The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


უჩა დადიანი

უჩა დადიანი
Legal name:დავით დადიანი
Other name:უჩა
Date of birth:13 April, 1875
Date of death:18 October, 1932  (at 57 years)
Burial location:მაუნთ-ოლივეტის სასაფლაო, აშშ
Category:Military Person

Biography

დავით (უჩა)დადიანი დაიბადა 1875 წლის 13 აპრილს ზუგდიდის მაზრაში, უგანათლებულეს თავად კონსტანტინე (წიწა) (1819-1889) და მაია (1833-1922) დადიანების ოჯახში. 

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1894), შემდეგ პაჟთა კორპუსი პეტერბურგში (1897).

სამხედრო სამსახური დაიწყო ხორუნჟის ჩინით ყუბანის კაზაკთა ჯარის ხოპიორის კაზაკთა 1-ლ პოლკში; 1899 წლიდან, როგორც ლაიბგვარდიის ყუბანის კაზაკთა 1-ლი ასეულის ოფიცერი, ირიცხებოდა მისი უდიდებულესობის ნიკოლოზ II-ის საკუთარ კონვოიში.

დაახლოებული იყო რუსეთის იმპერატორის ოჯახთან. სასახლის კარზე ცნობილი იყო ექსტრავაგანტულობით. თამაშობდა ბანქოს, ჭადრაკს, იყო საუკეთესო ცხენოსანი…

1911-1914 წლებში დავით დადიანი გასამართლებული იყო ბაღდათის სატყეოს მმართველის თავად ალექსანდრე (ციოყ) დადიშქელიანის (1862-1910) მკვლელობასთან (1910 წლის 8 იანვარი) დაკავშირებით.

საქმე იმაში იყო, რომ ალექსანდრე დადიშქელიანის ცოლს - სილამაზით განთქმულ ბაბილინა ერისთავს (1867-1922) და უჩა დადიანს ერთმანეთი წლების მანძილზე, ახალგაზრდობიდან უყვარდათ.

დადიანს დადიშქელიანის ქვრივთან — ბარბარე (ბაბილინა) გიორგის ასულ ერისთავთან ერთად მკვლელობის წინასწარ განზრახვით დაგეგმვასა და მის სისრულეში მოსაყვანად დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზებას ედავებოდნენ.

სასამართლომ უჩა დადიანი დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი კატორღა მიუსაჯა.

გახმაურებული პროცესი ჯერ ვლადიკავკაზის საოლქო სასამართლოში, შემდეგ თბილისის სასამართლო პალატაში (გასვლით სხდომაზე ბაქოში), ბოლოს კი მმართველი სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში მიმდინარეობდა. 

განაჩენის სენატში გასაჩივრებისას დადიანის ინტერესებს ცნობილი ადვოკატი ნიკოლაი კარაბჩევსკი იცავდა. საბოლოოდ, სენატმა ის უდანაშაულოდ ცნო.

მოგვიანებით დადიანი დადიშქელიანის ქვრივზე დაქორწინდა.

I მსოფლიო ომის დროს უჩა დადიანი იყო ყუბანის კაზაკთა ჯარის ეკატერინოდარის მე-2 პოლკის ესაული და მიმაგრებული იყო 1-ლი კავკასიური („ველური“) ადგილობრივთა ცხენოსანი დივიზიის ჩაჩნურ ცხენოსან პოლკს (დადიანის ასეულში მსახურობდნენ ასევე მისივე ნათესავები — მუშნი, ოთარ, ჯონჯი და ჯუგუ დადიანები). თავი გამოიჩინა ბრძოლებში კარპატებში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916) და გიორგის იარაღით (1916).

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 

1918-1921 წწ. მსახურობდა საქართველოს სახალხო გვარდიაში, მონაწილეობდა ბოლშევიკური არეულობის ლიკვიდაციაში სამეგრელოსა და აფხაზეთში.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბათუმიდან კონსტანტინეპოლში გაემგზავრა მეუღლესთან და მის შვილებთან-დადიშქელიანებთან ერთად.

1922 წელს, კონსტანტინეპოლში ბაბილინა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ტრამვაი დაეჯახა და გარდაიცვალა.

უჩა დადიანმა ბაბილინას შვილები ჯერ პარიზში ჩაიყვანა, ხოლო, 1923 წელს იქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანა და მათ მზრუნველობას უწევდა სიცოცხლის ბოლომდე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, უჩა დადიანი ერთხანს მუშაობდა გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ წარმოებაში, თანამშრომლობდა სათვისტომოებთან, იყო ქართული და ჩერქეზული სათვისტომოების წევრი. მონაწილეობდა საჭადრაკო ტურნირებში. 

დავით (უჩა) დადიანი გარდაიცვალა 1932 წლის 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაკრძალულია იქვე, მაუნთ-ოლივეტის სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://www.facebook.com/109740437520731/posts/203378798156894/

2. https://ka.wikipedia.org/wiki/უჩა_დადიანი


Share: