შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ინანო მუშკუდიანი![]()
ბიოგრაფიაიტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი ინანო მუშკუდიანი დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. დედა - მსახიობი ეკა ჩხეიძე, ბაბუა - რეჟისორი თემურ ჩხეიძე, დიდი ბებია - მსახიობი მედეა ჩახავა. მამა -არქიტექტორი ლევან მუშკუდიანი, ბაბუა მამის მხრიდან -საოპერო მომღერალი და კინომსახიობი თენგიზ მუშკუდიანი. ბავშვობაში ინანოს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ დედა წავიდა წინააღმდეგი. მანაც დაუჯერა და ბიზნესის განხრით გადაწყვიტა სწავლა. კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა ოპერა დიზაინში. ეს შპს ცნობილი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მსოფლიო მასშტაბის ფირმებისგან სთავაზობს მომხმარებელს ავეჯს, განათებებსა და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარებს. სამსახურიდან ინანოს ხშირად უხდებოდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგი შედგა შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, კომპანიაში ,,ვიტრა”, რომელიც ავეჯის და განათებების ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. აქ ნახა პირველად, თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია... ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. საბედნიეროდ კარგად ხატავდა. შესაბამისი სასწავლებელი დიდხანს ეძება და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე, რომში. ინანო სწავლის დაწყებისთანავე მიხვდა, რომ არ შემცდარა და ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გააკეთებდა. ერთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის დირექტორმა, ფილიპო პერნისკომ, დარჩენა შესთავაზა, რომ ბაკალავრის დიპლომი აეღო, რაც ორი კურსის ერთდროულად გავლას ნიშნავდა. სირთულის მიუხედავად, ინანომ წარმატებით გაიარა ორი წლის პროგრამა ერთ წელიწადში. სადიპლომო პროექტის დასაცავად კი გააკეთა კულტურული ცენტრი მუხრანის სასახლეში, სადაც გალერეა, საკონცერტო დარბაზი, დიდი ბიბლიოთეკა და ხელოვნების სკოლა იყო განთავსებული. დისერტაციის დაცვის შემდეგ ინანო საქართველოში დაბრუნდა და მამასთან ერთად დაიწყო რესტორან ბერნის პროექტზე მუშაობა. ამ პერიოდში ინტერნეტში შემთხვევით წააწყდა მილანის ყველაზე ცნობილი დიზაინის უნივერსიტეტის, ,,ნაბა”-ს დაფინანსების პროგრამას. გამარჯვების დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გარისკა და ნამუშევრები გააგზავნა. საბედნიეროდ გაუმართლა. 100%-იანი დაფინანსებით პირველ ადგილზე გავიდა და მილანის ინდუსტრიული დიზაინის მაგისტრატურაზე მოხვდა. აქედან დაიწყო ინანო მუშკუდიანის ძალიან დიდი პროფესიული განვითარება და ზოგადად გემოვნების, სტილის და შეხედულებების ჩამოყალიბება. მაგისტრატურის პარალელურად, მუშაობდა რამდენიმე დიზაინის სტუდიაში, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ სტილით და მიდგომით. ეს ალბათ ერთგვარი ექსპერიმენტი იყო საკუთარი თავისთვის, რომ უკეთ მიმხვდარიყო თუ რისი კეთება უფრო ააინტერესებდა და გამოსდიოდა. მაგისტრატურის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გააფორმა კონტრაქტი ჯგუფთან ,,პიზა”. ეს კომპანია მოიცავს არაერთ ბრენდს სამკაულებისა და საათების წარმოებაში. უამრავი მაღაზია და შოურუმი აქვთ მილანში. ინანოს უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერისა და ავეჯის დიზაინს უკეთებდა ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის ,,როლექსი”, ,, ვაშერონ კონსტანტინი”, ,,პატეკ ფილიპი”, ,,დე გრიზოგონო”, ,,უბლო” და ა.შ. გარდა კონცეფციებზე მუშაობისა, ახალგაზრდა დიზაინერს მშენებლობის ზედამხედველობა და პროექტის მენეჯმენტიც ებარა, რაც ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვდა, მაგრამ ამასთანავე დიდი გამოცდილება, ცოდნა და უნარი შესძინა. მოგვიანებით, ნაბას უნივერსიტეტში, მაგისტრატურის კურსზე, ლექციების კითხვაც დაიწყო ბრენდ დიზაინის განხრით. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი გამოდგა მის ცხოვრებაში. ინანო ამბობს, რომ საკუთარი მიდგომა დიზაინის მიმართ ყოველთვის უფრო არტისტული პროექტების კეთება იყო, ვიდრე პრაქტიკულის. ამან გადააწყვეტინა პროფესიული თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული მიდგომის სტუდიისთვის ემუშავა. გამბედაობა მოიკრიბა, გასაუბრებაზე გავიდა და მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან. დე კოტის სტუდია ყველასგან რადიკალურად განსხვავებულია, რადგან თავად ვინჩენცო დე კოტისის ყველა არქიტექტურული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშივითაა. სტუდიას მსოფლიოში საუკეთესო დიზაინის სტუდიის ჯილდოც აქვს მიღებული. ინანო სტუდიაში ბევრ სხვადასხვა საქმეს აკეთებს. არის პროექტები, რომლებსაც თავად ხელმძღვანელობს, რაც პროექტის მენეჯმენტის გარდა, ტექნიკურ ნახაზებს და ვიზუალიზაციებსაც მოიცავს. არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პროექტისთვის ავეჯი და განათებებია შესაქმნელი, შესაბამისად პერიოდულად სახელოსნოში, ვინჩენცო დე კოტისთან ერთად მუშაობს. მისგან სწავლობს სხვადასხვა მასალაზე მუშაობის ტექნიკას, მონაწილეობს ექსპერიმენტებში და შედეგით ძალიან კმაყოფილია. წყარო:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |