The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ისააკ შიოს ძე თუმანიშვილი

ისააკ შიოს ძე თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:1803
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1880  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი და საზოგადო მოღვაწე, თავადი ისააკ შიოს (შიოშის, სოლომონის) ძე თუნანიშვილი დაიბადა 1803 წელს, თბილისში, „კოლეჟსკი ასესორის“ (კოლეჯის შემფასებელი, მე-8 კლასის სამოქალაქო წოდება რუსეთის იმპერიაში) შიოშბეკ სულხანის ძე თუმანოვის ოჯახში. მისი ძმა, ნიკოლოზ შიოშის ძე თუმანიშვილი, ასევე საჯარო პირი იყო, სტატსკი სოვეტნიკი და ამიერკავკასიის სახაზინო პალატის თავმჯდომარე.

ისააკ შიოს ძემ სამხედრო სამსახური დაიწყო 1826 წლის 27 ივლისს პრაპორშჩიკის წოდებით.

იგი მონაწილეობდა რუსეთ-ირანის (1826-1828), რუსეთ-ოსმალეთისა (1828-1929)  და  ყირიმის (1853-1856 ) ომებში.

1851 წელს, პოდპოლკოვნიკის ჩინით, იყო კავკასიის არმიის მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატის (სამხედრო სასამართლო) წევრი; 1852-1854 წწ. უკვე პოლკოვნოკის ჩინით იყო კავკასიის არმიის კორპუსის მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატის ქვეითი ჯარის ოფიცერი.  

1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1863 წლიდან მეთაურობდა ნავაგინის 78-ე ქვეით პოლკს, ირიცხებოდა კავკასიის არმიაში.

1868-1869 წწ. თავმჯდომარეობდა კავკასიის სამხედრო ოლქის  ჯარების მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატს. ამავე დროს იყო ტფილისის გუბერნიის ციხეების სამეურვეო კომიტეტის დირექტორი, ხოლო, 1871-1879 წლებში - კავკასიის არმიის გენერალურ შტაბთან არსებული დამხმარე კომიტეტის წევრი.

1869 წლიდან რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტია.

ისააკ თუმანიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც: იგი მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში; 1871-1879 წწ. იყო ტფილისის ამიერკავკასიის საიმპერატორო ქალთა ინსტიტუტის სამეურვეო  საბჭოსა და რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი.

სამხედრო კარიერის მანძილზე ისააკ შიოს ძე დაჯილდოებული იყო თეთრი არწივის,  წმ. ანას, წმ. გიორგის, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ორჯერ აქვს მიღებული ოქროს იარაღი 25 და 30- წლიანი სამსახურისთვის (1853, 1856); 1850 წელს წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენზე დაუმატეს საიმპერატორო გვირგვინი; 1859 წელს კი ჯილდოდ მიიღო ბეჭედი მისი უდიდებულესობის გამოსახულებით.

მეგობრობდა გრიგოლ ორბელიანთან და ნიკოლოზ ბარათაშვილთან.

მისი მეუღლე იყო ნატალია დავითის ასული თამამშევი. მათ სამი ქალიშვილი ჰყავდათ - მარია, ნადეჟდა და მართა.

ისააკ თუმანიშვილი გარდაიცვალა 1880 წლის 23 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.123

2. https://nobility.pro/ge/statia/26-tumanishvili-isaak-shioshis-dze.html


გააზიარე: