The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ირაკლი მანია

ირაკლი მანია
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ირაკლი მანია დღეს წარმატებული ექიმია, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციისა და ნეირომეცნიერთა საზოგადოების წევრი. ექიმობა ბავშვობიდან უნდოდა და მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წელს ჩავიდა, მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით წარჩინებით დაამთავრა აიეტის სამედიცინო სკოლა (შემდგომში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).

ამერიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება სამედიცინო სკოლის არჩევამდე ჰქონდა მიღებული, რადგან 1990-იან წლებში სრულყოფილი სამედიცინო განათლების მიღება და შემდეგ პროფესიის მიხედვით მუშაობა საქართველოში წარმოუდგენელი იყო. მაშინ სწორედ აიეტი იძლეოდა ამერიკული კურიკულუმით სწავლისა და დიპლომის შემდგომი განათლების საზღვარგარეთ მიღების შესაძლებლობას.

უნივერსიტეტში სწავლის პროცესი რთული იყო. არ ჰქონდათ თანამედროვე ინგლისურენოვანი სამედიცინო ლიტერატურა, ინტერნეტი, კომპიუტერები... ცხოვრების პირობებიც ურთულესი იყო - არა შუქი,  არა გათბობა, უტრანსპორტობა ... მაგრამ იყო ბევრი მონდომება, მიზანდასახულობა, სწავლის სიყვარული და შედეგმაც არ დააყოვნა. 

ირაკლი მანიამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოახერხა ამერიკის სალიცენზიო გამოცდების ორი საფეხურის ჩაბარება, რამაც საშუალება მისცა, ამერიკაში გაეგრძელებინა განათლების მიღება.

თავდაპირველად ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, ემორის უნივერსიტეტში, პროფესორ კენ ვოლკერის მიწვევით, რომელიც ქართველი სტუდენტების და საერთოდ საქართველოს დიდი ქომაგი იყო. მასთან მუშაობა დაეხმარა მესამე და საბოლოო გამოცდის ჩაბარებაში, სადაც კლინიკური უნარ-ჩვევებია გამოსავლენი უშუალოდ პაციენტთან ურთიერთობისას.

ამის შემდეგ სამი წელი გაატარა ემორის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტში, სამეცნიერო მუშაობაში.

ეს პირველი წლები ემიგრაციაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა პროფესიული ზრდისა, ამ წლებში გაიცნო უამრავი საინტერესო ადამიანი, შეიძინა მეგობრები, ჩამოუყალიბდა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები. ასიმილაციის პროცესი ქართულმა სათვიტომომ და ქართველების თანადგომამაც გაუადვილა.

ამის შემდეგ იყო რეზიდენტურა ფსიქიატრიაში, რომელიც გაიარა ფილადელფიაში, დრექსელის უნივერსიტეტში. ეს მისი ცხოვრების დაუვიწყარი პერიოდია, რადგან ამ დროს მოხდა მისი ყველაზე სწრაფი პროფესიული ზრდა და გარდა ამისა, ამ პერიოდში გაიცანო მომავალი მეუღლე, რომელიც, ასევე არის ქართველი ექიმი ამერიკაში.

ირაკლი მანია, ამჟამად, მუშაობს ექიმ ფსიქიატრად ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს ფედერალურ სამედიცინო ცენტრში, სადაც ხელმძღვანელობს ფსიქიატრიის, ნარკოლოგიის და კრიზისული ინტერვენციის დეპარტამენტებს. მისი კარიერა ამ ცენტრში 15 წლის წინ დაიწყო.

პრაქტიკული მუშაობის გარდა, გაწევრიანებულია ამერიკის ფსიქიატრიულ ასოციაციაში და არის ამ ასოციაციის პენსილვანიის შტოს ვიცე პრეზიდენტი. ასევე, ჩართულია სტუდენტებისა და რეზიდენტების საგანმანათლებლო პროცესში. თანამშრომლობს დრექსელისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებთან. რამდენჯერმე  შესაძლებლობა ჰქონდა ემასპინძლა საქართველოდან ჩასული სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.

„მე დიდი ილიას სიტყვებზე გავიზარდე, “აბა, მე დღეს ვის რა ვარგე” იყო ჩემი ცხოვრების კრედო. ექიმობაც ამან მომანდომა და დღეს შემიძლია, აღარც კი ვკითხო ეს ჩემს თავს ყოველდღიურად, რადგან სიკეთის კეთება ცხოვრების ნაწილად მექცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მადლიერი ადამიანების ღიმილი, ადამიანების ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სიცოცხლის გადარჩენა არის ის ძალა, რომელიც მამოძრავებს“, - ამბობს ირაკლი მანია.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/irakli-mania-eqimi-ashsh/

 

 

 

 


გააზიარე: