The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ქაიხოსრო გურიელი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1751
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მამია III გურიელის ვაჟი, ქაიხოსრო III გურიელი მთავრად გახდომამდე ბერად იყო შემდგარი. 1716 წელს დედის, ელენე აბაშიძის ხელშეწყობით, ხელისუფლება წაართვა უფროს ძმას, გიორგი IV გურიელს, რომელმაც ოსმალების დახმარებით დაიბრუნა ტახტი 1717 წელს.

ქაიხოსრო დედასთან ერთად ქართლის სამეფოს შეეხიზნა (მისი პაპიდა, თუთა, ვახტანგ VI-ის დედა იყო). 1724 წელს ოჯახით ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გაემგზავრა  და საქართველოში აღარც დაბრუნებულა. მას თან ახლდა სამი აზნაური და ოთხი მსახური. რუსეთში დაიბადნენ მისი ვაჟი სტეფანე გურიელი და შვილიშვილი ივანე გურიელი, რომლებიც რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორები გახდნენ.

ქაიხოსრო გურიელი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში ჩადგა. 1738 წელს ჩაირიცხა ქართველ ჰუსართა ასეულში პორუჩიკის წოდებით, 1741 წლიდან გახდა ასეულის მეთაური. მთავრობისგან მიიღო მამული უკრაინაში (პოლტავის გუბერნიაში) და 35 კომლი ყმა.

1741 წელს ჰუსართა ასეულის ბაზაზე შეიქმნა ჰუსართა პოლკი და ქაიხოსრო გურიელი გახდა მისი მეთაური პოდპოლკოვნიკის ჩინით. 1741-1743 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში. 1742 წლის სექტემბერში, გენერალ-ფელდმარშალ ლასის ბრძანებით, პოლკი წაიყვანა ფრონტიდან უკრაინაში.

ჰუსართა პოლკმა ქაიხოსრო გურიელის ხელმძღვანელობით თავი გამოიჩინა რუსეთ-თურქეთის ომებში.

ბოლოს მისი გვარი 1747 წელს მოიხსენიება, როდესაც ის ქართველ პოეტს დავით გურამიშვილს დახასიათებას აძლევს, რათა ამ უკანასკნელს პორუჩიკის წოდება მიენიჭოს.

1751 წელს ქაიხოსრო III გურიელი თადარიგში გავიდა. როგორც ჩანს მალევე გარდაიცვალა. სამწუხაროდ დაკრძალვის ადგილი უცნობია.

იმ დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ქაიხოსრო (ქრისტეფორე მატვეის ძე) გურიელს და მის შთამიმავლობას რუსეთში მოიხსენიებენ  გურიალოვებად.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Кайхосро_III_Гуриели

2. https://www.wikiwand.com/ka/ქაიხოსრო III გურიელი


გააზიარე: