The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლერი დათაშვილი

ლერი დათაშვილი
დაბადების თარიღი:196?
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

ლერი დათაშვილი იმ ქართველ კონსტრუქტორთა შორის იყო, რომელთაც პირველი ქართული კოსმოსური ანტენა დაამზადეს. მაშინ დებიუტანტი კონსტრუქტორი იყო. საყვარელ საქმეს რომ არ შელეოდა, პოპულარობის ზენიტში მყოფს საქართველოს დატოვება მოუხდა. უკვე ოც წელზე მეტია, კოსმოსს მიუნჰენის აეროკოსმოსური  ინსტიტუტიდან „უცქერს” და უამრავი პროექტით, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეშვეობით ახორციელებს, ამ დარგის განვითარებაზე საქართველოშიც ზრუნავს.

ინტერესი ტექნიკური მეცნიერებების მიმართ, როგორც ჩანს, გენეტიკურად გადმოეცა – დედა მათემატიკოსი ჰყავს, მამა ფიზიკოსი. თუმცა, მამას უნდოდა ის ინჟინერი გამხდარიყო და მისი რჩევით ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა. განაწილებით მოხვდა, თავის მშობლიურ კუთხეში, მესხეთში, ახალციხის ტრესტში. იქ კარგად შეხვდნენ და ხელფასიც მაღალი ჰქონდა, მაგრამ ასეთი სამუშაო არ აკმაყოფილებდა, ვერ გაძლო და რამდენიმე თვეში გამოიქცა.

თბილისში ასპირანტურაში ჩააბარა. მოხვდა სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე ელგუჯა მეძმარიაშვილთან. მას პარალელურად ჰქონდა საკონსტრუქტორო ბიუროც, რომელიც კოსმოსურ კონსტრუქციებზე მუშაობდა. აი, ასე დაიწყო ლერი დათაშვილის კავშირი კოსმოსთან.

ქარ­თველი კონ­სტრუქ­ტორების ჯგუფი ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით კოს­მო­სუ­რი ან­ტე­ნის და­მ­ზა­დებაზე მუშაობდა. ეს პროექტი თავიდან ბოლომდე ქართული ჯგუფის შექმნილია, თუმცა მისი კოსმოსში გაშვება რუსების მიერ მოხდა. კონსტრუქცია ოთხი თვის განმავლობაში იქმნებოდა და ძალიან მაღალი ხარისხის მასალით დამზადდა თბილისის საავიაციო ქარხანაში. შემდეგ ხომალდით გაიგზავნა რუსეთში, რადგან მისი კოსმოსში გაფრენის  უზრუნველყოფა მოსკოვმა აიღო საკუთარ თავზე.

ქართულ  გასაშლელ კონსტრუქციაზე მუშაობის დროს, ჯგუფის ხელმძღვანელი და მთავარი მენეჯერი ქართული მხრიდან იყო ლერი დათაშვილი. მეძმარიაშვილმა მას ანდო პირველი კოსმოსური ანტენის პულტი. 1999 წლის 23 ივლისს კონსტრუქცია კოსმოსში გაუშვეს. ამ ანტენამ ექვსი თვის განმავლობაში იტრიალა დედამიწის გარშემო, შეასრულა თავისი მისია, მერე შემოვიდა ატმოსფეროს ქვედა ფენებში და დაიწვა.

ქართველი კონსტრუქტორების მიერ  კოსმოსური ანტენის შექმნას ევროპული კოსმოსური სააგენტოს  მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. გერმანელ კოლეგებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების მცდელობა მეძმარიაშვილის გუნდს მანამდეც ჰქონდა, კოსმოსური ობიექტების ერთობლივ პროექტებზე მუშაობდნენ. ლერი დათაშვილი სამუშაოებს გერმანიიდან კურირებდა. იმ პერიოდში სცადეს მონაწილეობის მიღება ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტენდერში. ეს ტენდერი ჩაიშალა, თბილისშიც სამუშაო აღარ იყო, რადგან მათი ცენტრი მოსკოვში გადავიდა. აქ სხვა პერსპექტივა არ ჩანდა და ისე აღმოჩნდა, რომ თუ ლერი დათაშვილი გერმანიაში არ დარჩებოდა, საყვარელ საქმეს ვეღარ გააგრძელებდა.

დღეს ქართველი მეცნიერი მიუნხენის ევროპის კოსმოსური ტექნოლოგიის ცენტრის წამყვანი თანამშრომელი, LSS GmbH-ის გენერალური დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორია. ამას­თან ერთად, არის პრო­ფე­სო­რი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გარ­და ამი­სა, ლერი და­თაშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რეა. სათვისტომოს აქვს თავისი ქართული გარემო, ერთმანეთს ხშირად ხვდებიან, მეგობრობენ უფროსებიც და მათი შვილებიც. კავშირი აქვთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი ქართველებთან და მათ შთამომავლებთან. ქართულ სათვისტომოს ჰყავს 300-მდე აქტიური წევრი. აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, სპორტულ შეჯიბრებებს, საქართველოდან ჩაყავთ სხვსდსსხვა ჯგუფები. სათვისტომოს ერთ-ერთი ფუნქციაა, რომ დაეხმაროს ქართველ ემიგრანტებს გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრირებაში.

მიუნჰენში არის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვას დეკანოზი თამაზ ლომიძე აღავლენს. ეკლესიაში გახსნილია საკვირაო სკოლაც. ეკლესიას აქვს უზარმაზარი და ულამაზესი ეზო, სადაც წირვის მერე იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ ახალ ამბებს. ახალ წელს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა  მნიშვნელოვან  თარიღებს სათვისტომოს წევრები ერთად აღნიშნავენ ხოლმე.   

გერმანიის კოსმოსური სააგენტო ძალიან ძლიერი ორგანიზაციაა. ევროპის უმსხვილესი კოსმოსური ფირმები მიუნჰენშია. ლერი დათაშვილი ცდილობს, რომ აღადგინოს ქართული კოსმოსური სააგენტოს მუშაობა. სჯერა, რომ ეს აუცილებელია ქვეყნისთვის, რათა ევროპის ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებზე იყოს. „თუ გვექნება სააგენტო, ეს საშუალებას მოგვცემს, გავწევრიანდეთ ევროპის კოსმოსურ სააგენტოში, რომელიც ევროკავშირის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. მე, ფაქტობრივად, მუდმივად ვმუშაობ სააგენტოს 5-6 პროექტზე. დღეს ჩემი საშუალებით აქაური კოლეგები ჩართულები არიან იმ პროექტებში, რომლებიც ევროპის კოსმოსური სააგენტოდან თბილისსაც ერგო, რაც იშვიათი შემთხვევაა“, - ამბობს მეცნიერი.

ლერი დათაშვილმა მიუნხენში დააფუძნა კომპანია „დიდი კოსმოსური ნაგებობები“.

ჰყავს ქართველი მეუღლე და სამი შვილი.

წყარო:

1. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=12373

2. https://www.ambebi.ge/article/254712-20-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-camqvan-la/

 


გააზიარე: