The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ესტატე ხმალაძე

ესტატე ხმალაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი

ბიოგრაფია

ესტატე ხმალაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარია - საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებელი და ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიიის წევრი. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა.

ესტატე ხმალაძე დაიბადა 1944 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც პირველი სამი წელი ფიზიკის სწავლას ეუფლებოდა, შემდეგ კი მათემატიკურზე გადავიდა.

ასპირანტურის კურსი მოსკოვში გაიარა. 1971 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი ვ. ა. სტეკლოვის სახელობის მათემეტიკის ინსტიტუტში.

1972 წლიდან 1990 წლამდე ორ ცენტრში - მოსკოვის ე. ა. სტეკლოვის ინსტიტუტში და თბილისის ა. რაზმაძის მატემატიკის ინსტიტუტში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას.

1981 წელს ესტატე ხმალაძემ არაპარამეტრული სტატისტიკური ჰიპოთეზის შემოწმების პრობლემის გადაჭრის საკმაოდ მოულოდნელი გზა იპოვა. ეს პრობლემა ღიად რჩებოდა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში (1952 წლიდან). სახელდობრ, მან დაადგინა კავშირი კლასიკურ სტატისტიკურ ამოცანებსა და მარტინგალების თეორიას შორის და შემოიღო სპეციალური მარტინგალური გარდაქმნა, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს და ცნობილია „ხმალაძის გარდაქმნის“ სახელწოდებით.

1993 წელს, გაავრცელა რა ჰიპოთეზების შემოწმების ამოცანა მრავალგანზომილებიან სივრცეებზე, ე. ხმალაძემ ააგო ახალი ტიპის მარტინგალები მრავალგანზომილებიანი დროით, ე.წ. „სკანირების მარტინგალები“.

1990-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგედ.

1996 წელს ე. ხმალაძე ოჯახთან ერთად თბილისიდან ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში გადავიდა საცხოვრებლად. მოღვაწეობდა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში.

ექვსი წლის შემდეგ ახალ ზელანდიაში გადასახლდნენ, სადაც ქართველი მეცნიერი 2002 წელს დაინიშნა  სტატისტიკის პროფესორად ქალაქ ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში.

პროფესორი ხმალაძე ძირითადად ველინგტონში მოღვაწეობს, მაგრამ როგორც საერთაშორისო პრესტიჟის სპეციალისტს, იწვევენ აშშ-ში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ინდოეთში...

ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძე მუ­შა­ობს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: სტა­ტის­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, ციტო-გე­ნე­ტი­კა, ფი­ზი­ო­ლო­გია, დე­მოგ­რა­ფია და და­ზღვე­ვა, ტექ­სტე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი.

მეცნიერმა სერიოზული წვლილი შეიტანა სტატისტიკური მრავალფეროვნებისა და ფრაგმენტაციის პროცესთა თეორიაში. შექმნა ე.წ. ოკუპაციის ამოცანების ახალი კლასიფიკაცია და საფუძველი დაუდო „დიდი რაოდენობის იშვიათი მოვლენების“ არსებითად ახალ თეორიას. ოკუპაციიის პრობლემები დაკავშირებულ იქნა, მისგან ძალიან შორს მყოფ უსასრულოდ დაყოფადობის თეორიასთან.

ბოლო პერიოდში (2013 - 2021 წწ.) ხმალაძე კვლავ დაუბრუნდა სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების თეორიას. მისი კოლეგები და თანამშრომლები თვლიან, რომ ამ კვლევის შედეგი იქნება არსებითად სრულმასშტაბიანი არაპარამეტრული სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების თეორია, რომელიც უკვე ვრცელდება სტოქასტური პროცესების განაწილების შესახებ ჰიპოთეზების შემოწმების თეორიაში, იმ სფეროში, სადაც ადრე ის თითქმის არ არსებობდა.

ესტატე ხმალაძეს ეკუთვნის მრავალი სხვა გამორჩეული ნაშრომი, სადაც აღწერილია ზოგადი ფუნქციონალური ზღვარითი თეორემები ე. წ. დაყოფადი სტატისტიკისა და მიმდევრობითი რანგების სტატისტიკისთვის.

2013 წელს გამოიცა მისი წიგნი სტატისტიკური მეთოდების შესახებ დემოგრაფიასა და სიცოცხლის დაზღვევაში.

2019 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“.

თსუ რექტორმა გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

ბატონი ესტატე ბევრ სტუდენტს უწყობს ხელს, რომ მიიღონ მაღალი დონის განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ცენტრებში. იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის თანამედროვე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურასა და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს. მათ შორისაა ჟურნალები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Applied Probability”.

ესტატე ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის 100 დოლარის ოდენობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულტეტს უკვე ყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან. 

პროფესორ ხმალაძის მეუღლე მზია ვეკუა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. ველინგტონში პედაგოგად მუშაობს. ასწავლის მარია მონტერორის სკოლაში. მათი ქალიშვილი, მარიამი, შოტლანდიაში დაიბადა, სადაც  ქართველი მათემატიკოსი მიწვეული იყო 1992-1993 სასწავლო წელს ედინბურგის უნივერსიტეტში. ეს გახლდათ მისი პირველი გრძელვადიანი მივლინება.

ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით თსუ-ს სამეცნიერო პოტენციალის საზღვარგარეთ წარმოჩენის, უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ახალგაზრდების სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

წყარო:

1. https://en.wikipedia.org/wiki/Estate_Khmaladze

2. https://www.allnews.ge/ganatleba/166217-10-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-prestizhul-institutebsa-da-laboratoriebshi-unikalur-kvlevebshi-monacileoben/

3. https://tsu.ge/en/news/--ესტატე-ხმალაძის-75-წლის-იუბილესადმი-მიძღვნილი-საერთაშორისო-კონფერენცია-თსუ-ში 


გააზიარე: