The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი იესეს ძე ერისთავი

გიორგი იესეს ძე ერისთავი
დაბადების თარიღი:1769
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1863  (94 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:იკორთის ეკლესია, ერედვის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქსნის ერისთავთა შთამომავალი გიორგი იესეს ძე ერისთავი დაიბადა 1769 წელს, გორში. 

გიორგი იესეს ძე არის პოეტ იესე დავითის ძე ერისთავის შვილიშვილი და იესე იესეს ძის შვილი, რომელიც ცნობილია კიდევ სახელით - აღაბაბა. ამიტომ გიორგი ერისთავს ზოგჯერ მოიხსენიებენ აღაბაბიშვილად. დედა იყო  მარიამ (მაია) იესეს ასული ამილახვარი. ოჯახმა იზრუნა, რომ ყმაწვილს, როგორც წარჩინებული საგვარეულოს შვილს, საფუძვლიანი განათლება მიეღო.

გიორგი იასეს ძე შედიოდა გიორგი XII-ის მიერ რუსეთში გაგზავნილი იმ დეპუტაციის შემაგენლობაში, რომელსაც იმპერატორ პაველე I-ისთვის უნდა ეთხოვა საქართველოს რუსეთის მფარველობაში მიღება.

სამეფო კარზე გიორგი ერისთავს სარდლის თანამდებობა ეჭირა. მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795); ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ, 1802 წელს, გიორგი ერისთავი შევიდა რუსეთის სამოქალაქო სამსახურში, მიიღო „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა იმპერიას. იმავე წლის ბოლოს გადაიყვანეს არმიაში, სადაც პოდპოლკოვნიკის ჩინით ჩაირიცხა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში.

პირველ სამხედრო წარმატებას რუსეთის მუნდირით ჯერ კიდევ 1803 წელს მიაღწია.  მონაწილეობდა ჭარ-ბელაქნიდან ლეკების გამუდმებული თავდასხმების აღკვეთის საწინააღმდეგო საბრძოლო ოპერაციებში. მეთაურობდა მილიციის 5 ათას კაციან რაზმს. 1807 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება.

1808 წლიდან მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1804-1813). იყო პოლკის მეთაური. თავდადებული სამსახურისათვის 1812 წლის 23 დეკემბერს გენერალ მაიორის ჩინში აამაღლეს.

1814 წელს დაინიშნა საქართველოში განლაგებული რუსული მე-19 დივიზიის I ბრიგადის მეთაურად.

1826 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი და დანიშნეს 21-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ირანის ომში (1826-1828); 1828-1829 წწ. იბრძოდა კავკასიაში თურქეთის წინააღმდეგ.

1830 წელს გიორგი ერისთავმა კავკასია დატოვა და მოსკოვში გადავიდა, სადაც მიიღო სენატორის წოდება; სამხედრო სამსახურისათვის თავის დანებების შემდეგ გიორგი იასეს ძე გორის მაზრაში დასახლდა. სოფ. ატენში ჰქონია სამკვიდრო, ამიტომ „ატენის ბატონადაც“ მოიხსენიებდნენ ხოლმე. აურაცხელი მამულებისა და გლეხების პატრონი ყოფილა. იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საშინაო თუ საგარეო ცხოვრებაში, მეგობრობდა რა ვორონცოვთან, მის გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ წყდებოდა. ქართული თავადაზნაურობა მას „დიდ კნიაზსაც“ ეძახდა

1846 წელს ღვაწლმოსილ მოხუცს უმაღლესი სამხედრო ჩინი, ინფანტერიის გენერლობა უბოძეს და თავადაზნაურობის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს.

1861 წლის 19 თებერვლის გლეხთა გათავისუფლების მანიფესტის გამო აღელვებული თავადაზნაურობა სწორედ გენერალ ერისთავს დაუშოშმინებია, მას გლეხების მხარე დაუჭერია. ამავე წელს, როდესაც იმპერატორი ალექსანდრე II ქუთაისს სტუმრობდა, მან გიორგი ერისთავს წარსული დამსახურებებისათვის საკუთარი ხელით დააბნია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი.

სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურში დამსახურებისათვის გიორგი ერისთავს მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული: წმ. ვლადიმერის I, II და III  ხარისხის ორდენები (1808, 1830);წმ. ანას I, II და III  ხარისხის ორდენები (ალმასებით, ბრილიანტებით) (1808, 1814, 1822, 1827); წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (1803); წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი (1827) და სხვ.;

გიორგი ერისთავს ცოლად ჰყავდა ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ასული - გაიანე. ისინი 1794 წელს დაქორწინდნენ. მათი ვაჟი, პოლკოვნიკი ზაქარია ერისთავი (1814-1850) კავკასიაში ლეკებთან ბრძოლისას დაიღუპა; სამი ქალიშვილი ჰყავდათ - ქეთევანი, ანა (თუთა) და მარიამი;

გიორგი იასეს ძე ერისთავი გარდაიცვალა 1863 წლის 3 ნოემბერს გორში. დაკრძალულია იკორთის ეკლესიაში, საგვარეულო სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.56

2. https://ka.wikipedia.org › wiki › გიორგი_ერისთავი

3. https://ru.wikipedia.org/ Эристов, Георгий Евсеевич 

 


გააზიარე: