The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ სალაყაია

იოსებ სალაყაია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1940  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია დაიბადა 1881 წელს სენაკის მაზრის სოფელ თეკლათში, გლეხის ოჯახში.

ახალგაზრდობის პერიოდიდან შეისწავლა და გაიზიარა მარქსისტული იდეოლოგია და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

რევოლუციური საქმიანობის გამო პოლიტიკურ დევნას განიცდიდა, ამიტომ იძულებული იყო ეცხოვრა ემიგრაციაში - შევეიცარიასა და ბელგიაში.

უმაღლესი განათლება ბელგიაში ყოფნის დროს მიიღო - დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

1917 წლის ნოემბერში, პირველ ეროვნულ ყრილობაზე, აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.

1918-1921 წწ. იოსებ სალაყაია იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით: 1918 წლის განმავლობაში პარლამენტის, ხოლო, 1919 წლის 12 მარტიდან დამფუძნებელი კრების წევრი.

დეპუტატობის დროს იგი იყო საკანონმდებლო ორგანოს თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. მას ასევე ეკავა, ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგისა და სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იოსებ სალაყაია პოლონეთში (სიმონ სიდამონ ერისთავის შემდეგ) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იყო. თავმჯდომარეობდა ვარშავაში არსებულ ქართულ საზოგადოებას.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს შელახული უფლებების აღსადგენად. შედიოდა ნოე რამიშვილის  თავმჯდომარეობით პარიზში მოქმედ საპროპაგანდო-სააგიტაციო კომისიის შემადგენლობაში.

1923-1933 წწ. იოსებ სალაყაია დანიშნული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად პოლონეთში.

1920 წლიდან ვარშავაში ფუნქციონირებდა სპეციალური ორგანო - „ქართული კომიტეტი პოლონეთში“. მას ჰქონდა თავისი სტატუსი, დამტკიცებული პოლონეთის ხელისუფლების მიერ. კომიტეტმა მუშაობა გააგრძელა საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, 1922 წლის ბოლომდე. მას ხელმძღვანელობდა სერგო ყურულიშვილი, ხოლო შემდეგ იოსებ სალაყაია (1923-1933). ამავე დროს მას ეკავა „პრომეთეს“ კლუბის თავმჯდომარის მოადგილის (1927-1933) თანამდებობა.

1926 წელს ევგენი გეგეჭკორთან ერთად, მონაწილეობდა პოლონეთის სდმპ კონგრესის მუშაობაში, ხოლო, 1933 წლის ნოემბერში - ქართული ასოციაციის კრების მუშაობაში. 

1933 წელს საკუთარი სურვილით დატოვა პოლონეთი და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1940 წელს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ იოსებ სალაყაია მიავლინა საფრანგეთის დასავლეთში მდებარე ქ. ანჟეში შეხიზნულ  პოლონეთის დევნილ მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად.

გერმანული არმიის მიერ პარიზის დაკავების შემდეგ, იგი არ გაჰყვა პოლონეთის დევნილ მთავრობას ინგლისში და 1940 წლის 14 ივნისს, ქ. ანჟეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იქვე დაკრძალეს.

1948 წელს ქართველმა ემიგრანტებმა მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია იოსებ სალაყაიას წერილები გაგზავნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან 1923-1931 წლების პერიოდში, ვარშავიდან პარიზში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_სალაყაია 

2. http://archive.ge/ka/biography/191

3. ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბილისი, 2016.- გვ. 355

4. ყოლბაია დავით, მურუსიძე შორენა. იოსებ სალაყაია (1881-1940) - საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენელი პოლონეთში. წერილები(1923-1931) // ქართული ემიგრაცია:კრებული.- 2020/2021.- #9. - გვ.106-144

 


გააზიარე: