The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თეონა ჩხეიძე

თეონა ჩხეიძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

„ზოგიერთი ვირტუოზად მიჩნეული მუსიკოსი, თეონა გუბბა-ჩხეიძის მოსმენისას, ალბათ განცვიფრებასა და გაოცებისგან დაითრგუნება. მისი დაკვრის ინტერპრეტაცია და საოცრად შთამბეჭდავი ტექნიკური სრულყოფილება, რომელიც თითქოს არანაირ ძალისხმევას არ წარმოადგენს, იყო ბაროკო-ვიოლინოს ბგერისა და ვირტუოზული შესრულების ნამდვილი ზეიმი“, - ამ სიტყვებით ეხმიანება გერმანული პრესა -  „მიუნხენის მერკური“, თეონა გუბბა-ჩხეიძის კონცერტს.

ქართველი მევიოლინე თეონა გუბბა-ჩხეიძე დაიბადა თბილისში, 1970-იანი წლების დასაწყისში. მისი  ოჯახი საქართველოში საკმაოდ ცნობილია. ის რეჟისორ თემურ ჩხეიძის ქალიშვილი და მსახიობ ეკა ჩხეიძის დაა. თავად თეონას კი ქართველი საზოგადოება ლეგენდარულ ანსამბლ „მზიურის“ მესამე თაობიდან იცნობს.

თეონას დედა - ლალი გურგენიძე, მევიოლინეა და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.

28-ე მუსიკალურ სასწავლებელში ასწავლიდა, შემდეგ ამავე სამუსიკო სკოლის სიმებიანი საკრავების განყოფილების გამგე იყო და კონსერვატორიაშიც მუშაობდა კონცერტმეისტერად. სწორედ, მან დააწყებინა შვილს ვიოლინოზე დაკვრა. 8 წლის ასაკში კი მუსიკალურ ათწლედში შეიყვანა პედაგოგ კოტე ვარდელის კლასში.

კონსტანტინე ვარდელი არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ - ქართული კლასიკური მუსიკის კორიფე, სახელმწიფო კვარტეტის პირველი ვიოლინო. „მზიურში“ თეონა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხვდა და იქ  არაჩვეულებრივი ბავშვობა გაატარა. ის თვლის, რომ დედამ, კოტე ვარდელმა და  „მზიურის“ ხელმძღვანელმა გურამ ჯაიანმა განსაკუთრებული კვალი დაატყვეს მის შემოქმედებით ზრდას.

1990-იან წლები ყველასთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო. თეონა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლობდა, როცა მისი პედაგოგი, კოტე ვარდელი გერმანიაში წავიდა ლიანა ისაკაძის მიწვევით და მის ორკესტრს შეუერთდა. 1994 წელს თეონაც გაემგზავრა გერმანიაში. მანამდე ერთი სემესტრი პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორთან, მიხაილ განტვარგთან დადიოდა გაკვეთილებზე, მაგრამ შემდეგ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ამჯობინა

1995 წელს ჩააბარა მიუნხენის კონსერვატორიაში (Hochschule). სწავლის დასრულების შემდეგ კი რამდენიმე წელი ლიანა ისაკაძის ორკესტრში უკრავდა.

2015 წელს, მიუნხენის კონსერვატორიის (University of Music and Performing Arts Munich) ორი დიპლომის და ორკესტრში მუშაობის მიუხედავად, ყველაფერს დაემშვიდობა, პროფილი შეიცვალა და ახალი პროფესიული ცხოვრება დაიწყო. ისევ ჩააბარა მიუნხენის  კონსერვატორიაში Mmus Master of Music in Historical Performance Practice (main subject: Baroque Violin)-ზე და თავიდან დაიწყო სწავლა.

2018 წელს სასწავლებლის საუკეთესო ნიშნებით დამთავრების შემდეგ დაიწყო ისტორიული ინსტრუმენტებითა და ნოტებით დაკვრა, რასაც ისტორიული შესრულება ჰქვია.

ბაროკოს ეპოქაში, რაც უფრო ძველი იყო მუსიკა, მით უფრო მეტი იყო დამოკიდებული შემსრულებელზე. „მივხვდი, რომ ეს არის ჩემი - სულ სხვანაირად დავიწყე დაკვრა. არ ხარ მიჯაჭვული იმაზე, რაც წერია. ბაროკო მუსიკაში, ძალიან ბევრი იმპროვიზაციაა, ანუ თავად აკეთებ იმპროვიზაციას, თავისებურად ქმნი. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც უნდა დაიცვა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როცა შენ თვითონ ქმნი მუსიკას, თან ყოველ ჯერზე, სხვადასხვაგვარად უკრავ - სხვა მიდგომა გაქვს, მასთან ერთად, მეტი ხალისი გაქვს. თან, კითხულობ ისტორიულ ნოტებს, ან ტრაქტატებს, როგორც უნდა დაუკრა და იმის მიხედვით, სხვადასხვა ნაწარმოებს უკრავ - შენც, ავტორი ხარ“. - აღნიშნავს თეონა ჩხეიძე.

ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტი იყო, როცა ინსტიტუტის მმართველმა საკუთარ ანსამბლში მიიღო და ერთდროულად მიუნხენის რამდენიმე ანსამბლის წევრი გახდა. ჰქონდა საშუალება, გაევლო არაერთი საინტერესო მუსიკოსის მასტერკლასი. ამავე დროს Concerto de Bassus-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი კონცერტმეისტერია. ეს ანსამბლი ინგოლშტატშია. 25-ზე მეტი დისკი აქვთ გამოშვებული.

კონცერტმეისტერის ამპლუაში სხვა ორკესტრებშიც ხშირად მოღვაწეობს. ისეთ ანსამბლებთან თანამშრომლობს, როგორიცაა მიუნხენის ანსამბლები - „პერა, „ფენიქს მუნიქ“, „კონჩერტო მიუნხენ“, აუგსბურგის ძველი მუსიკის ფორუმი (FAMA); არის Bach Consort Wien წევრი. უკრავს ანსამბლებში Ars Antiqua Austria და ლეგენდარულ Concentus Musicus Wien-ში, რომელმაც ვენის სახელმწიფო ოპერაში განახორციელა ბაროკო ოპერის “L’incoronazione di Poppea ” პროექტი.

2018 წელს მიიწვიეს „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიაში“. მათ ორკესტრთან ერთად ორი თვე გაატარა ვენაში. „მუსიკის დედაქალაქი“ იმდენად მოეწონა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა. კონცერტების გამო ძალიან ბევრს მოგზაურობს, მაგრამ სახლი ვენაში აქვს.

თეონა ჩხეიძის მეუღლეა დოქტორი ჰანს იოახიმ გუბბა. პროფესიით ექიმია - ორთოპედი. ერთმანეთი 2003 წელს საქართველოში გაიცნეს. ჰანსი გერმანელების დიდ ჯგუფთან ერთად იყო ჩამოსული და ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრის კონცერტს ესწრებოდა. თეონა თარჯიმნობას უწევდა და სწორედ მაშინ დაახლოვდნენ. ჯვარი 2006 წელს ანჩისხატში დაიწერეს, თუმცა ბეჭდებზე „2003 წლის აპრილი“ აქვთ ამოტვიფრული.

რამდენიმე ხნის წინ, გერმანული გაზეთი „donaukurie“, თეონა გუბბა-ჩხეიძის ერთ-ერთი კონცერტის შესახებ წერდა: „სტაკატო-ოვაციები, დამაგვირგვინებელი აკორდი იყო, კვირას, ნოიბურგის სასახლის ეკლესიაში გამართული კონცერტისა. კონცერტის, რომელმაც ღირსეულად და ბრწყინვალედ გააგრძელა ნოიბურგის არც თუ ისე უმნიშვნელო ბაროკო მუსიკის ტრადიცია. „კონჩერტო დე ბასსუს“ შესაძლოა ინგოლშტადტის საზღვრებს გარეთ სახელგანთქმულობით ჯერ-ჯერობით არ სარგებლობს, მაგრამ ვისაც თეონა გუბბა-ჩხეიძის ნახვა-მოსმენა სურს, უნდა იჩქაროს“. 

თეონა საქართველოში ხშირად ჩამოდის, მაგრამ როგორც შემოქმედი ქართველმა მაყურებელმა, პირველად, 2019 წელს გაიცნო – როცა კოტე ვარდელის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე დაუკრა. კონცერტი ნიკა რაჭველის დირიჟორობით გაიმართა და მომავლის გეგმებიც დასახეს, მაგრამ მათ განხორციელებას პანდემიამ შეუშალა ხელი. თუმცა თეონა სადაც არ უნდა იყოს საქართველოსთან შინაგან კავშირს მუდამ გრძნობს. ეს კარგად ჩანს მის აღიარებაში: „ ყოველთვის მეამაყება ვენის სახელმწიფო ოპერის სცენაზე ქართველი მომღერლების ნახვა და მოსმენა. მე კი პირველი ქართველი მევიოლინე აღმოვჩნდი, ვინც ვენის ოპერაში დაუკრა. ყოველთვის ჩემი პირადი ინტერპრეტაციის ძიებაში ვარ და სხვებსაც ამას ვეტყოდი: ყოველთვის ეძებეთ თქვენი!“.

წყარო:

1. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268458313

2. http://95.111.232.178/news/1582571259-დღესეპოქადან-ვენამდე

3. https://speech.ge/khelovneba/theona-gubba-chkheidze-mevioline-avstria-germania/


გააზიარე: