The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე სტეფანეს ძე გურიელი

დაბადების თარიღი:1770
გარდაცვ. თარიღი:1818  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ივანე გურიელი (გურიალოვი) დაიბადა 1770 წელს ბელორუსიის ქალაქ მოგილიოვში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში. იყო გურიის მთავრის, ქაიხოსრო III გურიელის შვილიშვილი და  რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–მაიორის, სტეფანე გურიელის ვაჟი.

ბაბუისა და მამის მსგავსად ივანე გურიელიც რუსეთის იმპერიის არმიის ოფიცერი გახლდათ. 1780 წელს ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში; 1782 წელს, 12 წლის ასაკში გახდა პრაპორშჩიკი; 1786 წელს გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში.

1787-1791 წწ. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომში; 1789 წელს გაიკურსთან და სალკუცთან (მოლდავეთი) ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის პორუჩიკის წოდება მიენიჭა; 1790 წელს ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით იბრძოდა ბერლიტთან, გალაცთან, ტარგუსთან, რიმნიკთან და სხვა ბრძოლებში.

1791 წლის 11 დეკემბერს რიმნიკთან ბრძოლის შემდეგ მიიღო კაპიტნობა, სეკუნდ-მაიორის წოდება და სხვა ჯილდოები; 1791 წლის 18 ივნისს თავი გამოიჩინა მაჩინთან ბრძოლაში; 1792-94 წლებში, კვლავ სუვოროვის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, კერძოდ, 1792 წლის 7 ივნისს დუბიანკასთან, 1794 წლის 23 მაისს ლიპკასთან და სლონიმთან ბრძოლებში; 24 დეკემბერს - პრაღის იერიშით აღებაში; 26 დეკემბერს თავისი შენაერთით შევიდა ვარშავაში; ამ ბრძოლებში გამოვლენილი სიმამაცისთვის მიიღო პრემიერ-მაიორობა.

მომდევნო წლებში ივანე გურიელი მსახურობდა ფანაგორიის გრენადერთა პოლკში; 1799 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება; 1803 წელს 33 წლის ასაკში გახდა გენერალ-მაიორი და ვოლინის ქვეითთა პოლკის უფროსად დაინიშნა.

1803-1812 წლებში სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი იყო და ასაკოვან მამასთან ერთად ცხოვრობდა საკუთარ მამულში, მოგილიოვის გუბერნიაში.

1812 წელს სამამულო ომის დაწყებისთანავე დაბრუნდა სამხედრო სამსახურში და სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის ფეხოსანთა პოლკს. მონაწილეობდა საფრანგეთ-რუსეთის ომის თითქმის ყველა ბრძოლაში: რომანოვთან (2 ივლისი), ოსტრავის (13 ივლისი), კაკუვაჩინის (14 ივლისი), მირის (27-28 ივლისი), 8 აგვისტოს სმოლენსკთან, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში; 26 აგვისტოს ბოროდინოსთან შეტაკების დროს მეთაურობდა 23-ე დივიზიის I ბრიგადას.

ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ დასაჯილდოებელ გენერალთა სიის წარდგენის დროს გენერალ-ფელდმარშალმა მიხეილ კუტუზოვმა ივანე სტეფანეს ძე ასე მოიხსენია: „იგი მამაცი და წინდახედული მეთაურია, სწორედ მან მოიგერია ფრანგული კავალერიის პირველი შეტევა და მტერს დიდი ზიანი მიაყენა“.

ფრანგებთან ომის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის ალექსანდრე I-სგან მიიღო ალმასებით შემკული ოქროს დაშნა წარწერით „მამაცობისთვის“.

რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები 1814 წელს პარიზში შევიდნენ.

ივანე გურიალოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობებში 1813-1814 წლებში. თავი ისახელა პოლონეთსა და საქსონიაში გამართულ ბრძოლებში - ნასაუ, დრეზდენი, ბაუცენი, ლაიფციგი, ლებაუ, ლანტენბერგი, კომბლენცი,მაინცი და სხვა.

მთავარი ბრძოლა კი პარიზის აღებისას გადახდა. ვიდრე ჯარი პარიზს დაიკავებდა, შტურმით აიღო მონმარტრის სიმაღლეები და პარიზში შეიჭრა. თვითმხილველები აღტაცებას ვერ ფარავდნენ ქართველი გენერლის სიმამაცის შემხედვარე, იგი პირველ რიგებში იბრძოდა და თავად მიუძღოდა ჯარისკაცებს ფრანგთა დედაქალაქისკენ.

1814 წელს გენერალ მაიორ ივანე გურიალოვს ერთბაშად სამი ორდენი მიანიჭეს მონმარტრის აღებისთვის – პრუსიული წითელი არწივის II ხარისხის, წმინდა ვლადიმირის და წმინდა გიორგის ორდენები.

გარდა ამ ჯილდოებისა მას მიღებული ჰქონდა წმ. ანას ბრილიანტის, წმ. ვლადიმირისა და წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენები. მის მკერდს პრუსიისა და ავსტრიის ორდენებიც ამშვენებდა.

მისი თანამედროვე დენის დავიდოვი ივანე გურიელს იხსენებს როგორც ბრწყინვალე, უაღრესად განათლებულ პიროვნებას, რომელიც თავისუფლად საუბრობდა რამდენიმე ენაზე და, მიუხედავად ამდენი ბრძოლებისა, არასდროს დაჭრილა.

1816 წლიდან მეთაურობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის 27-ე დივიზიას.

მოულოდნელად გარდაიცვალა 1818 წელს. სამწუხაროდ, მისი დაკრძალვის ადგილი ცნობილი არ არის.

ივანე გურიელი დაქორწინებული იყო ამალია ივანეს ასული სესტრენცევიჩზე. 1802 წელს მათ ეყოლათ ერთადერთი შვილი დარია. რადგან ვაჟი არ ჰყავდათ ივანეს გარდაცვალების შემდეგ მათი გვარი რუსეთში მამრობითი ხაზით აღარ გაგრძელდა.

მისმა ქვრივმა შეიტანა თხოვნა ალექსანდრე I-ის სახელზე, რომ ნება დაერთოთ თავადი გურიელების გვარი და ტიტული გადასულიყო მის სიძეზე, პოლკოვნიკ ფრომანდიერზე. მინისტრთა კომიტეტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან გურიელების გვარი საქართველოში წარმატებით ვითარდებოდა.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_გურიელი

2. საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.218

3. https://nobility.pro/ru/statya/31-gurieli-ivan-stepanovich.html 

 


გააზიარე: