The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი იესეს ძე თუმანიშვილი

გიორგი იესეს ძე თუმანიშვილი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1839
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1901  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გიორგი იესეს ძე თუმანიშვილი დაიბადა 1839 წლის 6 მარტს, სოფელ ხელთუბანში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი).

განათლება მიიღო პირველ კადეტთა კორპუსში, რომელიც 1857 წელს პრაპორშჩიკის წოდებით დაამთავრა და განაწილებით მოხვდა მე-2 მესანგრეთა ბატალიონში. იმავე წელს დააწინაურეს პოდპორუჩიკად და განამწესეს  კავკასიის მე-2 მესანგრეთა ბატალიონში, არგუნის ოლქის ხელმძღვანელის განკარგულებაში. მონაწილეობდა ბრძოლებში მთიელთა წინააღმდეგ.

1863 წელს პორუჩიკის წოდება დაიმსახურა და გადაყვანილ იქნა ლეიბ-გვარდიის მესანგრეთა ბატალიონში.

1864 წ. მიავლინეს დასავლეთ ციმბირში, გენერალ-გუბერნატორ დიუგამელის განკარგულებაში. თავი ისახელა ბრძოლებში კოკანდის სახანოს წინააღმდეგ. მონაწილეობდა აულიე-ატას და ჩიმკენტის ციხესიმაგრეების შტურმში.

1968 წ. შტაბს კაპიტანი გახდა; 1871 წ. - კაპიტანი; 1873 წ. - პოლკოვნიკი.

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში მეთაურობდა კავკასიის პირველ მესანგრეთა ბატალიონს. ერზერუმის ბლოკადის დროს იმყოფებოდა საგანლუგის რაზმის შემადგენლობაში.

1880 და 1886 წწ. მიავლინეს ბათუმის ოლქში საგზაო სამუშაოების საწარმოებლად. 1886 წ. სანკტ-პეტერბურგში გამოიძახეს და სარკინიგზო ბრიგადის ფორმირება დაავალეს.

1887 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1887-1889 წწ. სარკინიგზო ბრიგადას მეთაურობდა.

1889-1896 წწ. მე-5 მესანგრეთა ბრიგადის ხელმძღვანელი იყო; 1896-1997 წწ. - 32-ე ქვეითი დივიზიის; 1896 წელს გენერალ-ლეიტენენტის ჩინი უბოძეს. 

1901 წლის 2 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა ბრძანება გიორგი იასეს ძის ინფანტერიის გენერლად დაწინაურების შესახებ. ბრძანების დაწერის დროს, სანკტ-პეტერბურგში ჯერ არ იცოდნენ, რომ გიორგი თუმანიშვილი  1901 წლის 30 მაისს ჟიტომირში (უკრაინა) გარდაიცვალა.

გიორგი იასეს ძე თუმანიშვილს მიღებული ჰქონდა III ხარისხის პრუსიის გვირგვინი და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. მათ შორის: წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის საიმპერატორო გვირგვინით (1865); წმ. ანას მე-2 ხარისხის (1874); წმ. ვლადიმირის III ხარისხის (1878); წმ. სტანისლავის I ხარისხის (1891) და სხვა. უკანასკნელი ჯილდო რომელიც მან მიიღო იყო წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (1899).

გიორგი თუმანიშვილს სამხედრო-საინჟინრო საქმეში დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი ჰქონდა. იგი ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა კომისიებში მესანგრეთა ბატალიონებისთვის ზოგადი წესების შემუშავებისა და გამოცემისთვის. აქტიურად თანამშრომლობდა და ხშირად აქვეყნებდა წერილებს სამხედრო-საინჟინრო ხასიათის ჟურნალებში. მისი ნაბეჭდი ნაშრომებიდან ყველაზე ცნობილია წიგნაკი: «Справочная книжка по полевой фортификации для сапёрных офицеров». ამ საცნობარო ბროშურამ მრავალ გამოცემას გაუძლო და  და დიდი ხნის მანძილზე სამხედრო სამინისტროს ოფიციალურ ცნობარად ითვლებოდა.

სამხედროები იყვნენ გიორგი იასეს ძის ძმა და შვილიც - ინჟინერ-გენერალი ნიკოლოზ იასეს ძე თუმანიშვილი და გენერალ-მაიორი გიორგი გიორგის ძე თუმანიშვილი.

წყარო:

1. Г о г и т и д з е М., Грузинский генералитет (1699–1921). - Киев, 2001.

2. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.119-120

3. https://ru.wikipedia.org/wiki//Туманов,_Георгий_Евсеевич

4. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_თუმანიშვილი_(სამხედრო) 


გააზიარე: