თავხელიძე 


გააზიარე: