The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თავდგირიძე ალი ფაშა

დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:1921  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XIX საუკუნემდე აჭარაში ოსმალეთის მმართველობა ნომინალური იყო: მოსახლეობა არ იხდიდა ოსმალურ გადასახადებს, არ გადიოდა საყოველთაო სამხედრო სამსახურს ოსმალეთის არმიაში, მხოლოდ ომის დროს გამოჰყავდათ მოლაშქრეები. გლეხობა კვლავ ქრისტიანობას ინარჩუნებდა, ხოლო დიდგვაროვნები იღებდნენ ისლამს.

აჭარაში ისლამი ჯერ ლაზისტანში, ჭოროხის და აჭარისწყლის ხეობაში და ყველაზე გვიან ქობულეთში გავრცელდა. 

ქობულეთი XVII-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა თავდგირიძეების რეზიდენციას და გურიის სამთავროში შედიოდა, ხანაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.

ალი თავდგირიძე  1954 წელს დაბადებულა. თავდაპირველად სტამბოლში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში, ქვემო გურიაში, რომელიც უკვე ჩურუქ-სუს სახით იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა.

ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.

მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ფაშობა მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა, და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში.

ალი-ფაშა მოლაპარაკებებისას შეხვდა ქუთაისის გუბერნატორს და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ.

სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს მისი ღალატი. სწორედ ოსმალეთისადმი ღალატის ეს ფაქტია ასახული მასზე შექმნილ ხალხურ სიმღერაში „ალი ფაშა“..

რუსეთის იმპერიის მიერ აჭარის მიერთების შემდეგ ქართველი მუსლიმები გადასახლდნენ ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით.

ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს ხელს უწყობდა ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში - აქ მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო.

ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. ალი-ფაშა სტამბოლში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო.

სულთანმა ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა, სადაც მან ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად.

მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით, 1921 წელს, გარდაიცვალა კიდეც.

წყარო:

1. ალი ფაშა თავდგირიძე (1854-1921). გენერალ-ეიტენანტი // გოგიტიძე მამუკა, ჭედლიძე დავითქართველი გენერლები აჭარიდან. - თბილისი, 2020. - გვ.50-51.


გააზიარე: