The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


როსტომ ხან სააკაძე

როსტომ ხან სააკაძე
დაბადების თარიღი:1588
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1643  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XVI საუკუნის დამლევს სპარსეთში გადაიხვეწა ბაგრატ-ხანი (დავით XI-ის შვილი), რომელსაც თან გაჰყოლია მისი აზნაური, როგორც ჩანს, სახლთუხუცესი, ბეჟან სააკაძე (ყარა-ბეჟან-ბეგი), რომელიც ირანში სასახლის ქეშიკი (მცველი) გამხდარა.

ამ ბეჟანის შვილი ყოფილა სპარსეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი როსტომ-ხან სააკაძე (1588-1643), რომელიც 10-12 წლიდან მაჰმადიანურ რჯულზე იზრდებოდა და სულიერი კავშირი საქართველოსთან სრულიად გაწყვეტილი ჰქონია. იგი იყო „კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან“ (ბერი ეგნატაშვილი).

როსტომი 1599 წლიდან შაჰ-აბას I-ის კარზე მსახურობდა. მისი ბიოგრაფი რიგრიგობით ჩამოთვლის საფეხურებს, რომლებიც როსტომ-ხანს გაუვლია: შაჰის პირადი მსახური, ჰარამხანის ღულამი (მცველი), შემდეგ სოჰბათიასაული, 1626-1627 წწ. - მდივანი.

ირანში როსტომ-ხანს,  როგორც რიგით  მეომარს, ექვს  დიდ ომში მიუღია  მონაწილეობა, მათ შორის დაუდ-ხან უნდილაძისა  და თეიმურაზის აჯანყების  ჩახშობაში.

გამორჩეული ნიჭისა და გაბედულების წყალობით მას შაჰ სეფის ყურადღება დაუმსახურებია და სამხედრო სამსახურში სწრაფად დაწინაურებულა: 1632-1633 წწ. – სარდალი, დივანბეგი და თოფანქჩიაღასი (შაჰის მეთოფე და რაზმის უფროსი);

1634-1635 წწ. - ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი;

მისი მეთაურობით ყიზილბაშებმა გაილაშქრეს ვანის ციხეზე და დაამარცხეს ქურთები, თურქებს წაართვეს ბაღდადი, იომეს ოსმალთა სარდალ ექრემ ჰუსრევ-ფაშასთან, დაიპყრეს ჰელეს ციხე;

თან ახლდა როსტომს (მეფეს) საქართველოში შემოსვლის დროს  და საკუთარი ინიციატივით აუოხრებია საციციანო. როსტომ მეფე გამწყრალა და სარდლისთვის შეუთვლია: „საქართველო აოხრებული არის, რაც დარჩომილა, იმასაც თქვენ ამიოხრებთ, მაშ მე რისიღა ბატონი ვიქნებიო“. ამის გამო მეფესა და როსტომ-ხანს შორის წყენა ჩამოვარდნილა. ორივეს შაჰთან უჩივლია. შაჰ-აბასს როსტომ-ხანი საქართველოდან გაუწვევია;

1634-1635 წწ. თურქებს წაართვა ერევანი;

გარდა სიმამაცისა, ცნობილი გამხდარა საბრძოლო ტაქტიკაში სიახლეების დანერგვით. მან შეიმუშავა ომის ახალი ტაქტიკა – წინა ხაზზე გამოიყვანა მეთოფენი და მსუბუქი არტილერია.

იმდენად იყო აღზევებული ირანის სამეფო კარზე, რომ თვით შაჰ სეფი თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია.

როსტომ-ხან სააკაძე, რომელმაც მთელი ნიჭი და ენერგია მიუძღვნა ირანის სამხედრო ძლიერებას, სასახლის კარის ინტრიგების მსხვერპლი გამხდარა. შაჰის ვეზირმა, მირზა-თაყიმ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, მას სახელმწიფოს ღალატი დასწამა, რის გამოც, შაჰ-აბას II-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს ქალაქ მეშჰედში, 1643 წელს. 

მისი ცხოვრება ამ ტრაგიკული აღსასრულითაც მსგავსია სპარსეთსა თუ ოსმალეთში დაწინაურებულ სხვა ქართველთა ცხოვრებისა.

როსტომ-ხანს ხშირად ახსენებენ ამ პერიოდის ქართული წყაროები (ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი, პარიზის ქრონიკა, ვახუშტი). უფრო მეტი ცნობაა დაცული ამ პირის შესახებ  სეფიანთა ისტორიკოსების, ისკანდერ მუნშის, მოჰამედ თაჰერისა და ჰასან რუმლუს  თხზულებებში.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/როსტომ-ხან_სააკაძე 

2. https://qim.ge/rostomxan%20saakadze.html

3. ფუთურიძე, ვლ.ირანის სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე / ვლ. ფუთურიძე // კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. - თბილისი. - 1966. - გვ.288-293

4. ქუთათელაძე, ზურაბ. როსტომ-ხან სააკაძე (XVII) : აზერბაიჯანის ბეგლარბეგი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.147.

5. სააკაძე როსტომ-ხან // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.170.


გააზიარე: