The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალი ფუათ ბეი თავდგირიძე

ალი ფუათ ბეი თავდგირიძე
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1970  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ალი ფუათ ბეი (თავდგირიძე) ქობულეთელი ალი ფაშას (1829-1911) შვილია. დედას ჰამიდე ერქვა.

დაიბადა 1893 წელს ორდუში. სწავლობდა სტამბოლის საშუალო სკოლასა და ლიცეუმში. 1909 წელს დაამთავრა ლეილისა და ნიჰარუი შემსულმუარიფ ჰამიდის სასწავლებელი, ხოლო 1913 წელს წმინდა იოსების ლიცეუმი.

უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გაიგზავნა და ძრავების ქარხანაში მექანიზაციის ინჟინრის პროფესიის შესწავლა დაიწყო. 1914 წლის 3 აგვისტოს მობილიზაციის გამოცხადების გამო, სტამბოლში დაბრუნდა.

ფუათ ბეი შავიზღვისპირეთში დისლოცირებული თეშქილათი მაჰსუსას პოლკის დამოუკიდებელ ბატალიონში ჩარიცხეს და ასეულის მეთაურობა ჩააბარეს. აქაური მოხალისე მილიციის დანაყოფები ძირითადად ქართველებისგან იყო ჩამოყალიბებული.

1915 წელს ფუათ ბეის კაპიტნის წოდება მიანიჭეს. 1916 წელს უფროს ძმასთან, ზია ბეისთან ერთად, დიდ წარმატებებს მიაღწია რუსებისგან ოფისა და ჰარშითის დაცვაში. 1917 წელს სანაპირო ჯგუფის დამოუკიდებელი ბატალიონის მეთაურობის გარდა, 37-ე კავკასიური დივიზიის ზურგის უფროსადაც დაინიშნა და ასეულს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, ტრაპიზონის განთავისუფლების შემდეგ, მეოთხე ზონის ინჟინერი გახდა და ტრაპიზონის საავტომობილო და ძრავების შემკეთებელი ქარხნის დირექტორად დანიშნეს.

1919 წლიდან შავიზღვისპირეთში ჩამოყალიბებული „სამართლიანი წინააღმდეგობის საზოგადოების“ შემადგენლობაში შემავალი ორდუს და ფერშემბეს ეროვნულ ძალთა  ორგანიზაციებში მუშაობდა. 1920 წელს ფერშემბეს“სამართლიანი წინააღმდეგობის საზოგადოების“ თავმჯდომარე გახდა. ფერშემბეს მუნიციპალიტეტის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაც ეკავა.

პირველ მსოფლიო ომსა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში გაწეული სამსახურისთვის, 1926 წ. 29 დეკემბერს დამოუკიდებლობის მედლით დააჯილდოვეს. რესპუბლიკის პერიოდში ფერშემბეს მუნიციპალიტეტის საკადასტრო სამმართველოს კეთილმოწყობისა და დაგეგმარების განყოფილების თავისუფალი სპეციალისტი იყო. 1930-1940 წლებში ფერშემბეში „სახალხო სახლს“ თავმჯდომარეობდა.

ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, რომელშიც ხეზე კვეთდნენ, მოოქროვილი ასოებით წერდნენ და აბრებს ამზადებდნენ.

დაოჯახებული იყო. კარგად იცოდა ფრანგული და გერმანული ენები.

გარდაიცვალა 1970 წელს ფერშემბეში.

წყარო: 

1. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012. გვ. 429.


გააზიარე: