The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ გობეჩია

იოსებ გობეჩია
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 1962  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

საქართველოს სოციალისტ-რევოლუციური პარტიის (ესერების) ერთ-ერთი მეთაური იოსებ პავლეს ძე გობეჩია დაიბადა 1879 წელს ქალაქ ქუთაისში, აზნაურის ოჯახში. ესერთა პარტიის წევრები იყვნენ მისი ძმებიც - ვლადიმერ და ივანე გობეჩიები.

საშუალო განათლება იოსებმა მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ კი სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.

1901 წელს ოდესაში სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისთვის დაატუსაღეს და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს - დააბრუნეს საქართველოში.

იმავე წელს ქუთაისში, ერთ-ერთ შეკრებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილეს დროს საპროტესტო სიტყვის წარმოთქმისთვის, მეორედ დააპატიმრეს და ოდესაში გადაასახლეს, პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ. უნივერსიტეტში შესვლის უფლება არ მისცეს.

ოდესაში იოსებ გობეჩია წევრად შევიდა ვსევოლოდ ლებედინცევის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა მოძრაობის ხელმძღვანელ კომიტეტში. 1904 წელს კომიტეტის მთელი შემადგენლობა დააპატიმრეს. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა კავკასიაში, ტფილისში და აქტიურად ჩაება სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის (ესერების) ორგანიზაციულ მუშაობაში.

1905 წლის ბოლოდან მოყოლებული, „რეაქციის“ დროს, იოსებ გობეჩია ცხოვრობდა არალეგალურად.

აღსანიშნავია, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებაში. მან ჩამოაყალიბა მებრძოლი რაზმები და ტერორისტული თავდასხმები მოაწყო სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, გენერალ ველიამინოვზე, ზუგდიდში, მაზრის უფროს კეღამოვზე - ოზურგეთში და პოლიცმეისტერ მარტინოვზე - ტფილისში.

1906 წლის ბოლოს, როგორც სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი, ფინეთში(იმატრაში) ესერთა პარტიის საბჭოს ყრილობას დაესწრო.

1907 წელს, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინ, აირჩიეს დელეგატად ტფილისიდან ტამერფორსის (ფინეთი) ესერთა პარტიის  მეორე პარტიულ ყრილობაზე დასასწრებად. უკან დაბრუნებისას კვლავ დააპატიმრეს და კავკასიიდან გაასახლეს.

იოსებ გობეჩია ყალბი გვარით გაემგზავრა ოდესაში და იატაკქვეშა ცხოვრება დაიწყო. ოდესის უნივერსიტეტის რექტორის, ვასილ პეტრიაშვილის დახმარებით მოახერხა სწავლის გაგრძელება მე-4 კურსზე და 1908 წელს საკუთარი, ნამდვილი გვარით დაამთავრა კიდეც ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი მაშინ, როცა ოდესაში არალეგალურად, სხვისი გვარით ცხოვრობდა. ამავე გვარით კითხულობდა ლექციებს ასტრონომიასა და მათემატიკაში ხერსონის სახალხო უნივერსიტეტში.

1909-1911 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში - კითხულობდა ლექციებს ასტრონომიაში მუშათა პროფესიულ კურსებზე და სახალხო უნივერსიტეტში.

იმ პერიოდში ბაქოში ქართულ ენაზე გამოდიოდა ესერთა პარტიული ორგანო „მარცვალი“. ძმასთან - ვლადიმერ გობეჩიასთან ერთად,  რომელიც ასევე არალეგალურად ცხოვრობდა ბაქოში, იოსებ გობეჩია აღნიშნული გაზეთის რედკოლეგიის წევრი იყო.  

ჟანდარმერიის მიერ გამუდმებული დევნის გამო იძულებული გახდა, გაქცეულიყო საზღვარგარეთ.

ცნობილი ასტრონომის ფლამარიონის დახმარებით ერთი წელი იმუშავა პარიზის ობსერვატორიაში. შემდეგ გრენობლის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა, რომელიც ელექტროტექნიკის ინჟინრის ხარისხით დაამთავრა და შესაბამის სამუშაოზეც მოეწყო.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, თანაპარტიელმა ალექსანდრე კერენსკიმ კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად გაგზავნა.

1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის თავმჯდომარე.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. იყო სამხედრო კომისიის წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა საოკუპაციო რეჟიმთან კომპრომისის მიღწევას.

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (მემარჯვენეების) წარმომადგენელი.

1922 წლის გაზაფხულზე  დამკომმმა საიდუმლოდ მიავლინა უცხოეთში ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან სახალხო ამბოხების საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა ემიგრაციაში დარჩენილიყო.

შემდგომ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქვეყნებდა სტატიებს ემიგრანტულ გამოცემებში.

ერთხანს იყო სოციალ-დემოკრატთა გაზეთის -„დამოუკიდებელი საქართველოს“  რედაქტორი.

ემიგრანტული ჟურნალის - „ჩვენი დროშა“- შეფასებით: „იოსებ გობეჩია იყო დაუღალავი მებრძოლი ქართული საქმის. უცხოეთში მის შეუჩერებელ მოღვაწეობას საქართველოს უფლების დასაცავად - ყველა აღტაცებაში მოჰყავდა. მოხუცი, ავადმყოფი უკანასკნელ დღემდე არ უშვებდა შემთხვევას, მონაწილეობა მიეღო ქართულ საქმიანობაში. ცდილობდა, აგრეთვე, უცხო პრესაში გაეტანა ქართველი ერის ბრძოლა და გაეცნო საზოგადოებრივი აზრისთვის გარდაუვალი სურვილი ქართველი ერისა, ეროვნული თავისუფლების აღსადგენად“.

გარდაიცვალა 1962 წლის დეკემბერში. დაკრძალეს ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე, სადაც გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ლევან ზურაბიშვილმა და ეროვნულ-დემოკრატმა ელისე პატარიძემ.

წყარო:

1. http://archive.ge/ka/biography/127 

2. ენციკლოპედიასაქართველო, . 2, თბ., 2012. — გვ. 53-54.

3. ხვადაგიანი .საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. - თბილისი„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 200

4. https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_გობეჩია

5. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/გობეჩია_იოსებ


გააზიარე: