The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალი ფაშა თავდგირიძე

ალი ფაშა თავდგირიძე
დაბადების თარიღი:1828
გარდაცვ. თარიღი:1911  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფათიჰის მეჩეთის სასაფლაო, სტამბოლი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი) ალი-ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1828 წელს, ქ. ჩურუქსუში (ახლანდელი ქობულეთი). ის მეჰმედ თავდგირიძის და ფატმა დინდინეს შვილია. მისი ძმები იყვნენ: ოსმან ფაშა (1837-1909) და სუფერ ბეი, რომელიც ყირიმის ომში დაიღუპა.

ალი ფაშა მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1853–1856, 1877–1878) ომებში. მსახურობდა სულთან აბდულ ჰამიდ II-ის ადიუტანტად.

ყირიმის ომის დროს ბათუმის ოლქის მცხოვრებლებისაგან მოხალისეები შეკრიბა. მისი ნახევარძმა, ჰასან ბეი შეკვეთილის ბრძოლაში დაიღუპა.

ალი-ფაშა სარდლობდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან შემდგარ დამხმარე ძალებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შეკვეთილის ბრძოლაში და სენ-ნიკოლას ციხე-სიმაგრის აღებაში.

გამოჩენილი თავდადებისთვის ხმლით და მე-4 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

ომის შემდეგ მირი-უმერას წოდება მიიღო.

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ბრიგადის გენერლობა უბოძეს და ბათუმის ოლქის მოსახლეობისგან ჩამოყალიბებული და ქობულეთში შეკრებილი 12 ბატალიონის მეთაური გახდა. ეს შენაერთი წინააღმდეგობას უწევდა რუსების  შეტევებს გენერალ ლუტევანის სარდლობით. ალი ფაშას ძალებმა შეძლეს შეენელებინათ რუსების წინსვლა და ხელში ჩაეგდოთ მათ მიერ დაკავებული სამბას და ჰუსუბანის სიმაღლეები.

ბათუმის ოლქის რუსების გამგებლობაში გადასვლის შემდეგ, ალი ფაშამ ოჯახთან ერთად დატოვა მშობლიური მხარე და ტრაპიზონში გადასახლდა. სულთანმა მას ადიუტანტის თანამდებობა უბოძა.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ოსმანის სამი და მეჯიდის ერთი ორდენი, აგრეთვე პრივილეგიის ოქროს მედალი.

ალი ფაშა ხელს უწყობდა ქართველების მიგრაციას ოსმალეთში, რათა მათგან შეექმნა ანტირუსული არმია. 1886 წელს, ბალკანეთის აჯანყების დროს, ომის დაწყების შემთხვევაში მზადყოფნაში ჰყავდა 4000 ქართველი ჯარისკაცი.

სამჯერ იქორწინა. მესამე ცოლი იყო ჰამიდე. მასთან სამი ვაჟი შეეძინა - ზია, ფუათი და ქამილი.

ტრაპიზონში რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა, შემდეგ კი სტამბოლში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1911 წელს. დაკრძალულია ფათიჰის მეჩეთის სასაფლაოზე.

 წყარო:

1. საქართველოენციკლოპედია.III.–თბ., 2014.-გვ.431 

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=985 

2. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012. - გვ.169.


გააზიარე: