The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით გამრეკელი

დავით გამრეკელი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:29 ნოემბერი, 1977  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დავით ალექსანდრეს ძე გამრეკელი დაიბადა 1911 წლის 27 ივლისს ჭიათურაში. 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი (სხვა მონაცემებით საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტი); 1935 წელს - თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალის პედაგოგი, პროფესორი ე. ა. ვრონსკი). იმავე წელს ახალგაზრდა ქართველმა ბარიტონმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დიდი წარმატებით იმღერა ელეცკის პარტია პეტრე ჩაიკოვსკის ოპერაში "პიკის ქალი".

გამოირჩეოდა იშვიათი სილამაზის ტემბრის ხავერდოვანი ხმით და სცენური მიმზიდველობით.

1935-1944 წლებში იყო თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი;

1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია (ზ. ფალიაშვილის  "დაისი");

1938 წელს მოსკოვის ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა (მეორე პრემია);

1943 წელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა;

1944–1952 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი;

1951 წელს მიიღო რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება;

1952 წლიდან გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი;

1967-1977 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში.

თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე დავით გამრეკელმა ორმოცამდე საოპერო პარტია შეასრულა: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), აბდულ არაბი (დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ევგენი ონეგინი, ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), ჟერმონი და რიგოლეტო (ჯ. ვერდის "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფიგარო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), ვალენტინი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ესკამილიო (ჟ. ბიზეს "კარმენი"), სილვიო (რ. ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვა.

1944 წელს მან მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში „ჯურღაის ფარი“, რომელმაც მოგვიანებით, 1950 წელს, სსრკ სახელმწიფო პრემია დაიმსახურა.

გრამფირფიტაზე ჩაწერილია ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერა „სადკო“, სადაც დავით გამრეკელს პარტნიორობას უწევდნენ სახელგანთქმული საბჭოთა მომღერლები.

გარდაიცვალა 1877 წლის 29 ნოემბერს, მოსკოვში.

დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მისი მეუღლე იყო ნინო (ბუბუსია) თვალავაძე, ულამაზესი ქალბატონი, რომელსაც თბილისის „შავ ბრილიანტს“ ეძახდნენ.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: .I.–თბ., 1997.–გვ. 542.

2. გამრეკელი დავით. 30 წელი საოპერო სცენაზე : [მოგონებები]. - თბ., 1964

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. - თბ., 2015. -გვ.95.

4. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_გამრეკელი

5. დავით გამრეკელი 1911-1977 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.80-83 .


გააზიარე: