The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი რევაზის ძე ერისთავი

გიორგი რევაზის ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1812
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1891  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ოძისი, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1881), გიორგი რევაზის (რომანოზის) ძე ერისთავი ქსნის ერისთავების შთამომავალია. იგი გახლავთ ქსნის უკანასკნელი ერისთავის, გიორგი ყულარაღასის უფროსი ვაჟის - რომანოზის შვილი. დედამისი, ანასტასია (1763-1838) ერეკლე II-ის ასული იყო.

გიორგი რომანის ძე დაიბადა 1812 წლის 12 თებერვალს, სოფელ ოძისში (ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი). 1822 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. 1825 წელს სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში წავიდა, სადაც გვარდიის პრაპორჩიკთა და იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა.

1829 წლიდან არმიაში მსახურობდა. 1830 წელს მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. მიიღო კორნეტის ჩინი.

1832 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეთქმულებას მიემხრო. შეთქმულების გაცემის შემდეგ დააპატიმრეს. საგამომძიებო კომისიამ იგი არ ჩათვალა შეთქმულების აქტიურ მონაწილედ და ადმინისტრაციული წესით არხანგელსკის გარნიზონში გაამწესა.

1835 წელს ახტირსკის ჰუსართა პოლკში გადაიყვანეს. 1840 წელს სამშობლოში დაბრუნდა კაპიტნის ჩინით და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ჩაირიცხა.

1849-1852 წლებში კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო. ამ ფაქტის გამო გიორგი ერისთავს იხსენიებენ „ატამანის“ სახელითაც.

1850 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1858-1861 წლებში იყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და გუბერნიის ჯარების სარდალი. 1858 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1861 წლიდან მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან.

ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო - წმ. ანას, წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. სტანისლავის, თეთრი არწივის, წმ. ვლადიმირის და წმ. ანდრია პირველწოდებულის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

გიორგი ერისთავმა1844 წელს იქორწინა ანა ივანეს ასულ არგუტინსკაია-დოლგორუკოვაზე (არღუთაშვილი-მხარგრძელი). იმავე წელს შეეძინათ ერთადერთი ვაჟი - ზაქარია (1844—1912).

გიორგი რომანის ძე თავისი ქვეყნის დიდი მოამაგე და პატრიოტი იყო. მას ქართველების დაცემა-დაკნინების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საზოგადოების უსწავლებლობა და უმეცრება მიაჩნდა. მისი თაოსნობით ღარიბ მოსწავლეთათვის დაარსდა სათავადაზნაურო სასწავლებელი, რომელიც მომავალში სათავადაზნაურო სკოლის დამატება უნდა გამხდარიყო.

თავის ვაჟსაც ქვეყნის მოჭირნახულე მამულიშვილად ზრდიდა. ზაქარიამ თბილისში მიღებული საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული განყოფილება დაამთავრა. სამშობლოში მომრიგებელი შუამავლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა და ათი წლის განმავლობაში მედგრად იცავდა ბატონყმობისგან განთავისუფლებულ დროებით ვალდებული გლეხების უფლებებს. 1874 წელს სოფელ ოძისში გახსნა სასოფლო ბანკი, რომლის მიზანი იყო დახმარება გაეწია გლეხებისთვის კრედიტის სახით, რისთვისაც დიდი თანხა გაიღო. 

გიორგიმ თავის შვილს უანდერძა საგვარეულო მამული სოფ. ოძისში (დუშეთის მაზრა) სამეურნეო სასწავლებლის ან სამაგალითო ფერმის დასაარსებლად.

გენერალმა გიორგი ერისთავმა დიდი ამაგი დასდო მშობლიური ისტორიის შესწავლას. ცნობილ ისტორიკოს დ. ბაქრაძეს, რომელთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მან მნიშვნელოვანი ფულადი დახმარება გაუწია ვახუშტი ბატონიშვილის შრომათა დასაბეჭდად და გამოსაცემად.

გიორგი რომანის ძე ერისთავის ქუთაისში მოღვაწეობის დროს ხშირად იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები. მშობლიური კუთხის მოსახლეობა მას ხეობის მამას, უფროს ძმას, ღვთიურ კაცს უწოდებდა. მისი თაოსნობით ქსნის ხეობის სოფ. მონასტერში აღადგინეს ღვთისმშობლის ეკლესია, სოფ. ახალგორში დაარსდა სახალხო სასწავლებელი.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გიორგი რომანის ძე იყო კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის განკარგულებაში. ცხოვრობდა გორში. გარდაიცვალა 1891 წლის 5 ნოემბერს. 

მადლიერმა თანამემამულეებმა მისი ნეშტი თბილისიდან საგვარეულო მამულში, სოფ. ოძისში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59

2. https://mematiane.ge/product-details.php?id=4037&lang=ru Эристов (Эристави) Георгий Романович (1812–1891 

3. ქენქაძე ვიტალი. გიორგი რომანოზის ძე (ატამანი) და ზაქარია გიორგის ძე ერისთავები // ქენქაძე ვიტალი. ქსნის ერისთავების საქართველო. თბილისი, 2016.- გვ. 208-224



გააზიარე: